Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ - რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე


 იაკობ მამულია, კესარია აბრამიძის მეგობარი
იაკობ მამულია, კესარია აბრამიძის მეგობარი

მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი, მისი ყოფილი პროდიუსერი იაკობ მამულია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კესოს ბოლოს ორი დღის წინ ელაპარაკა. დროში სხვაობის გამო ხანგრძლივი საუბარი ვერ მოასწრეს, თუმცა იაკობ მამულია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ კესომ ურთიერთობა აღადგინა პარტნიორთან, რომელთანაც ძალადობისა და მუქარის გამო დაშორებული იყო.

ვიცი, რომ [მკვლელობაში ბრალდებულმა] კესოს გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაიწყო ეჭვიანობა. ჩვენ, მისი ყველა მეგობარი, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავით, როცა გამოვლინდა, რომ იყო ეჭვიანი მოძალადე.

გაზაფხულზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანი დემონსტრანტების ცემაში მონაწილეობდა („აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები თბილისში აპრილ-მაისში მიმდინარეობდა - რ.თ.) ამ ფაქტის მერე კესო ძალიან გაერიდა, არ უნდოდა გაეგოთ, რომ ასეთ მოძალადე ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. გარკვეული პერიოდი თურქეთში იყო წასული, იქაც ემუქრებოდა.

რომ ჩამოვიდა, სახლში რამდენჯერმე მიუვარდა. თვითონ კესო არ იყო სახლში და მეზობლებმა დაინახეს, როგორ ანგრევდა კარს. არ ვიცი როგორ დაემართა, ასეთი გამოცდილი იყო, თავსაც იცავდა. თვითონ კი ასე ფუთავდა, რომ ეს იყო ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ ალბათ ტოქსიკურზე მეტი იყო, ბოლო ფაქტი რომ მომიყვა. მაგის მერე პარასკევს ვესაუბრე და მაშინ მითხრა, დავასრულე ურთიერთობაო. მერე გუშინწინ (17 სექტემბერს) ისევ მისულა სახლში და მე რომ გავიგე ეს ამბავი, შევედი მის გვერდზე და ვნახე ეს დადებული სტორი, მივხვდი, რომ ისევ ერთად იყვნენ“, - ამბობს იაკობ მამულია. ის გულისხმობს კესარია აბრამიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელშიც ის, სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ჩანს.

იაკობ მამულია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, კესარია თავის მიმართ მუქარისა და ძალადობის შესახებ პოლიციას არ ატყობინებდა „შიშის გამო“. შსს-ში რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ უწყებისთვის კესარია აბრამიძეს არ მიუმართავს.

„ის [კესარია] არის, ცალსახად, ქვეყანაში ძალადობის წახალისების მსხვერპლი“, - ამბობს მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი.

მისი თქმით, გამომძიებლები მას ჯერჯერობით არ დაჰკავშირებიან.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი მის სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით - გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ქუთაისთან, აეროპორტის სიახლოვეს, დააკავეს.

„ფორმულამ“, "მთავარმა არხმა" და „TV პირველმა“ გაავრცელეს კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები. მასში, სავარაუდოდ, ის კაცი ჩანს, რომელიც უკვე დაკავებულია. ამ კადრების თანახმად, მან კორპუსი შესვლიდან 14 წუთში დატოვა.

კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და მან მომხდარს უწოდა „საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა!"

"ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება მკაცრი უნდა იყოს.

მომხდარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანიც გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარაუდობს, რომ აბრამიძე პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი.

„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ერთხმად, მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატთა შორის იყო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანიც.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადება გაავრცელეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. მათ დაგმეს სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში. ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის“, - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან.

ლგბტქ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში გენდერული კუთვნილების ნიშნით მოკლეს:

საბი ბერიანი – 2014 წლის 10 ნოემბერი;

ბიანკა შიგუროვა – 2016 წლის 4 თებერვალი;

ზიზი შეყილაძე – 2016 წლის 22 ნოემბერი;

ლიკა კონცელიძე – 2018 წლის 19 ივლისი;

ლიზა ქისტაური – 2023 წლის 6 იანვარი.

"თანასწორობის მოძრაობა" წერს, რომ "ორი დღის წინ მიღებულმა ცენზურისა და სიძულვილის დამწესებელმა კანონმა მთავარ სამიზნედ ლგბტქ თემი, განსაკუთრებით კი ტრანს ადამიანები ამოიღო".

მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყო, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც თავის იდენტობაზე საჯაროდ საუბრობდა.

ის ასევე იყო პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ტრანს მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში. კონკურსი 2018 წელს გაიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG