Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს ამერიკის არმიაზე დიდი ჯარი უნდა


რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი გენერალი ველერი გერასიმოვი და ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო
რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი გენერალი ველერი გერასიმოვი და ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე 16 სექტემბერს გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის განკარგულება რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 1,5 მლნ-მდე გაზრდის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 1 დეკემბრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 180 ათასი ადამიანით (13.6%-ით ანუ 1,32 მლნ-დან 1,5 მლნ-მდე) უნდა გაიზარდოს, ხოლო შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული ადამიანების მთლიანმა რიცხვმა 2 მლნ 389 ათასს უნდა მიაღწიოს.

სამხედრო ექსპერტები არცთუ ირონიის გარეშე შენიშნავენ, რომ ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა რიცხოვნობით გადაასწროს ამერიკის შეერთებული შტატების არმიას, რომელიც ამჟამად 2,1 მილიონ ადამიანს, მათ შორის, 1,3 მლნ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ასეთ ზრდას შეუძლია რუსეთს საშუალება მისცეს, მოქმედი ჯარისკაცების რაოდენობის მხრივ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ინდოეთსაც (1,4 მლნ) გაუსწროს და ჩინეთის (2 მლნ) შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდეს.

ვლადიმირ პუტინმა მსგავსი შინაარსის განკარგულებები 2022 და 2023 წლებშიც გამოსცა, მათ საფუძველზე შტატში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, 12.5% და 14.7%-ით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ზრდის დინამიკა:

  • 2017 წლის ნოემბერი - 1 013 628 ადამიანია
  • 2022 წლის 25 აგვისტო - 1 150 628 ადამიანი
  • 2023 წლის 1 დეკემბერი - 1 320 000 ადამიანი
  • 2024 წლის 1 დეკემბერი - 1 500 000 ადამიანი

სამხედრო ექსპერტების თქმით, პუტინის 16 სექტემბრის განკარგულებას პირდაპირი კავშირი არ აქვს საკონტრაქტო ჯარისკაცების დაქირავებასა და მობილიზაციასთან. „დოკუმენტის მიზანია ხაზინის ხარჯების რეგლამენტირება სამხედრო საშტატო ადგილების შესაბამისად“. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, არ არსებობს სანდო ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი საშტატო ადგილია შევსებული 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ანუ სინამდვილეში (და არა ფიქციურად) რამდენი ადამიანი მსახურობს ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში.

რისთვის სჭირდება 1,5 მლნ-იანი არმია?

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის გაზრდა განპირობებულია იმ საფრთხეებით, რომლებიც რუსეთის შეექმნა საზღვრის მთელ პერიმეტრზე.

„ეს გამოწვეულია უკიდურესად მტრული ვითარებით დასავლეთ საზღვრებზე და არასტაბილურობით აღმოსავლეთ საზღვრებზე, ამიტომ ამგვარი გარემოება მოითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას“, - უთხრა პესკოვმა კრემლში აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თადარიგის გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ ჯარის გაზრდის რაციონალური მიზეზის ნაწილია ახალი სტრუქტურებისა და სამხედრო დანაყოფების შექმნა, რათა ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ გაძლიერდეს უსაფრთხოება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. კარტაპოლოვის თქმით, რუსეთი ასევე შეშფოთებულია იაპონიის მზარდი მილიტარიზაციითა და იქ ამერიკული რაკეტების განლაგების პოტენციური გეგმებით:

ანდრეი კარტაპოლოვი
ანდრეი კარტაპოლოვი

„არმიის რაოდენობის გაზრდა რუსეთს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად უპასუხოს ყოფილი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მომავალ მზარდ საფრთხეებს. ჩვენ გვაქვს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობის ეტაპობრივ ზრდას არსებული საერთაშორისო ვითარებისა და ჩვენი ყოფილი უცხოელი პარტნიორების ქცევის გათვალისწინებით“.

სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომის დაწყების შემდეგ პუტინი მესამედ ზრდის ჯარის რიცხოვნობას, უკავშირდება უკრაინის ფრონტის 1000 კმ-ზე დაგრძელებას, აღმოსავლეთ უკრაინაში წინ წაწევისა და კურსკის რეგიონიდან უკრაინული ძალების განდევნის მცდელობებს, რაც ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული.

კურსკი. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ერთ-ერთი უბანი
კურსკი. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ერთ-ერთი უბანი

ვაშინგტონმა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ჯარის რიცხოვნობის გაზრდის შესახებ "სასოწარკვეთილი ნაბიჯების ნიშანი“ უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, კრემლის რეჟიმი მზად არის გასწიროს დამატებით ასობით ათასი საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე მის მიერვე გაჩაღებული ომის გაგრძელებისთვის.

“რუსეთის ეკონომიკა უკიდურეს დაქვეითებას განიცდის. გარდა ამისა, რუსები უზარმაზარ ფასს იხდიან უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებულ ომში დაღუპულებისა და დაჭრილების სახით”, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ეკონომიკის ომზე მორგება

დმიტრი სტრატიევსკი, პოლიტოლოგი და ბერლინის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი, მიიჩნევს, რომ პუტინის განკარგულება შეიარაღებული ძალების პერსონალის 2 389 000 ადამიანამდე გაზრდის შესახებ, ერთ რამეზე მეტყველებს: „კრემლი არ დაშოშმინდება. პუტინი სერიოზულად და დიდხანს აპირებს ბრძოლას“.

ჯარის რიცხოვნობის გაზრდის გარდა, პოლიტოლოგი მიუთითებს რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებზეც.

„თავდაცვის ხარჯები რუსეთის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის უნდა დარჩეს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 17 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალში უნდა შედიოდეს:

  • თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა
  • უკრაინის ანექსირებული რეგიონების „ინტეგრაცია“
  • მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა
  • სამამულო ეკონომიკის ტექნოლოგიური განვითარება

„მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი ეროვნული პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, ფედერალურ ბიუჯეტში მათი საჭირო ოდენობით ჩართვა, - განაცხადა პუტინმა მინისტრებთან საუბრისას, - სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ამოქმედდეს სტრატეგიული გადაწყვეტილებები საგადასახადო სისტემის დასახვეწად”.

პუტინმა მიანიშნა გადასახადების შესაძლო ზრდაზე როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რამაც, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ბიუჯეტს დამატებით 17 ტრილიონი რუბლი (187 მლრდ დოლარი) უნდა მისცეს მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

2024 წლის რუსეთის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების მოცულობა 10,8 ტრილიონი რუბლია (121 მლრდ $), რაც 60%-ით მეტია 2023 წელს გაწეულ ხარჯებზე და 3-ჯერ აღემატება 2021 წლის (ომამდელ) ხარჯებს.

2024 წლის 16 თებერვალს, ომის ორი წლისთავის შეჯამებისას, ჟურნალ „ფორბსის“ რუსული რედაქცია წერდა, რომ პენტაგონის გათვლებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, 211 მლრდ დოლარამდე დახარჯა უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯების (აღჭურვის, განლაგებისა და უზრუნველყოფის) დასაფინანსებლად.

მობილიზაციასთან კავშირი

პუტინის განკარგულებამ რუსეთში ბევრს აფიქრებინა, რომ ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის გაზრდას მორიგი მობილიზაციის გამოცხადებით აპირებს, თუმცა სამთავრობო პროპაგანდამ მალევე დაიწყო იმის მტკიცება, რომ განკარგულებას არანაირი კავშირი არ აქვს მობილიზაციასთან.

„არ არის საჭირო პანიკა! ვლადიმირ პუტინმა განკარგულებით გაზარდა ჯარი არა იმიტომ, რომ დამატებით 180 ათასი ჯარისკაცის მობილიზება უნდა, არამედ იმიტომ, რომ 180 ათასი დაქირავებული ჯარისკაცით („კონტრაქტნიკით“) უკვე შეივსო არმიის რიგები და ისინი უკვე იბრძვიან თქვენ მაგივრად. სწორედ ეს საკონტრაქტო ჯარისკაცები ჩართეს საშტატო განრიგში. ასე რომ, Ნუ აჰყვებით პანიკას!“ - დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა.

სერგეი მარკოვი
სერგეი მარკოვი

რუსეთის მოქალაქეების დამშვიდება სცადა კიდევ ერთმა რუსმა პროპაგანდისტმა ალექსანდრ კოცმა, რომლის თქმითაც, რუსეთის ხელისუფლებას მობილიზაციის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ აქვს:

„ჩემი აზრით, მობილიზაცია რომ გამოცხადდეს, ამისთვის ნატომ ომი უნდა გამოუცხადოს რუსეთს და ოფიციალურადაც გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა. ჯარის საშტატო განრიგი კი ახლა ფართოვდება ზუსტად იმისთვის, რომ მობილიზაცია არ გამოცხადდეს“.

რუსეთის ჯარის შევსების ძირითადი წყარო ე.წ. კონტრაქტნიკებია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ ნაწილდება რუსეთის არმიის სახმელეთო და საჰაერო სადესანტო ძალებში, შემდეგ კი იგზავნება უკრაინაში საბრძოლველად.

როგორც რუსი პოლიტოლოგები შენიშნავენ, მოსკოვს სჩვევია რეკრუტირების პროცესის გაზვიადება. სამხედრო ანალიტიკოსების გათვლებით, 2023 წელს, რომელიც „მოხალისეების“ მიზიდვის ყველაზე პროდუქტიულ წლად მიიჩნევა, ბიუჯეტის შესრულების მონაცემებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა 345,4 ათასმა ადამიანმა, არადა, რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არმიის რიგები შეივსო 540 ათასით.

2024 წელს სამხედრო სამსახურში მიღების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. I კვარტალში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გაიცა 73,4 ათასი ერთჯერადი ფედერალური სარგებელი, რომელსაც ე.წ. კონტრაქტნიკები იღებენ ხოლმე სამხედრო კონტრაქტების გაფორმებისას.

კრემლს მწვავე რეაქცია ჰქონდა რეკრუტირების შენელებულ ტემპზე, რის გამოც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააორმაგა (195 ათასიდან 400 ათას რუბლამდე) ფედერალური ბიუჯეტიდან ერთჯერადად გადასახდელი თანხის მოცულობა. გეგმების შესრულების სირთულეების გამო იმავეს გაკეთება მოუწიათ რეგიონებსაც. ამ ძალისხმევის შედეგად კვლავ დაჩქარდა რეკრუტირების ტემპი. 2024 წლის II კვარტალში რუსეთის ჯარში 25%-ით მეტი „კონტრაქტნიკი“ იქნა აყვანილი, ვიდრე I კვარტალში. შედეგად, 2024 წლის ექვს თვეში რუსეთის ჯარი 166 ათასი ადამიანით შეივსო.

თუმცა, რუსეთის არმია მაინც განიცდის პირადი შემადგენლობის, განსაკუთრებით ქვეითების დეფიციტს, რაც, სამხედრო ექსპერტების თქმით, განპირობებულია როგორც ფრონტის ხაზის გაფართოებით ხარკოვისა და კურსკის რეგიონებში მიმდინარე ოპერაციების სახით, ასევე დანაკარგების სიჩქარის ზრდით. როგორც ირკვევა, 2024 წლის პირველ ნახევარში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჯერჯერობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, როგორც ჩანს, შედარებით კომფორტულად ახერხებს დანაკარგების შევსებას. თუ დანაკარგების ეს ტემპი შენარჩუნდება, მაშინ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები დახოცილების სახით სავარაუდოდ დაკარგავს 135-140 ათას ადამიანს (52-65 ათასს მხოლოდ 2024 წლის ცხრა თვეში), მძიმედ დაჭრილების სახით კი - 270-420 ათასს (2024 წელს - 104-195 ათასს).

„საკონტრაქტო ჯარისკაცების დაქირავების ტემპი ფარავს ამ დანაკარგებს, მაგრამ ჯარის გასაზრდელად საკმარისი არ არის", - მიაჩნიათ სამხედრო ექსპერტებს, რომელთა თქმითაც, არმიის მკვეთრად გაზრდაში კრემლს ასევე აფერხებს აღჭურვილობისა და ტექნიკის დეფიციტი. ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო დანადგარების უმეტესობა საბჭოთა პერიოდის საწყობებიდანაა გამოტანილი. ცხადია, საბჭოთა ე.წ. ხელუხლებელი რეზერვების მოცულობა შეუზღუდავი არ არის. შესაბამისად, მობილიზაციის გზით არმიის რიცხოვნობის გაზრდა ვერ მოუტანს რუსეთს მყისიერ სარგებელს, თუნდაც წმინდა „ტექნიკური“ თვალსაზრისით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG