Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუტინი შოკში ჩავარდება, ეს რომ გაიგოს" - პრეზიდენტის აგარაკი ვალდაიში და კანალიზაცია


ვალდაის ტბა, რომლის მეორე ნაპირზეც მდებარეობს პუტინის რეზიდენცია
ვალდაის ტბა, რომლის მეორე ნაპირზეც მდებარეობს პუტინის რეზიდენცია

ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვალდაიში ხშირია კომუნალური ავარიები - საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ფეკალიები კი ეროვნული პარკის სტატუსის მქონე ვალდაის ტბაში იღვრება.

ეკოლოგების თქმით, ტბის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. სახელმწიფო კი პრობლემას თავისებურად წყვეტს: ადგილობრივ მცხოვრებლებს საერთოდ აუკრძალეს ეროვნულ პარკში შესვლა, სადაც ვლადიმირ პუტინის რეზიდენცია მდებარეობს.

„ტბა მოგვპარეს“

ველიკი-ნოვგოროდის მხრიდან ქალაქ ვალდაის შესასვლელთან შეგხვდებათ ალაგ-ალაგ დაჟანგებული და საღებავგადაცლილი დიდი რკინაბეტონის სტელა წარწერით "ვალდაი". რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციამდე მიახლოების კვალობაზე მანქანის ნავიგატორის GPS-ს სიგნალი გიჟდება: დანიშნულების ადგილს ხან ტბაში უჩვენებს, ხან ნოვგოროდში, ბოლო კი ქალაქ ოკულოკოვოში გიშვებს.

ქალაქ ვალდაის შესასვლელი
ქალაქ ვალდაის შესასვლელი

პუტინის სახელმწიფო რეზიდენცია ქალაქიდან საპირისპირო მხარეს, ვალდაის ტბის ნაპირზე მდებარეობს. რეზიდენციის შორიახლოს უნდა იყოს აშენებული ხის სახლი ალინა კაბაევასთვის, რომელიც პუტინის ორი შვილის დედა და ეროვნული მედიაჯგუფის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ტბა ამ ადგილებში მიუწვდომელია:

„ნაციონალურ პარკში დადიან მხოლოდ ეგერები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც, მაგალითად, ფოტოხაფანგებს აყენებენ. რადგან ძალიან ბევრი არიან, თუ შეგამჩნიეს, დაგაჯარიმებენ. პუტინის აგარაკის მისასვლელებთან შეიარაღებული დაცვა დგას. თუ მიუახლოვდებით, ის უკან გამოგაბრუნებთ. ისე იქ ხეებზეც არის დაყენებული სათვალთვალო კამერები და რეზიდენციის გარშემო მაღალ, მწვანე ღობეზე, რომლის იქითაც აღმართულ კოშკებზე სნაიპერები სხედან“, - ამბობს ანდრეი, ადგილობრივი მცხოვრები.

ვალდაის ნაციონალური პარკის სქემა
ვალდაის ნაციონალური პარკის სქემა

ფორმალურად აქ ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ბუნებრივი ტერიტორიის დაცვის საგანგებო რეჟიმის გამო.

ვალდაის პარკი, რომლის ფართობიც 36 ათასი ჰექტარია, რამდენიმე დაცულ ზონად იყოფა. ზოგიერთ ზონაში ნებადართულია სამოყვარულო ნადირობა და თევზაობა, ზოგიერთი ითვლება ნაკრძალად, ზოგიერთი კი განსაკუთრებულად დაცული ზონაა.

რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გამოცემა „პროექტმა“გამოაქვეყნა გამოძიება კაბაევას სახლის თაობაზე, 2023 წლის 3 მარტს ნაციონალურ პარკ „ვალდაისკის“ დებულებაში შეიტანეს ცვლილება დაცვის რეჟიმის გამკაცრების შესახებ. ამიტომ დაცული ბუნებრივი ტერიტორიის საზღვრები ტბიდან შორს აღმოჩნდა გადაწეული. საექსკურსიო მარშრუტებს პარკი არ ითვალისწინებს, ხოლო ადმინისტრაცია ტელეფონზე გიპასუხებთ, რომ „მოქალაქეების ყოფნა დაცულ ბუნებრივ ტერიტორიაზე აკრძალულია“.

პუტინისა და კაბაევას რეზიდენციასთან მდებარე წყალში შესვლის აკრძალვა კი ვითომცდა წყლის „ევტროფიკაციის ტემპის შემცირების“ მცდელობით არის გამოწვეული. (წყალში ისეთი რაოდენობის მიკრობების მომრავლება, რაც „წყალმცენარეების“ აქტიურ გამრავლებას განაპირობებს - რედ.).

„რუსეთის ბუნების დაცვის სამინისტროს ბრძანება, რომელსაც ნაციონალური პარკის ადმინისტრაცია ეყრდნობა, სულად არ ნიშნავს ტბის ავტომატურ დახურვას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მახლობლად მდებარეობს კრემლის უმაღლესი ქურუმის რეზიდენცია. ყველა საფუძველია ვივარაუდოთ, რომ ტბა მოიპარეს და ხალხი გამოყარეს სწორედ „მისი უდიდებულესობის“ სიმშვიდის სასარგებლოდ“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები კირილი.

როგორც ბევრი სხვა, ისიც მიიჩნევს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა აქ არაფერ შუაშია, არამედ პუტინი უბრალოდ ცდილობს უფრო და უფრო იზოლირდეს ხალხისგან.

"ეს ფულიც სადღაც გაქრა"

ადგილობრივი აქტივისტები და ეკოლოგები ამბობენ, რომ ვალდაის ტბის პრობლემა არც მეთევზეები არიან და არც ტურისტები. საზოგადოებრივ ნავსადგომთან წყალი ფაქტობრივად გამჭვირვალედ მოჩანს, მაგრამ მეჩხერი წყლის ფსკერი სავსეა დიდი რაოდენობით წყალმცენარეებით, რომლებიც იქ არ უნდა იყოს. ეს დიდი რაოდენობით ორგანული სასუქების წყალში მოხვედრით არის განპირობებული.

ამით გამოწვეულ საფრთხეზე „სიბირ.რეალიის“ თავისი მოსაზრება გაუზიარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტბათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც არასასურველი ორგანიზაციის შესახებ კანონის გამო არ ვასახელებთ.

„სპილენძი. თუთია, ფოსფატი და სხვა, ეს, ცხადია, ნეგატიური ფაქტორებია, მაგრამ მთავარ საფრთხეს - ადამიანის ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული ნარჩენები წარმოადგენს, უბრალო ნაგავიც კი. ეს ნარჩენები გამოყოფენ ბიოგენებს, რომელიც შედგება აზოტისა და ფოსფორისგან. სწორედ ამ ნივთიერებებით საზრდოობენ ყველაზე უფრო საშიში ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. როდესაც ისინი კვდებიან, იწყება გახრწნის ბუნებრივი პროცესი, რომლის გამოც წყლიდან გადის ჟანგბადი, მაგრამ ჩნდება ტოქსინები. შედეგად, წყლის აუზში ყველაფერი ცოცხალი იღუპება“, - ამბობს ექსპერტი.

ტბა ბოლშოე ვისკოდნო ვალდაიში
ტბა ბოლშოე ვისკოდნო ვალდაიში

ილია ვალდაიში დაიბადა, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ველიკი-ნოვგოროდში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ვალდაის ტბას ბოლო 15 წლის განმავლობაში ადამიანის ყოფითი ნარჩენებით „ავსებენ“. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლიდან მაკონტროლებელი აქტივისტებიც ხედავენ ამ ნაყარს და აქტივისტებიც.

„ადრე წელიწადში ათი კომუნალური ავარია მაინც ხდებოდა. ბოლო ხანს უკეთესობაა მას შემდეგ, რაც გამწმენდ ნაგებობაზე ახალი წნევიანი კოლექტორი დააყენეს. წინა ვერ უძლებდა და მუდამ ხდებოდა ავარიები. ნარჩენებს ტუმბავდნენ, მაგრამ ვერსად ვერ გაჰქონდათ და ამიტომ უბრალოდ ტბაში ღვრიდნენ. შემდეგ კი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენეს, რომელიც კანალიზაციასთან საერთოდ არ ყოფილა მიერთებული. ნარჩენები შენობების ქვემოთ უზარმაზარ რეზერვუარებში იყრიდა თავს. საჭირო იყო მათი ამოტუმბვა, მაგრამ არ იცოდნენ, სად წაეღოთ და ამიტომ მასაც ვალდაის ტბაში ღვრიდნენ“, - გვიყვება ილია.

ჯერ კიდევ 2017 წელს, ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორის ანდრეი ნიკიტინის თანდასწრებით გამართულ კონფერენციაზე, რეგიონის პროკურორმა ანდრეი გურიშევმა თქვა, რომ ვალდაის ტბის ზედაპირული ნაწილის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ამას მოჰყვა სახელმწიფო შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ვალდაის ტბაში გაზრდილია მანგანუმის, ფოსფორის, რკინის, სპილენძის, ფოსფატისა და თუთიის შემცველობა.

„შედეგად, ნოვგოროდის ოლქმა მოითხოვა რესურსები ეკოლოგიის აღსადგენად. არ ვიცი, რამდენმა მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ ეს ფულის სადღაც გაქრა, რადგან ნარჩენების ჩაყრა გაგრძელდა და ერთადერთი ზომა, რომელიც მიღებულ იქნა, არის ის, რომ პუტინის რეზიდენციის გარშემო შეიქმნა სანიტარიული ზონა“, - ამბობს ალექსეი. მან ბევრჯერ შეიტანა საჩივარი სხვადასხვა ინსტანციაში იმ კომუნალური და სამრეწველო საწარმოების წინააღმდეგ, რომელთა გამოც იყრება წყალში მავნე ნივთიერებები.

წყალმცენარეები ვალდაის ტბაში
წყალმცენარეები ვალდაის ტბაში

"პუტინი შოკში ჩავარდება, ეს რომ გაიგოს"

საზოგადოებრივი ნავსადგომის გარშემო ბავშვები დარბიან, გვერდით პატარა მოედანი და ახალგაზრდული ცენტრი „მესტო. ვალდაი“ მდებარეობს. დამსვენებლები აქ ძირითადად საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემოდიან, ამიტომ ტუალეტის წინ ყოველთვის რიგი დგას. ტბაში ცურვას ვერავინ რისკავს.

„აშკარაა, რომ აქ მიკრობების დიდი ნაწილი ბუდობს. განსაკუთრებით, ხშირ წყალმცენარეებში. მე არ მინდა აქ ცურვა და, მით უმეტეს, არ მინდა, რომ ჩემმა ბავშვმა იცურაოს“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ქსენია.

საბავშვო მოედანი ვალდაის ტბის ნაპირზე
საბავშვო მოედანი ვალდაის ტბის ნაპირზე

იგი წუხს, რომ მის ქალიშვილს, ალისას, არ შეუძლია წყალში ისე თამაში, როგორც თვითონ ბავშვობაში თამაშობდა.

„მე 47 წლისა ვარ. აქ ყოველთვის მეგობარ გოგოებთან ერთად დავდიოდით საცურაოდ. დაბადების დღეებს ვიხდიდით აქ, ხილს ვრეცხავდით წყალში და თავადაც შიგნით ვცურავდით, არაფრის გვეშინოდა. ახლა კი აქ აღარ ცურავენ“, - ამბობს ქსენია.

გვერდით ძელსკამზე ხნიერი ქალი და მისი პატარა შვილიშვილი ისვენებენ. ლიდია ალექსეევნასაც უყვარს იმის გახსენება, თუ როგორ ცურავდა თანაკლასელებთან ერთად ამ ტბაში.

„როგორ შეიძლება ასე მოეპყრო ტბას?! იქ პუტინს აგარაკი აქვს, მოიწამლება და ქვეყანას რაღა ეშველება? თუნდაც მისი გულისთვის შეეძლოთ აქ ყველაფრის მოწესრიგება“, - შფოთავს პენსიონერი ქალი.

„მას თუ მისწერეთ? იქნებ მან არ იცის, რაში დაცურავს, უშველეთ ადამიანს“, - აგულიანებს მას ქსენია.


„რა თქმა უნდა, მივწერ. პუტინი შოკში იქნება, თუ ამას გაიგებს. ის ჩვენს ქვეყანას შველის, ამ დროს კი მის გვერდით ქაქი დაცურავს“, - ბრაზობს ლიდია ალექსეევნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG