რუსეთის პრეზიდენტს ჰყავს ორი მცირეწლოვანი ვაჟი, სახელად ივანი და ვლადიმირი. მათი დედა ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაა. ამას ცენტრი „დოსიე“ ამტკიცებს თავის გამოძიებაში.
როგორც იტყობინებიან, პუტინის პირველი ვაჟი ივანი 2015 წელს დაიბადა, ვლადიმირი კი - 2019 წელს. მათი ფოტოები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ჟურნალისტებმა ისინი ეთიკური მიზეზების გამო არ გამოაქვეყნეს. ბავშვებს საიდუმლო დოკუმენტები აქვთ, მოგზაურობენ პუტინთან დაკავშირებული კერძო თვითმფრინავებითა და იახტებით, მათ იცავს დაცვის ფედერალური სამსახური, საჯაროდ არ ჩნდებიან და ცხოვრობენ პრეზიდენტის რეზიდენციებში, ნათქვამია გამოძიებაში. „დოსიეს“ წყარო, როგორც იტყობინებიან, იყო პუტინის რეზიდენციაში მომუშავე პირი. „ის ხშირად ხედავს სახელმწიფოს მეთაურის შვილებს, თუმცა მათთან ყოველდღიურად არ ურთიერთობს და ამაზე საუბარზე ანონიმურობის პირობით დათანხმდა“, - ნათქვამია გამოძიებაში. „ეფბეკას“ მკვლევარმა გეორგი ალბუროვმა დაადასტურა დოსიეს ინფორმაცია. ის წერს, რომ მსგავს გამოძიებაზე მუშაობდა, მაგრამ ვერ მოასწრო მისი გამოქვეყნება.
ჟურნალისტები ადრეც იტყობინებოდნენ, რომ პუტინს და კაბაევას შვილები ჰყავთ. კერძოდ, შვეიცარიულმა გაზეთმა SonntagsZeitung-ი ამტკიცებდა, რომ პუტინს 2015 და 2019 წლებში ორი ვაჟი შეეძინა, მათგან ერთი - შვეიცარიაში. ასევე ითქვა, რომ კაბაევამ მეორე შვილი გააჩინა მოსკოვში შვეიცარიელი ექიმის მეთვალყურეობით. „დოსიემ“ დაადასტურა ეს ინფორმაცია. ბავშვების სახელები პირველად გახდა ცნობილი.
დოსიეს გამოძიების თანახმად, ივანი და ვლადიმირი პუტინის რეზიდენციებში ცხოვრობენ: კერძოდ, ვალდაიში მათთვის სპეციალურად გაიხსნა სასწავლო ცენტრი. ბავშვებთან მუშაობენ გუვერნიორები, მათთვის მასწავლებლებს კი ეძებდნენ სააგენტო English Nanny-ის საშუალებით. უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ დამსაქმებლებმა დაიწყეს უპირატესობის მინიჭება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „მეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს. დამსაქმებლის პირობების მიხედვით, მასწავლებლებს ეკრძალებათ რეზიდენციის დატოვება. რეკლამაში ნათქვამია, რომ ოჯახი „იზოლირებულად ცხოვრობს“.
პედაგოგიური პერსონალი უშუალოდ არ ურთიერთობს ბავშვების მშობლებთან. ისინი ოჯახის თანაშემწეებისგან იღებენ განკარგულებებს. გარდა ამისა, მასწავლებლებთან და ძიძებთან ურთიერთობს ალინა კაბაევას ბიძაშვილი ოქსანა ფედინა, რომელიც თავს ბიჭების დედად ასაღებს. უფროსი ვაჟი ჰოკეის თამაშობს (ზოგჯერ მამასთან ერთად) სპეციალურად აშენებულ საციგურაო მოედანზე, მაგრამ ალინა კაბაევა თამაშს უყურებს არა საჯაროდ, არამედ გაუმჭვირვალი შუშის მიღმა მოთავსებული ლოჟიდან. ამასთან, ივანი, როგორც იუწყებიან, მონაწილეობს მხატვრული ტანვარჯიშის შეჯიბრებებში, მაგრამ სად ტარდება ასეთი შეჯიბრებები, არ არის მითითებული.
პუტინის ვაჟები თანატოლებთან ურთიერთობენ დღესასწაულებზე. როგორც წესი, ესენი არიან ბავშვები ალინა კაბაევას ახლო წრიდან.
გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინის ვაჟების მასწავლებლები ხელფასს იღებენ ქსელ „მოი მედიცინსკი ცენტრის“ კლინიკების მეშვეობით. რადიო თავისუფლება არაერთხელ წერდა ამ კლინიკის შესახებ სანკტ-პეტერბურგში, სადაც, კერძოდ, მკურნალობდნენ სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში დაჭრილ მებრძოლებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“. ამავე კლინიკაში გადის გამოკვლევებს პუტინის ბევრი მეგობარი და ნაცნობი.
როგორც გამოძიებაში იტყობინებიან, 2020 წლიდან მინიმუმ 10-მა უცხოელმა მასწავლებელმა გააფორმა კონტრაქტი „მოი მედიცინსკი ცენტრთან“. ისინი გაფორმებული არიან თარჯიმნებად, „მაგრამ ყოველი მათგანი საგრძნობლად მეტს იღებს, ვიდრე კვალიფიცირებული ლინგვისტი“. იტყობინებიან, რომ პუტინის შვილების სავარაუდო მასწავლებლებს შორის სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების გარდა იყვნენ ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებიც.
გამოძიებაში არ არის ნახსენები კრემლის მხრიდან კომენტარები. პუტინს საჯაროდ არასოდეს უღიარებია, რომ მას ვაჟები ჰყავს. ამასთან, არაერთხელ უთქვამს, რომ მის ოჯახში არიან ბავშვები, რომლებთანაც ურთიერთობს. მან ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის უმცროსი წევრები ჩინურს სწავლობენ.
ვლადიმირ პუტინს, რომელიც პირველ მეუღლეს 2013 წელს დაშორდა, საჯაროდ არასოდეს უღიარებია, რომ ალინა კაბაევასთან ერთად ცხოვრობს.
2022 წელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კაბაევას, რომელიც „ნაციონალურ მედიაჯგუფს“ ხელმძღვანელობს, ასევე მისი ბებიას, ანა ზაცეპილინას.
პუტინს პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს არიან მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა. თავად პუტინს საჯაროდ არ უღიარებია, მაგრამ პირდაპირ არც უარუყვია, რომ ისინი მისი ქალიშვილები იყვნენ.
ფორუმი