Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუცია, პრეზიდენტი და კაზუსი დამწყები იურისტებისთვის - იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენა დასრულდა


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა. სასამართლოს სრული შემადგენლობა, 9 მოსამართლე, სამი დღის განმავლობაში უსმენდა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

საკითხი, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეეხება - ის სექტემბრის დასაწყისში გერმანიის, საფრანგეთისა და ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდა და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრა. ევროკომისიის რეკომენდაცია სტატუსის მინიჭებაზე ოქტომბრის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.

5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო წარდგინების განხილვის მესამე დღე მხარეების დასკვნითი სიტყვებით დასრულდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის ქვეყანაში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ წავა სხვა ქვეყანაში გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე - გამონაკლისის გარეშე.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

"ჩვენ რომ გავყვეთ ასე, პრაქტიკულად არაფერში აღარ დასჭირდება პრეზიდენტს თანხმობა - გამოვა, რომ ფიქციური ნორმა იქნება [კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტი]... ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა თავსდება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში - იქ გინდა დეოკუპაცია, იქ გინდა - არაღიარება, იქ გინდა - ევროინტეგრაცია. [თუ ეს ასე არ იქნება] ვერავითარ შეხვედრაში ვერ მოსთხოვ მაშინ პრეზიდენტს თანხმობის მიღებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე პრეზიდენტის შეხვედრების არაკონსტიტუციურობაზე საუბრისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობა მოიყვანა მაგალითად.

"ერთ მაგალითს მოვიყვან, იქნება სალომე ზურაბიშვილს, თუ სხვა მომავალი პრეზიდენტს, სურს წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. სჭირდება თუ არა მთავრობის თანხმობა? იმ ლოგიკით, რასაც საუბრობენ პრეზიდენტის წარმომადგენლები, არ სჭირდება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკის ფარგლებშია - ანუ ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დეოკუპაციასაც. შეიძლება გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას, "თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ. მე ახლა ჩავალ რუსეთში და უზრუნველვყოფ დეოკუპაციას". ეს თუ საჭიროებს თანხმობას, სხვა რატომ არ საჭიროებს?! - ესეც ხომ კურსის ფარგლებშია. აქ არის მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საგარეო კურსი არაფერ შუაშია..." - აღნიშნა მან.

რუსეთი კობახიძემ პრეზიდენტის ევროპული შეხვედრების კონსტიტუციურობის შესახებ სამდღიანი მოსმენისას მრავალჯერ ახსენა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენდა ამ განხილვაში, ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება არის ის საკითხები, რომელშიც პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობით "წარმომადგენლობითი უფლებამოსილება". მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილებას არ ეხება - შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მას წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს, მთავრობის ნებართვის გარეშე.

"დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო საგარეო ურთიერთობებში და მძევალი მთავრობის ნებართვის... თუკი აქამდე მთავრობის თანხმობას არ საჭიროებდა შიდა საგარეო აქტივობებთან დაკავშირებით, ახლა აღმოჩნდა, რომ მთლიანად უნდათ, განცხადებები, წერილები, სატელეფონო ზარები დაუქვემდებარონ [კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტს]", - თქვა მაია კოპალეიშვილმა დასკვნით სიტყვაში.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების მიზანი არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ პრეზიდენტის მიმართ ბრაზია.

"თითქოს კონსტიტუციის დაცვის მოტივით მოუწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოს [დაადგინოს დარღვევა] და თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ არ იქნა დასკვნა გამოტანილი კონსტიტუციის დარღვევის შესახებ, თითქოს კონსტიტუცია აღარ გვექნება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, მათ ის კი არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არ დაირღვა, მათი დარდია წმინდა პოლიტიკური - გაბრაზებული და განაწყენებულები არიან საქართველოს პრეზიდენტზე და მათი სურვილია, გადააყენონ თანამდებობიდან..." - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა), რომელიც უნდა გადაიგზავნოს პარლამენტში. ამის შემდეგ ორი კვირის ვადაში საკითხი კენჭისყრაზე დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რომელიც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნას, დაარღვია თუ არა პრეზდენტმა კონსტიტუცია მაკრონთან, შულცთან და მიშელთან შეხვედრით, პარლამენტს გადაუგზავნის. 14 ოქტომბრისთვის ცნობილი უნდა გახდეს, რას ფიქრობს საკონსტიტუციო სასამართლო - შეეძლო თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის თხოვნა, მთავრობის ნებართვის გარეშე.

XS
SM
MD
LG