საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო, საქართველოსთვის უპრეცედენტო სასამართლო სხდომას ოთხი პოლიტიკოსი ესწრება. არგუმენტები მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა, მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, მთავრობასთან შეუთანხმებლად ქვეყნის გარეთ შეხვდეს სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.
საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში საკონსტიტუციოს 10-წლიანი სამოსამართლეო სტაჟის მქონე იურისტი მაია კოპალეიშვილი და მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი წარმოადგენენ. ისინი ეცადნენ, 9 მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც პრეზიდენტს ედავებიან, მხოლოდ იმ შემთხვევებს განსაზღვრავს, როცა პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.
განსახილველი საკითხები იყო:
- რა განასხვავებს პრეზიდენტის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს, ანდა სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციას;
- შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, ჰქონდეს საგარეო ურთიერთობებში რაიმე ტიპის უფლებამოსილება ისე, რომ მას არ სჭირდებოდეს მთავრობის თანხმობა;
- კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება, ხომ არ აძლევს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობების წარმოების შესაძლებლობას.
ითხოვა თანხმობა, არ მიიღო, მაინც წავიდა - საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივი საკითხი იმდენად მარტივია, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება პირველკურსელსაც არ გაუჭირდება.
„მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობის სფეროში, - წერია, რომ მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების განხორციელება. პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიიღო, მაინც განახორციელა ვიზიტი, დაირღვა კონსტიტუცია. იმდენად მარტივია ეს კაზუსი თავისი შინაარსით, ამაზე მეტი მსჯელობა არ არის საჭირო...“ - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით სჭირდებოდა მთავრობის თანხმობა და ამაზე მიუთითებს მის მიერ თუნდაც არაპოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შინაარსიც.
„მან თავად ითხოვა თანხმობა ვიზიტზე, ანუ გაცნობიერებული ჰქონდა, ვიზიტის განხორციელებას საჭიროებდა მთავრობის თანხმობა, შეგნებული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა. მას რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არ მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით... საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ ისინი არ შეიძლება ჩაეჭრან მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში...“ - უთხრა მოსამართლეებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის შექმნის დროს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეეხება, პრეზიდენტს ავალდებულებს, მხოლოდ „უფლებამოსილების ფარგლებში“ „მიიღოს ყველა ზომა“: „ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით უფლებამოსილებას არ ადგენს“.
დამატებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სჭირდება საქართველოში სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროსაც კი მთავრობის თანხმობა. მსგავსი თხოვნით პრეზიდენტს მთავრობისთვის არასდროს მიუმართავს და არც მთავრობას გამოუთქვამს პრეტენზია.
„ზოგადად, როცა ერთი პრეზიდენტი ხვდება მეორე პრეზიდენტს, ეს თავისთავად ნიშნავს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, სადაც არ უნდა შეხვდეს...
დისკუსია გვაქვს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ სადავოდ არ ვხდით. პრაქტიკა არის ხარვეზიანი. რა თქმა უნდა, მთავრობა იტოვებს ბერკეტს თავისი პროტოკოლური ინსტრუმენტებით, რომ არ დაუშვას ისეთი შეხვედრა, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის...“ - განმარტა მან.
საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის - პრეზიდენტის პოზიცია
პრეზიდენტის წარმომადგენლების თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციით ქვეყნის პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, კონსტიტუცია „ანიჭებს გარკვეულ უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში, სადაც არ სჭირდება მთავრობის თანხმობა”.
„52-ე მუხლი არ უნდა იქნეს განხილული იმგვარად, რომ თითქოს პრეზიდენტი სრულიად შეზღუდულია მთავრობის ნების გამოვლენით და მის გარეშე ვერ იმოქმედებს საგარეო ურთიერთობებში...“ - მიმართა ყოფილ კოლეგებს მაია კოპალეიშვილმა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტს ამ უფლებას ანიჭებს კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომელშიც წერია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
მისი თქმით, სადავოდ დაყენებული 52-ე მუხლი პრეზიდენტს ავალდებულებს, მთავრობის თანხმობა ჰქონდეს მხოლოდ ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომელშიც ცვლის ან გამოხატავს მთავრობის პოზიციას:
„ეს [გამგზავრება] უკავშირდებოდა ევროკავშირთან დაკავშირებულ ვიზიტებს, რომელზე ნება საქართველოს მთავრობას უკვე გამოხატული აქვს... კი არ ცვლიდა [მთავრობის გამოხატულ პოზიციას], არამედ მხარს უჭერდა. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის მხარდასაჭერად...
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უფლებამოსილია საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობდეს თავისი სტატუსით და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის. მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება, რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს მთავრობის საზღვრებში და ვერ მოახერხოს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებს შეხვდეს...“
პრეზიდენტის კიდევ ერთი წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მიმართ პატივისცემის ნიშნად, მას ატყობინებდა ქვეყნის გარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ ამას კონსტიტუცია არ ავალდებულებდა. სწორედ მსგავსი კომუნიკაციის გამო ასე ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები. ჩუგოშვილის თქმით, იმას, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის გარეთ კონსტიტუციის დარღვევად აფასებს, ქვეყნის შიგნით რეაგირების გარეშე ტოვებს. ამის მაგალითად მან მოიყვანა 27-29 სექტემბერს ბულგარეთში დაგეგმილ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის უარი. ამ უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
„არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული ამ მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან...“ - თქვა ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლში ნახსენები სიტყვები - „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“ - ვრცელდება არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან შეხვედრების დროს მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე (წარმოადგენდა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში) და 78-ე (ევროინტეგრაციის ხელშეწყობა) მუხლებით. შესაბამისად, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა უსაფუძვლოა.
მთავრობის თანხმობა საჭიროა - საქართველოს მთავრობის პოზიცია
საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით სხდომაზე მიიწვიეს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ვახტანგ ბაჩიაშვილი. მან სასამართლოს გააცნო არსებული პრაქტიკა: საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი წერილობით მიმართავს მთავრობას და მთავრობა გასცემს თანხმობას ანდა უარს ეუბნება ვიზიტების განხორციელებაზე. მისი თქმით, სწორედ ეს არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ პრეზიდენტის აზრითაც, საგარეო ვიზიტების განხორციელებისთვის, კონსტიტუციის 52-ე მუხლის შესაბამისად, მას სჭირდება მთავრობის თანხმობა.
ვახტანგ ბაჩიაშვილს ჰკითხეს, რით განსხვავდება ქვეყანაში მყოფი და საზღვარგარეთ წასული საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობები ერთმანეთისგან - როგორ მიაჩნდა მას, სჭირდებოდა თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში უცხო ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის დროს მთავრობის თანხმობა, მათთან სატელეფონო კომუნიკაციის ანდა ონლაინკონფერენციებში მონაწილეობის დროს.
„მე მგონი, კომუნიკაციის ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხორციელდება. მთავარია, რა შინაარსის არის. თუ ეს არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისკენ მიმართული [...] მიზანი, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩაითვალოს და მთავრობის სავალდებულოობა საჭიროა...
[კონსტიტუციის] 54-ე მუხლი მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ეს განაპირობებს (52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შინაარსსაც), რომ მთავრობის თანხმობაა საჭირო... პირდაპირ გამომდინარეობს, რომ არ არსებობს საგარეო პოლიტიკის არცერთი ელემენტი, არცერთი ქმედება, რომელიც შეიძლება განახორციელოს პრეზიდენტმა და არ იყოს ვერიფიცირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან", - თქვა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა.
სხდომა 4 ოქტომბერს, დილით, 11:00 საათიდან განახლდება.