Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოესწრება 8-10 წუთში, როცა ღვარცოფი მოდის?


რაჭა, შოვი, სტიქიის ზონაში. 5 აგვისტო, 2023 წელი.
რაჭა, შოვი, სტიქიის ზონაში. 5 აგვისტო, 2023 წელი.

ღვარცოფი შოვში მყოფ ხალხამდე 8-10 წუთში მიაღწევდა - მითითებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ წინასწარ ანგარიშში. არის თუ არა ეს საკმარისი დრო თავის გადასარჩენად?

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დრო შესაძლებელია 2-3-ჯერ უფრო მეტიც ყოფილიყო, თუმცა როცა ყველაფერს წუთები წყვეტს, სამშვიდობოს გაღწევა 8 წუთშიც შესაძლებელი იქნებოდა.

რა მოესწრებოდა და როგორ?

დავით ჯელაძე და მისი 6 წლის დისშვილი, მაშო, 3 აგვისტოს შოვში, ღვარცოფის მოტანილ მძიმე ლაფში, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკვლევდნენ გზას.

აღმოჩნდა, რომ მარშრუტი, რომელიც ჯელაძემ თავის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე მონიშნა, სულ 420 მეტრს შეადგენს.

დავითის და მაშოს გავლილი გზა
დავითის და მაშოს გავლილი გზა

სირბილის საშუალო სიჩქარის [10კმ/სთ] გათვალისწინებით, ჩვეულებრივ, მშვიდობიან ვითარებაში, ჯანმრთელმა ადამიანმა 400 მეტრი დაახლოებით 3 წუთში უნდა დაფაროს, სიარულით კი - სავარაუდოდ, 6 წუთში.

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში აღნიშნულია, რომ - „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში“.
  • ამავე დროს გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ 7 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „შოვში სტიქია იმდენად სწრაფად განვითარდა, იქ ადრეული გაფრთხილების სისტემა რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, შეიძლებოდა, შედეგი ვერ გამოეღო“.

თუკი კონკრეტულად დავით ჯელაძე მოსალოდნელი უბედურების შესახებ 8-10 წუთით ადრე გაიგებდა, ის, პატარა მაშოსთან ერთად, სამშვიდობოს იოლად გავიდოდა.

„[წინასწარ რომ გვცოდნოდა] 8 წუთში ტყის ფერდობზე ასვლა შესაძლებელი იქნებოდა“ - უთხრა 7 აგვისტოს დავით ჯელაძემ რადიო თავისუფლებას.

ტყე მის მიერ 3 აგვისტოს გავლილი მძიმე გზის საპირისპირო მხარეს უფრო ახლოს იყო, მაგრამ, როგორც გვეუბნება, უკვე ღვარცოფის დარტყმის შემდეგ, ბავშვთან ერთად ტყის მიმართულებით წასვლა ვეღარ გაბედა, რადგან აღმართზე ასვლა გაუჭირდებოდა.

„ეს ტყე ორ ნაბიჯშია მინერალურ წყლებთან, სადაც ჩვენ გამოვიარეთ... ხიდზე შეიძლება საერთოდ არ ამოვსულიყავით [წინასწარ რომ გვცოდნოდა]... ხიდიდან კი - ტყისკენ გავასწრებდით ფეხით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას.

შოვის მოსახლეები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ ადამიანების ერთმა ნაწილმა, მათ თვალწინ სწორედ ტყის ფერდობს შეაფარა თავი და გადარჩა, ვინც სწრაფად სიმაღლისკენ დაიწყო გაქცევა.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლაშა სუხიშვილი კვლავაც ადასტურებს თავდაპირველ პროგნოზს, რომ ღვარცოფი შოვში დამსვენებლებამდე 10-30 წუთში მიაღწევდა, თუმცა გვეუბნება იმასაც, რომ არც 8 წუთია უმნიშვნელო დრო და, წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში, ხალხს თავის შველა ამ დროშიც შეეძლო.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მაღალი რისკის ზონაში მყოფ ადამიანებს მარტივად და გასაგებად აუხსნას, რომ შესაბამისი SMS-ის მიღების ან სიგნალის გაგების შემთხვევაში, "ყველანაირი საქმიანობა შეწყვიტონ და რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ დანიშნულ ადგილას".

„როდის გადმოიქცევა მყინვარი, მაღალი ალბათობით ამის პროგნოზირება რთულია, სამაგიეროდ, [შესაძლებელია] ადგილზე დამონტაჟებული რადარით - მყისიერად დაფიქსირდეს დეფორმაცია და რეალურ დროში გადმოეცეს სერვერს, ჩაირთოს სიგნალიზაცია და ადამიანებმა იმოქმედონ წინასწარ განსაზღვრული გეგმით... შოვის შემთხვევაში საშიში რადიუსი სადღაც 400 მეტრია და 8 წუთში ამ ზონიდან გასვლა სავსებით შესაძლებელია“, - გვეუბნება სუხიშვილი.

  • გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია ვარაუდობს, რომ „ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით“ და „ ყველაზე კრიტიკულ ადგილებში [დაიდგმება] ადრეული გაფრთხილების სისტემები“.
  • 7 აგვისტოს მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას“ და განისაზღვრება - „სად არის მიზანშეწონილი შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება“.

ოპონენტები ხელისუფლებას წინა წლების მსგავს დაპირებებს ახსენებენ და თვლიან, რომ ეს სისტემა უკვე კარგა ხნის გკეთებული უნდა იყოს.

მოითხოვდა თუ არა მდინარე ყურადღებას?

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ბუბა, რომლის გავლითაც მიაღწია ღვარცოფმა შოვამდე, სარისკო მდინარედ არ მიიჩნეოდა. თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ ეს მდინარე ყურადღებას ითხოვდა და „აღმოჩნდა, რომ საფრთხის სიგნალები ხელისგულზე იდო“.

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ შეგროვილი მასალების თანახმად, სათანადო მონიტორინგის პირობებში, შესაძლებელი იყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს აღმოეჩინათ დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა [წინასწარი ინფორმაციით, მდინარემ შოვში ჩამოიტანა 5 მილიონი კუბური მეტრი], რომელიც იქ „წლებისა და შესაძლოა ათწლეულების მანძილზე გროვდებოდა“ და ტემპერატურის მატების გამო, საყურადღებო იყო ასევე მყინვარის დნობის შედეგების მეთვალყურეობა, რისი დადგენაც, ადგილზე მუშაობით, გლაციოლოგიურ ექსპედიციას [მყინვარის შესწავლა] შეეძლო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ღვარცოფის წარმოქმნა „შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინებამ“, რის შემდეგაც „წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში“.

გამოირიცხება თუ არა ვარაუდი, რომ წყალი მდინარის სათავეში დაგუბდა და შემდეგ ერთიანად გადმოხეთქა, რაზეც ადგილობრივები მიანიშნებდნენ?

ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპისთვის მსგავსი რამ არ ჩანს, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ასეთი აუზი შესაძლოა თანამგზავრული დაკვირვებისთვის ბოლომდე უხილავად დარჩეს - დაგუბებული წყლის ფერისა და მასში ყინულის ნატეხების გამო.

ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე აღნიშნავს, რომ კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრზე.

ლევან ტიელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამგვარი შემთხვევების წინასწარი პროგნოზირება რთულია, მაგრამ „როცა ვიცით, რომ ასეთი მოწყვლადი რეგიონები გვაქვს, უნდა ხდებოდეს ვითარების შეფასება, რაც, წესით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა კეთდებოდეს და ამაში სახელმწიფომ არ უნდა დაზოგოს რესურსი.

  • 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ. სამაშველო სამუშაოები მომხდარიდან სამ საათში დაიწყო;
  • სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ ასობით მეხანძრე-მაშველი, სამხედროები და მოხალისეები;
  • 7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგან 14 უკვე ამოიცნეს.
  • დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 16 ადამიანი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG