Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად შეფასებას აქვეყნებს


გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველად დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

"3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია", - მიიჩნევენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

11-გვერდიანი დოკუმენტი შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების, მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო-ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული გარემოებები საბოლოო დასკვნაში შეცვლილი/დაზუსტებული სახით იყოს მოცემული.

3 აგვისტოს შოვის ღვარცოფის განვითარების დინამიკა სააგენტოს დოკუმენტშია ასეა მოცემული:

  • 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
  • ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბის დასავლეთით ჩამოიშალა კლდეზვავური მასა, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოანგრია მისი გარკვეული ნაწილი, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
  • აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
  • დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად.
  • კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება.
  • სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში.
  • ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.
  • მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია;
  • მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე, დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი;
  • სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში.

სტიქიამ რაჭაში, შოვში, ამ დროის მონაცემებით, 18 ადამიანი იმსხვერპლა - მათგან იდენტიფიცირებულია 12. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება 17 დაკარგულის საპოვნელად.

XS
SM
MD
LG