Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ათი წუთით ადრე რომ ეთქვათ, თავს უშველიდნენ“ - რას ჰყვებიან შოვის ტრაგედიის თვითმხილველები


კაცი უყურებს შოვის დამეწყრილ ტერიტორიას, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს.
კაცი უყურებს შოვის დამეწყრილ ტერიტორიას, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ხიდზე, მზის გულზე კაცი დგას და მდინარეს დაჟინებით გასცქერის. დგას დიდხანს, ფეხმოუცვლელად - შოვში ან გლოლაში ასეთ სურათს ახლა ხშირად წააწყდები. ახლობლები ღვარცოფში მოყოლილ ახლობლებს ეძებენ, ცოცხლებს უკვე - აღარ. 7 აგვისტოს მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაკარგულია 16 ადამიანი.

3 აგვისტოს შოვში მოვარდნილმა ღვარცოფმა რაჭის ლამაზი და ცნობილი კურორტისგან მხოლოდ ტალახი და ცხედრები დატოვა. ისინი, ვინც შოვის კოტეჯებში ისვენებდნენ, ღვარცოფში მოჰყვნენ, უმეტესობა გადარჩა, მაგრამ არა - ყველა. მაშველები მეოთხე დღეა, დაკარგულებს ეძებენ, მათ შორის, სულ მცირე, 5 ბავშვია, შოვში ოჯახებით ისვენებდნენ.

ღვარცოფს ლაფი და ხეები გლოლამდე აქვს ჩატანილი, ეს შოვის შემდეგი სოფელია. შოვიდან ექვს კილომეტრზე მდინარე ტალახითაა ამოვსებული.

გლოლის ხიდთან პოლიცია დგას, იმის იქით მანქანებით შესვლა არ შეიძლება. ხანდახან ფეხით გაშვებასაც „ზემოდან“ ბრძანება სჭირდება, გზაზე მძიმე ტექნიკა მოძრაობს და სახიფათოაო. ტრაქტორები, ტრაქტორების გადასატანი მანქანები, სატვირთო მანქანები ერთმანეთს მიჰყვებიან. წესები დღეში რამდენჯერმე იცვლება.

გლოლის ხიდიდან შოვამდე 4 კილომეტრამდე იქნება. შოვის ბოლოსკენ გზა კიდევ ერთგან არის გადაკეტილი, იმის იქით უკვე ფეხითაც არ უშვებენ. ხალხიც ძირითადად აქ იყრის თავს: ახლობლები, მოხალისეები, ჟურნალისტები...

გია სულთანიშვილი მთელი დღეა, წაქცეულ ხეზე ზის. შოვის ღვარცოფში ძმა დაეკარგა, კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდაო. „რამე ხომ არ იცით?“ „ახალი ხომ არ არის რამე?“ კითხულობს დროგამოშვებით, მასაც ეკითხებიან.

გლოლის გზის განაპირას ტალახში ამოგანგლული ბიჭები სხედან - მეგობრები დავკარგეთ და მათ მოსაძებნად ჩამოვედითო.

შოვში ბევრი ჩამოვიდა მეგობრების მოსაძებნად.
შოვში ბევრი ჩამოვიდა მეგობრების მოსაძებნად.

„ხეთაგური, გუბაშვილი, ბაკურაძე - ამათ ვეძებთ. მათი არაფერი ვიცით. ამასწინათ ახალგაზრდა ბიჭი ვიპოვეთ გარდაცვლილი, გიორგი გოგინაშვილი. დღესაც ქვემოდან მოვყვებით ნაპირს და ჯერ ვერაფერი ვნახეთ“, - ჰყვება გიორგი ჩიხრაძე.

იქ, სადაც ადრე კოტეჯები იყო, ახლა ტრაქტორები დგას და მიწა ამოაქვს. დროდადრო ცხედრებსაც პოულობენ ან მათ რამე ნაწილს. მიცვალებულები პროზექტურაში მიაქვთ. აქვე ხდება ამოცნობა, დნმ-ის ანალიზი.

შოვის ადგილას ახლა ტალახის დიდი ფენაა.
შოვის ადგილას ახლა ტალახის დიდი ფენაა.

გლოლაში გზაზე ქალი და გოგონა დგანან, შავები აცვიათ, ტირიან. „ალბათ, კიდევ ვინმეს სიკვდილი გაიგეს“, - ამბობს გამვლელი.

ჭანჭახის კალაპოტში

მდინარე ჭანჭახს ტალახთან ერთად ფესვიანად მოგლეჯილი ხეები აქვს ჩამოტანილი. ყველაფერი ტალახშია. მდინარის სიღრმეში არ შეისვლება, ეფლობი. მაშველები და მოხალისეები ნაპირებს მიუყვებიან და ჯოხებით ნიადაგს სინჯავენ. ერთმა თექის ყვითელი ფარდები თუ პლედი გამოათრია ტალახიდან. იქვე წითელი ჯემპრია, ერთიანად ამოლაფული, კიდევ იქით ჭურჭლის სარეცხი ჟელეს ბოთლი - ჩანს, ღვარცოფმა ვიღაცის საცხოვრებელი ჩამოიტანა.

წითელი ჯემპრი ღვარცოფში
წითელი ჯემპრი ღვარცოფში

მდინარეში შავი მანქანა მოჩანს, მაშველების ჯგუფი ათვალიერებს, შიგ არავინაა. მეორე მანქანა, „ნისან ჯუკი“, ტალღას ნაპირის სხვა მხარეს გაურიყავს. მის დასათვალიერებლად დრონი ააფრინეს, მაგრამ უკანა ფანჯრები ტალახით არის მოსვრილი და არაფერი ჩანს. ტრაქტორი ჩამოიყვანეს. ორი საათი მაინც დასჭირდება, მანქანამდე გზა რომ გაიკვალოს და გაარკვიონ, არის შიგნით ვინმე თუ არა.

ღვარცოფმა მანქანებიც გაიტაცა.
ღვარცოფმა მანქანებიც გაიტაცა.

შავ მანქანაში აკაკიმაც ჩაიხედა, მერე ღვარცოფში გახირული ნაგვის ურნა მოჩხრიკა ჯოხით. აკაკი სპანდერაშვილიც მეგობრებს ეძებს.

„ჩემი მეგობრები დაიკარგნენ შოვში: დავით ბერიაშვილი, სოფი ყარალაშვილი და გიორგი ყარალაშვილი. ზევით არ უშვებენ მოხალისეებს, სახიფათოაო. მართლა არ არის უსაფრთხო, ამხელა ტალახია, შეიძლება ჩავარდეს ადამიანი. სხვები მაინც შეიპარნენ, მანქანის ნაწილები იპოვეს კოტეჯებთან ახლოს. მე აქ გამოვედი, იქნებ, რამე დავინახო.

რაღაც ფოტო გადაიღეს მეწყრამდე ერთი საათით ადრე ძაღლთან. ის ძაღლი ცოცხალი ვიპოვეთ, იქნებ ამათაც მოასწრეს და გაიქცნენ ტყეში“, - ამბობს აკაკი.

აკაკი სპანდერაშვილიც მეგობრებს ეძებს.
აკაკი სპანდერაშვილიც მეგობრებს ეძებს.

მოგვიანებით გიორგი ყარალაშვილისა და დავით ბერიაშვილის ცხედრებს მიაგნეს, გიორგის დას სოფიოს ჯერაც ეძებენ, - „სოფი ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან, იქ სწავლობდა. ერთად უნდოდათ დასვენება და ბოლო წუთას ძლივს იშოვეს თავისუფალი კოტეჯი“.

„იმ დღეს გვირგვინი დავუწანი“

მარიტა გუტაშვილი ოჯახის ცხრა წევრს ეძებს. რამდენიმე დღეა, ერთი და იმავე მაისურით დადის, დეიდის ნაჩუქარია, ვერ ვიხდიო. დეიდაც მეწყერში მოჰყვა. ღვარცოფში დაკარგული ახლობლების ჩამოთვლას საკუთარი დით იწყებს:

„მეგი გუტაშვილი, 25 წლის;

გიგი გუტაშვილი, ჩემი ძმა, 18 წლის - „რობაქიძეში“ აპირებდა სწავლას, ახლა ვინ მივა მის მაგივრად „რობაქიძეში“? ჩემი ძმა ჩემი გაზრდილია, 11 წლით უფროსი ვიყავი.

შორენა ბიჭაშვილი, 49 წლის, დეიდა - პატარაობისას დეიდაჩემი ჩემს გვერდით თუ არ იყო, სიცხე მიწევდა;

დეიდაშვილი მარი მაისურაძე - მესამე კურსზე იყო თსუ-ში. მაგის დაქალმა ერთხელ დეიდაჩემს უთხრა, მადლობა, რომ მარი გამიჩინეო. ანგელოზივით იყო, მოდელს ვეძახდი. ახლა საიდან გაგიჩინოთ მარი?

კოტე მაისურაძე - სულ პატარა მახსოვს, დახატული ტუჩები, დახატული ცხვირი... ეგეთს ვერც დახატავ;

ნატო ჭელიძე - ერთად გავიზარდეთ, ერთად გვეძინა, ერთად დავდიოდით სკოლაში;

ლუკა [დუდაშვილი] ნატოს შვილი, ჩემი ნათლული - მე ეგეთი ბავშვი არ მინახავს.

ანდრია [დუდაშვილი] - ისეთი ლამაზი თმები ჰქონდა, ვერ ვაჭრიდით;

ანასტასია [დუდაშვილი ] - 2 წლის, მაგან დააწყებინა ორივე ძმას ლაპარაკი, ისეთი მაიმუნი ბავშვი იყო. სამი წლის გავხდები და ერთად გადავიხადოთო. იმ დღეს გვირგვინი დავუწანი, ვაიმე, რა ლამაზი ვარო, დარბოდა გახარებული.

ვერც ერთს ვერ ნახავენ, არ მაქვს იმედი. ვერც ვერავინ დამეხმარებით. კაბინეტებში რა გაჩერებთ, ხალხნო? გეგმას წერთ ამდენი ხანი? ჩემი ცხოვრების გეგმის ჩამოწერას რა უნდა - „თავის მოკვლა“ და მორჩა, ერთი პუნქტია ან შეიძლება სამი: „დედის მოკვლა, მამის მოკვლა და თავის მოკვლა!“

„როცა გიჭირს, მაშინ გინდა შველა“

იმ ადგილას, სადაც დაკარგულებს ეძებენ, საქართველოს "წითელი ჯვრის საზოგადოების" კარავი დგას - საჭმელს, წყალს არიგებენ, ხალხს ესაუბრებიან. იქვეა სასწრაფო დახმარების მანქანაც. ალაგ-ალაგ ხალხი შეჯგუფდება ხოლმე, ახალ ამბებს კითხულობენ და მომხდარს განიხილავენ.

„სამი საათი არ მოვიდა ვერტმფრენი, როცა მოვიდა, მაშინაც შუქები არ ჰქონდა. როცა გიჭირს, მაშინ გინდა შველა, სამი საათის მერე კი არა“.

„მაშველები რომ ჩამოვიდნენ, ქელეხის თამადებივით იყვნენ სუყველა გასუქებულები, მაგათ ვის უნდა უშველონ“.

„კოტეჯების სასადილო ყველაზე გამაგრებული ოთახი იყო, წყალდიდობისას იქ აფარებდნენ ხოლმე თავს, მაგრამ თუ ისიც მიწამ დაფარა..."

„ძაღლი გადარჩა. დაბმული იყო და ღვარცოფი რომ წამოვიდა, აუწყვეტია“.

„ტყეს ჭრიდნენო, მწვერვალზე ტყეს ვინ მოჭრის, იქ ალპინისტი თუ ავა“.

„ათი წუთით ადრე რომ გაეფრთხილებინა ვინმეს, უცებ გადაირბენდნენ ტყისკენ“.

„რამე ხომ არ იცით? დღეს ვინმე იპოვეს?“

კვირას გლოლის ეკლესიაში წირვა ჩატარდა, წირვას დაღუპულების მოსახსენებელი პანაშვიდი მოჰყვა.

ის კაცი შემოვიდა, ცოლს და სამ შვილს რომ ეძებს, დუდაშვილი, ცოცხლებთან დავუნთებ სანთელსო, თქვა. მერე წავიდა ზევით და მკვდარი იპოვეს მაგის ბავშვი, ლუკა, თვითონვე ამოუცნია“, - გვიყვება სასულიერო პირი.

ღვარცოფისგან გატაცებული მანქანის ნაშთი მდინარიდან ამოიღეს.
ღვარცოფისგან გატაცებული მანქანის ნაშთი მდინარიდან ამოიღეს.

გლოლის ხიდთან მდინარეში ტრაქტორი მუშაობს, მანქანაა ჩარჩენილი. კი აღარაფრად ვარგა, მაგრამ მაინც ამოვიტანეო, ამბობს მანქანის პატრონი აბელ ბაზაშვილი. 3 აგვისტოს ამ მანქანით შოვში თაფლი წაიღო გასაყიდად. სასწაულად გადარჩენილი ერთი ქილა თაფლი მდინარეში ჩარჩენილ მანქანაშიც კი იპოვა.

გადარჩენილი მეფუტკრე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:39 0:00

„მჟავე წყალთან ვიდექით თერთმეტი კაცი და იმხელა მთა წამოვიდა, მორი, ხე-ტყე... უცებ ჩაკეტა გზები, 2-3 წუთში. სამი მანქანა იყო და სამივე წაიღო წყალმა“.

იმ თერთმეტმა კაცმა, რომლებიც მჟავე წყალთან იდგნენ, ტყეში შეასწრეს და შემდეგ ტყე-ტყე გამოვიდნენ სამშვიდობოზე, მაგრამ:

„კიდევ იყვნენ იქ, ვინ, არ ვიცი. სამწუხაროდ, ვერ გაასწრეს. ჩაიკეტა გზა და უკან გამოსასვლელი აღარ ჰქონდათ.

კივილი, წივილი ისმოდა, შველას ითხოვდა ხალხი“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG