Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა - რას იტყვის ევროკომისია საქართველოზე ზეპირ მოხსენებაში


ევროკომისიის ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს პროგრესი აქვს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე
ევროკომისიის ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს პროგრესი აქვს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე

რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:

  • 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული;
  • საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.

რატომ ახლა?

ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე.

რადიო თავისუფლებამ წინმსწრებად მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორი იქნება სამი ქვეყნის პროგრესის შესახებ ევროკომისიის აქცენტები. მოხსენებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით:

  • „არანაირი პროგრესი“
  • „ნაწილობრივი პროგრესი“
  • „კარგი პროგრესი“
  • „შესრულებული“

ვის როგორი პროგრესი აქვს?

ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან:

  • 3 სრულად შეასრულა (25%);
  • 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%);
  • 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%).

უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:

  • 2 სრულად შეასრულა (29%);
  • 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%);
  • 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%).

მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან:

  • 3 სრულად შეასრულა (33%);
  • 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%);
  • 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%).

უფრო დეტალურად

ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა:

  1. დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა
  2. გენდერული თანასწორობა
  3. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება

8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს:

  • დეოლიგარქიზაცია
  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა
  • ინსტიტუციების დამოუკიდებლობა
  • ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის:

  1. მედიის პლურალიზმი.

ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.

რას შეიძლება ელოდოს საქართველო?

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.

„შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი.

იოზვიაკი ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ ჩამოთვლის ოთხ მიზეზს, რის გამოც „საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახდება, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან“.

XS
SM
MD
LG