Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს პარლამენტის შენობის უკან გაიმართება


ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე

20 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან იგეგმება ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერთა აქციის გამართვა. როგორც ბექა გრიგორიადისმა, ლაზარეს მამამ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქცია - „არა რუსულ მთავრობას" - ორი კვირის წინ დაიგეგმა და მისი გამართვა პარლამენტის შენობის წინ იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ტერიტორია გაფიცულმა მაღაროელებმა დაიკავეს, მან აქციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

„ორი კვირა არის, რაც დაანონსებული გვაქვს აქცია პარლამენტის წინ. ახლა მათ იქ კარავი ჩაადგმევინეს თავისუფლად. ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აპროტესტებენ მოსახლეობის დაშინებას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ქვეყნის რუსეთიფიკაციას, უმუშევრობას.

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა, 2000 ლარი, შეუფარდა.

1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG