Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უწერია ფეხსაცმლის ფასზე გრიგორიადისის მოწმე პოლიციელს ჩვენებაში - პროკურატურა და ადვოკატი სხვადასხვას ამბობენ


პროკურატურა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 13 ივნისს მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელის, გიორგი მაისურაძის ფეხსაცმლის ღირებულება, რომელიც მან აქციის ღამეს ავტომობილში დატოვა, 1 300 ლარია.

ეს თანხა განსხვავდება იმისგან, რაც გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ დაასახელა სასამართლოზე პოლიციელ გიორგი მაისურაძის გამოკითხვისას.

ბითაძემ თქვა, რომ პოლიციელს, მისივე ჩვენების მიხედვით, 7 300 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი საათი და 1 300-ლარიანი სათვალე ედო იმ მანქანაში, რომლის დაწვასაც გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ედავება.

ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გავრცელების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ პოლიციელის ჩვენების ნახვა სთხოვა ორივე მხარეს - ადვოკატსაც და პროკურატურასაც. ამ თხოვნაზე ორივე მხარემ უარი განაცხადა.

პროკურატურა ამბობს, რომ დოკუმენტის გასაჯაროება პოლიციელის პირად მონაცემებს გაამჟღავნებს, ადვოკატი კი რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ მას ჟურნალისტისთვის ჩვენების გადაცემის უფლება არ აქვს.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ავტომობილის დაწვის ნაწილში მხოლოდ მანქანის დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს ედავება - პროკურატურამ "ტოიოტა კოროლას" დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 39 500 ლარად შეაფასა.

ადვოკატმა 13 ივნისს საქალაქო სასამართლოში გიორგი მაისურაძის გამოკითხვისას თქვა, რომ მისი ჩვენების მიხედვით, იმ მანქანაში, რომლის დაწვასაც გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ედავება, პოლიციელს ეწყო 10 000 ლარზე მეტის ღირებულების პირადი ნივთები. სასამართლოს დარბაზში მოწმეს ადვოკატის მიერ ჩამოთვლილი ნივთების ღირებულება სადავოდ არ გაუხდია. მან დაადასტურა, რომ ყველა ნივთი, რომლებსაც ჩვენებაში უთითებდა და რომლებიც აქციის ღამეს მანქანაში ედო, მას ეკუთვნის და შეუძლია მათი შეძენის დამადასტურებელი გადარიცხვების წარდგენა.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ამ ნივთების განადგურების გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებას არ ედავება - ამ გარემოების გათვალისწინებით, პროკურატურამ გაასაჩივრა 13 ივნისის სხდომაზე ადვოკატების კითხვები პირადი ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით.

გიორგი მაისურაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის უთითებს, რომ ამ პოსტზე 2022 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა. დეკემბრის ნახევარ თვეში მან ხელფასის სახით 1 781,25 ლარი მიიღო, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ პოლიციელის თვიური ხელფასი დაახლოებით 3 500 ლარი უნდა იყოს. თბილისში გადმოსვლამდე მაისურაძე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო - აქ მისი წლიური ხელფასი (11 თვის და 14 დღის) 23 375 ლარი იყო.

პოლიციელის დეკლარაციიდან ირკვევა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს მისი მეუღლეც. ოჯახს სამომხმარებლო სესხი აქვს და მის დასაფარად 2022 წელს 5 590 ლარი გადაიხადეს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ის 31 მარტიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG