Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ დაკითხა პოლიციელი, რომელსაც 10000 ლარზე მეტი ღირებულების პირადი ნივთები ეწყო მანქანაში აქციის ღამეს


ლაზარე გრიგორიადისი 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე
ლაზარე გრიგორიადისი 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე

მასალა განახლებულია*

საქალაქო სასამართლოში დაიწყო მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების დაკითხვა.

დღეს სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის თანამშრომელი ლია კასროშვილი და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე გამოჰკითხა.

ლია კასროშვილმა ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილს, რომელიც მარტის აქციებისას დემონსტრანტებმა დაიწვეს. ლაზარე გრიგორიადისის ერთ-ერთი ბრალდება სწორედ ამ ავტომობილის დაწვაა.

ექსპერტმა, 24 წლის სტაჟით, სასამართლოს უთხრა, რომ ავტომობილი "ტოიოტა კოროლა", რომელსაც მან ექსპერტიზა ჩაუტარა, მთლიანად დამწვარი იყო და მასზე აღებულ ანაწმენდებში ექსპერტიზამ ნავთობპროდუქტების კვალი ვერ იპოვა.

ავტომობილი, რომლის დაწვასაც ბრალდება ლაზარე გრიგორიადისს ედავება, პოლიციელ გიორგი მაისურაძეზე იყო განპიროვნებული. მან დღეს სასამართლოს უთხრა, რომ აქციის დღეს რუსთაველის გამზირზე შუადღისთვის მივიდა, ავტომობილი ჭანტურიას ქუჩაზე გააჩერა, იქ დატოვა პირადი ნივთები, ავიდა რუსთაველზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად იცავდა მართლწესრიგს იცავდა და ამ დროს კოლეგების რაციაში გაიგონა შეტყობინება მანქანების დაწვის შესახებ.

პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის მანქანას ათზე მეტი დემონსტრანტი აზიანებდა, ასხამდა საღებავს და ურტყამდა, რის შემდეგაც იგი რუსთაველზე ამოაგორეს და ერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ ამოატრიალეს მისი სამსახურებრივი ავტომობილი და როგორ გაუჩნდა მას ცეცხლი, მაგრამ მათი ამოცნობა ვინც ეს გააკეთა არ შეუძლია.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ამ ნაწილში არსებობდა განსხვავება მოწმის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას შორის. პოლიციელს გამოძიებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მან მანქანა უკვე დამწვარი ნახა, სასამართლოს კი მოუყვა, როგორ უყურებდა დაწვის მომენტს.

გრიგორიადისის ადვოკატების კითხვაზე, რატომ არაფერი არ იღონა, თუკი ამას საკუთარი თვალით ხედავდა, გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ მას შესაბამისი ბრძანება არ ჰქონდა მიღებული და ამას გარდა, მანქანის დაწვას თვალს, ქაშვეთის სიახლოვეს ინტერნეტით ადევნებდა.

გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე: თქვენ ჩვენებაში ამბობთ, რომ სამსახურებრივი მოწმობა და პოლიციელის ფორმა დატოვებული გქონდათ მანქანაში.

მოწმე გიორგი მაისურაძე: კი ბატონო, მიწერია.

გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე: თქვენ ამბობთ, რომ ფორმა მანქანაში გქონდათ დატოვებული და თან მართლწესრიგს იცავდით.

მოწმე გიორგი მაისურაძე: კი ბატონო.

გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანეჟაშვილი: სამსახურებრივი მოწმობა რატომ არ გქონდათ თან?

მოწმე გიორგი მაისურაძე: ყველანაირი დოკუმენტაცია ავტომობილში შევინახე და დავტოვე.

გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანეჟაშვილი: თქვენ ახორციელებდით სამსახურებრივ უფლებამოსილებას. როცა დგება პირის დაკავების საჭიროება, წარადგენთ თუ არა სამსახურებრივ მოწმობას?

მოწმე გიორგი მაისურაძე: თუ მოითხოვს, წარვადგენ...

გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანეჟაშვილი: თუ მოითხოვს? ანუ თუ პიროვნებამ არ მოითხოვა, არ წარადგენთ?

მოწმე გიორგი მაისურაძე: ​ სულ რომ დამრჩენოდა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ავიღებდი თუ საჭიროება მოითხოვდა ამას. იქვე ვიყავი, თან წაღებული მქონდა, მანქანაში იდო. ვინახავდი საფულესთან ერთად ამ მოწმობას.

გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანეჟაშვილი: ანუ, ყოველი საჭიროებისას მიხვიდოდით მანქანასთან, აიღებდით მოწმობას და ისე დააკავებდით მოქალაქეს?

მოწმე გიორგი მაისურაძე: ​მე არავინ დამიკავებია იმ დღეს.

გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანეჟაშვილი: თქვენ რაცია ახსენეთ, რომ რაციაში გაიგონეთ, რომ მანქანა იწვოდა. ამასთანავე თქვით, რომ თქვენი რაცია იყო დამჯდარი და დატოვებული გქონდათ ავტომობილში. საიდან გაიგეთ მაშინ რაციის მეშვეობით, რომ ავტომობილი იწვოდა?

მოწმე გიორგი მაისურაძე: ​ ჩემ გარშემო ბევრი იყო პოლიციის თანამშრომელი. რაციაში, მოგეხსენებათ, კონკრეტული დავალება ან ინფორმაცია ისმის...

ამ დიალოგის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა ან მას, ან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, ან პოლიციის რომელიმე დანაყოფს მითითება, რომ აღეკვეთათ უკანონო ქმედება, ავტომობილის დაწვა. მოწმე პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მას ამ ფაქტის აღსაკვეთად არაფერი არ მოუმოქმედებია. პროკურატურამ კითხვები ამ საკითხზე გააპროტესტა არგუმენტით, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა იმის დასადგენად, დაწვა თუ არა ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელის ავტომობილი. პროკურატურის პროტესტი მოსამართლემ გაიზიარა.

მოწმე პოლიციელი გიორგი მაისურაძე
მოწმე პოლიციელი გიორგი მაისურაძე

გრიგორიადისის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ პოლიციელს აქციის ღამეს სამსახურებრივ მანქანაში ეწყო ძვირადღირებული პირადი ნივთები. ლიკა ბითაძის თქმით, პოლიციელი ჩვენებაში წერდა, რომ იმ ღამეს მანქანასთან ერთად დაიწვა მისი ფეხსაცმელი, 7 000 ლარის ღირებულების, სმარტ საათი, რომლის ფასიც 3 200 ლარია, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები. ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, ეკუთვნოდა თუ არა მას ყველა ის ნივთი, რომლებსაც ჩვენებაში უთითებდა.

მას შემდეგ, რაც მოწმემ დაადასტურა, რომ ყველა ჩამოთვლილი ნივთი, რომლებიც მის სამსახურებრივ მანქანაში იდო აქციის ღამეს, მისი საკუთრება იყო, ადვოკატები დაინტერესდნენ მისი შემოსავლებით. პროკურატურამ ეს კითხვა გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს. პროკურორებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბრალდებულს გამოძიება ამ ნივთების განადგურებით მიღებული ზიანის ანაზღაურებას არ სთხოვს და მხოლოდ ავტომობილის დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანია დათვლილი.

მოსამართლე ზვიად შარაძე​: რატომ ჩხუბობთ? ძალიან გთხოვთ... კითხვას არ აქვს შემხებლობა ფაქტთან...

გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე: გიპასუხებთ, რატომ აქვს შემხებლობა, ბატონო მოსამართლე. ბრალდებულს ედავებიან მანქანის გადაწვას და ის ნივთები, რაც მანქანაში ელაგა, ფასიანია და გამოდის, რომ ედავებიან იმ ზიანის ანაზღაურებასაც, რაც დაიწვა. ვეკითხები, თუ რეალურად ელაგა იმ მანქანაში, ხელფასი რამდენი აქვს? 10 000 ლარზე მეტის ღირებულების ნივთებია ჩამოთვლილი და როგორ დავიჯერო, რომ საჯარო მოხელის ხელფასი საკმარისია ამ ნივთების შესაძენად.

მოსამართლე ზვიად შარაძე​: ერთი წამით, გავიგე. ღირებულებასთან მიმართებაში ხელფასი... მე მესმის და დარწმუნებული ვარ, 2 000 ლარზე მეტი არ ექნება. ამაზე არც არის საუბარი...

მოწმე გიორგი მაისურაძე: ​ კი მაქვს [2 000 ლარზე მეტი ხელფასი].

მოსამართლე ზვიად შარაძე​: კარგი, 3 000 ლარიც რომ გქონდეთ, საიდან იყიდეთ, ამაზე არ ვდავობთ. როგორ დაზოგა ხელფასი და რამდენი ჰქონდა ანაბარზე, ამას არ განვიხილავთ.

* განახლება: სასამართლოდან რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებამ პოლიციელის ფეხსაცმლის ფასი პროკურატურაში გადაამოწმა - პროკურატურაში გვითხრეს, რომ პოლიციელის ჩვენებაში ფეხსაცმლის ფასად 1 300 ლარია მითითებული.

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღად მოსამართლე ზვიად შარაძემ 27 ივნისი, 12:00 განსაზღვრა. მოწმეების გამოკითხვის შემდეგ სიტყვის თქმის უფლება ითხოვა თავად ბრალდებულმა - მას განუმარტეს, რომ პროცესი უკვე დასრულებული იყო და სიტყვის თქმის საშუალება მხოლოდ მომდევნო სხდომაზე ექნება.

დღესვე პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ახალი მტკიცებულება. ესაა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, დასტურდება ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი. ბრალდების მხარისთვის ეს არის იმის მტკიცებულება, რომ მას შეხება ჰქონდა "მოლოტოვის კოქტეილთან."

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა 31 მარტს წარუდგინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

XS
SM
MD
LG