Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის მამა: კარავში ვიქნები შვილის გათავისუფლებამდე, ის უდანაშაულოა


ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში. 3 ივნისი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში. 3 ივნისი, 2023 წელი

აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი, რომელმაც ღამე პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში გაატარა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ღამემ მშვიდად ჩაიარა“ და პოლიციელებს კარვის აღება არ უცდიათ.

ბექა გრიგორიადისის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ აქტივისტი ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

„დღეს დილით, როცა პოლიციის ეკიპაჟი შეიცვალა, მოვიდა ჩემთან უფროსი და მკითხა - რამე ხომ არ გჭირდებათ ჩვენგანო? მე ვუთხარი - არა, მადლობა-მეთქი; უბრალოდ შეწუხებული ვარ, ამდენი პოლიციელი რომ დააყენეთ აქ, ორი ეკიპაჟიც საკმარისი იქნებოდა-მეთქი, რას დავაშავებ-მეთქი... არაო, ბატონო ბექა, ეს ჩვენი მოვალეობააო - ასე მიპასუხეს“, - ეუბნება ბექა გრიგორიადისი რადიო თავისუფლებას.

დაკავებული ახალგაზრდის მამა პარლამენტის შენობის უკან, კარავში ცხოვრებას, როგორც ამბობს, იმდენ ხანს აპირებს, რამდენიც საჭირო იქნება "შვილის გასათავისუფლებლად".

„ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა. თავიდან მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ რომ გავეცანი მთელ საგამოძიებო ინფორმაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შვილს "მოლოტოვის კოქტეილი" არ უსვრია. არ არსებობს კადრები, რომ ჩემმა შვილმა ისროლა... ერთ ეპიზოდში ლაზარე ჩანს ბოთლით ხელში, მაგრამ იმ ბოთლს კარგად რომ დააკვირდეს ადამიანი, კოკა-კოლის ბოთლს ჰგავს. შემოხაზეს წითლად - ვითომ „მოლოტოვი“ უჭირავს... რაც ლაზარეს ეჭირა, ეგეთი ბოთლი [კოკა-კოლის] იმ აქციაზე შეიძლება კიდევ ბევრს ეჭირა“, - ბექა გრიგორიადისი ასევე ამბობს, რომ ლაზარესთვის პასუხისმგებლობის არიდება არ სურს; უბრალოდ უნდა, რომ "სიმართლე დამტკიცდეს", მაგრამ სიმართლის დამტკიცება მას დღევანდელი სასამართლოს პირობებში არ წარმოუდგენია.

„მე არანაირი ძალადობის მომხრე არ ვარ, არავის დაშავება არ მინდა. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, მე ნათქვამი მაქვს, რომ თავად გადავისხამ ბენზინს და ასანთსაც მივცემ [ცეცხლს წავიკიდებ - რ.თ.] ... მე ხომ ახლა მის გათავისუფლებას ვითხოვ, მაგრამ მზად ვარ, რომ როცა გვექნება ნორმალური სასამართლო, არა კლანის წევრებით, ჩემი ხელით მივიყვანო ლაზარე უკან, რომ ნორმალურმა სასამართლომ გაასამართლოს და არა ცრუ მოწმეებმა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბექა გრიგორიადისი.

მისი თქმით, აქციებისკენ არავის მოუწოდებს, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი „რუსული ხელისუფლების პირობებში“ უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება შეუძლებელი იქნება.

3 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია - “დაიცავი გამოხატვის თავისუფლება”. აქციის მონაწილეების მხარდაჭერით, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, გრიგორიადისმა კარვის გაშლა მოახერხა. მანამდე ის, 1 ივნისს, კარვის გაშლის მცდელობისას პოლიციამ დააკავა და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

2-3 ივნისს ღამით გამართულ აქციებზე, თბილისსა და ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და შემდეგ ნაწილი გაათავისუფლა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, დაკავება მოხდა „სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით“.

  • ლაზარე გრიგორიადი პოლიციამ 29 მარტს დააკავა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით.
  • დაკავებულს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
  • 31 მარტს საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს კი, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG