პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეებიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. აქციაზე მისულები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მობილიზებულია პოლიცია.
2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, დაკავება მოხდა „სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით“.
მანამდე, 1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.