თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა, 2000 ლარი შეუფარდა. რადიო თავისუფლებას გრიგორიადისის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ უთხრა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა და დასაბუთებას მოგვიანებით ჩაბარდება დაცვის მხარეს.
ადვოკატი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, კარვის გაშლა ექცევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.
გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ დაიწყო „ერთი კაცის აქცია", რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.