რუსეთის სახელმწიფო არხები 10 ოქტომბერს წინასწარმეტყველებდნენ, რომ დასავლეთი უარს იტყვის უკრაინის "ნებისმიერ ფასად" დახმარებაზე და კიევს ბრძოლის შეწყვეტა მოუწევს.
კიევი დარწმუნებულია, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს, აღარავინ მოისურვებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და გაგრძელდება ოკუპირებული სოფლებისა და ქალაქების წარმატებული დაბრუნება. 10 ოქტომბერს, დღის განმავლობაში უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორების ურყევი და განგრძობადი დახმარების მრავალი დაპირება მიიღო.
რას ემსახურება „სარაკეტო ტერორი“?
რუსეთის პრეზიდენტმა 10 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინას ტერორისტული აქტების მომზადებასა და განხორციელებაში დასდო ბრალი, სადაც ყირიმის ხიდის აფეთქებაც იგულისხმა და 10 ოქტომბრის სარაკეტო დარტყმებს საპასუხო უწოდა.
საბჭოს მიერ მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა; მაგრამ პუტინმა თქვა, რომ სამომავლოდაც რუსეთისთვის შექმნილი საფრთხის შესაბამისად იმოქმედებენ.
10 ოქტომბერს, უკრაინის დიდი ქალაქების მასობრივი დაბომბის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე გამოითქვა მოსაზრება-იმედი, რომ დასავლეთი უკრაინას ზავზე დაიყოლიებდა. РОССИЯ 1-ის რესპონდენტები იხსენებდნენ ილონ მასკის ბოლოდროინდელ „სამშვიდობო ინიციატივას“ და ე.წ. ტრამპისტების პოზიციას - რომ დროა შეწყდეს ომი, რადგან მსოფლიო ეკონომიკური პრობლემების გარდა, ბირთვული ომის ზღვარზე დგას და შესაბამისად, უკრაინას ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ უნდა მიეცეს.
უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ამოძრავებს ზეწოლის სურვილი სამი ძირითადი მიმართულებით:
- ცივი ზამთარის პირას ენერგეტიკული ობიექტების განადგურება და უკრაინელების შეშინება "გაყინვით";
- გაძლიერებული იერიშებით საერთაშორისო პარტნიორების დაფიქრება და, მათი ზეწოლის გზით, უკრაინის იძულება წამგებიანი მოლაპარაკებებისკენ;
- ბრძოლის შეწყვეტა ახლა, როცა უკრაინა მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებებს აღწევს დონბასისა და ხერსონის ფრონტებზე.
„რუსეთი იყენებს სარაკეტო ტერორს იმ მიზნით, რომ დათესოს ქაოსი უკრაინის საზოგადოებაში და აიძულოს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, დაეთანხმოს რუსეთის კაპიტილიანტურ მოთხოვნებს... ნათელია, რომ შეუძლებელია პუტინის გადარწმუნება დიპლომატიური გზებით", - განაცხადა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ პირდაპირ ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, ვლადისლავ სელეზნოვმა.
ის თვლის, რომ რუსეთის მოთოკვის ერთადერთი გზაა უკრაინის სამხედრო დახმარება, რაც "შეასუსტებს რუსეთის ფედერაციის საბრძოლო შესაძლებლობებს და შედეგი იქნება რუსეთის ფედერაციის მთლიანი დასუსტება“.
10 ოქტომბერის დილას პრეზიდენტმა ზელენსკიმ "მძიმე დილა" უწოდა, მაგრამ გადაჭრით განაცხადა, რომ უკრაინა კომპრომისზე არასოდეს წავა და, ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებს ბრძოლას.
„შეიძლება დროებით გაითიშოს ელექტროენერგია, მაგრამ არასოდეს გაითიშება ჩვენი თავდაჯერებულობა, ჩვენი გამარჯვების რწმენა... მტერს უნდა, რომ ჩვენ შეგვაშინოს, უნდა, რომ ხალხი გარბოდეს. მაგრამ ჩვენ მარტო წინ გავიქცევით და ამას ვაჩვენებთ ბრძოლის ველზე და ასე გაგრძელდება“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც ღია ცის ქვეშ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ფონზეა ჩაწერილი.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთთან მოლაპარაკებების წინადადებით გამოდიოდა თურქეთი და ანკარის გეგმით, ამ პროცესში უნდა ჩართულიყვნენ აშშ, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი 10 ოქტომბერს ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მასობრივი დაბომბვა „მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეაცვლევინებს დამოკიდებულებას პუტინის რეჟიმის მიმართ და რუსეთთან მოლაპარაკებების ინიციატივის მიმართაც.
10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთისგან სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო:
„მქონდა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან [მევლუთ ჩავუშოღლუ], რომელმაც გადამჭრელად დაგმო რუსეთის დარტყმები და დაადასტურა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ძალისხმევის კოორდინირება მოვახდინეთ გაეროს განერალურ ასამბლეაში მკაფიო პასუხის შესათანხმებლად“.
რას შეუძლია ბელარუსს?
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია უკრაინის გეგმებზე, გახსნას „მეორე ფრონტი“ ბალარუსის წინააღმდეგ, „ყირიმის ხიდი - 2“-ს სახით და ის, რუსეთთან ერთად, კიევს "საკადრის პასუხს" გასცემს.
Belta-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ავტორიტარი ლიდერის დავალება/ბრძანებებს სამხედრო ელიტის წარმომადგენლები სწრაფი ტემპით, თეთრ ფურცლებზე ხელით იწერენ.
მაგრამ, ის, რაზეც ლუკაშენკა ლაპარაკობს, მათთვის, წესით, უცხო არ უნდა ყოფილიყო; რადგან პროცესი უკვე დაწყებულია. ლუკაშენკამ განმარტა, რომ:
- უკვე 2 დღეა დაწყებულია სამეკავშირეო სახელმწიფოს (სადაც შედის მხოლოდ რუსეთი და ბელარუსი) ერთობლივი რეგიონული ჯგუფის მომზადების პროცესი; უკვე გაცემული აქვს ამ დაჯგუფების შექმნის ბრძანება.
- სამეკავშირეო სახელმწიფოს ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე პუტინთან ის ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში, „ზედმეტად ხანგრძლივი“ შეხვედრის დროს (7 ოქტომბერს) შეთანხმებულა.
უკრაინის საზოგადოება 10 ოქტომბერს სვამდა შეკითხვებს - შესაძლოა თუ არა, რომ ბელარუსმა სერიოზული პრობლემები შეუქმნას უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებს?
ბელარუსი ჯარისკაცების უკრაინის ომში ჩართვის ეფექტიანობას იმთავითვე სკეპტიკურად უყურებდნენ სამხედრო ექსპერტები და ისიც ეეჭვებოდათ, რომ ლუკაშენკა ამას გაბედავდა - მოუმზადებელი ჯარითა და შიდა პოლიტიკური რყევების გათვალისწინებით.
უკვე მას შემდეგ, რაც, ბოლო დღეებში, ბელარუსმა უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ოპოზიციონერი ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა, ფრანაკ ვიაჩორკამ უკრაინულ ტელეკომპანია FREEДОМ-ის ეთერში განაცხადა, რომ, ლუკაშენკას სუსტი ჯარის უკრაინაში შეყვანა არც რუსეთს აწყობს.
„არ ვფიქრობ, რომ პუტინს ახლა აწყობს ჩართოს რამდენიმე ათასი საწყალი [ბელარუსი] ჯარისკაცი ომში, როცა ისინი სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ შექმნიან დაძაბულობის ზონას და ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ლუკაშენკასთავის, მათ შორის - ხელისუფლებაში არასტაბილურობის კუთხით. ამას შეიძლება მოჰყვეს ძალოვნებისა თუ ჩინოვნიკების მასობრივი გაქცევაც. მგონია, რომ ბლეფია, რასაც ისინი ახლა აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურებს ეყოფათ სიბრძნე, არ ჩაიდინონ ასეთი სისულელე“, - თქვა მან.
ამასთან ვიაჩორკა ამბობს, რომ ლუკაშენკა ბელარუსის ტერიტორიას სრულად დაუთმობს პუტინს, ნებისმიერი მოქმედებებისთვის და ნებისმიერი სახის რაკეტას გაუშვებს უკრაინისკენ. მანამდე, ლუკაშენკა აცხადებდა, რომ ბელარუსი მზად იყო რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლადაც.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, ოლეგ ჟდანოვის შეფასებით, კიევს ეყოფა ძალები, რომ ბელარუსის ჯარის მხრიდან საფრთხის შექმნის შემთხვევაში, წარმატებით დაარტყას სასაზღვრო ტერიტორიებს.
„ჩვენ დავარტყამთ არმიას, რომელიც წამოვა ჩვენი საზღვრისკენ. ანუ საზღვრის მისადგომებთან დავარტყამთ მათ. კი, ისინი ამ დროს იდგებიან ბელარუსის ტერიტორიაზე და მათ დავარტყამთ... ისე, ცალკე, ბელარუსის ტერიტორიას უკრაინის მხარე არასოდეს შეუტევს“, - უთხრა
УНІАН-ს ჟდანოვმა 5 ოქტომბერს.
მანამდე, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლუკაშენკას აიძულებს, ღიად მიიღოს მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
დასავლეთის განგრძობადი მხარდაჭრა
10 ოქტომბერს, დასავლეთის ქვეყნებისა თუ სტრუქტურების ლიდერები, ერთმანეთის მიყოლებით, უკრაინას მტკიცე და განგრძობადი დახმარების პირობას აძლევდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტვიტერზე დაწერა, რომ ვაშინგტონის მხრიდან კვლავაც გაგრძელდება უკრაინის მრავალმხრივი დახმარება
„ახლახან ველაპარაკე დმიტრო კულებას [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი], რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აშშ-ის მხარდაჭერა, ამ დილით კრემლის საშინელი დარტყმების შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ ეკონიმიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და მზრუნველობა საკუთარ ხალხზე“, - წერს ბლინკენი.
"ნატო გააგრძელებს გულადი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის მოსაგერიებლად, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - ეს უკვე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების ფრაგმენტია.
- „ეს [რუსეთის დაბომბვა] კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს იმ რეჟიმს, რომლის წინაშეც ვდგავართ: რომელიც განურჩევლად უმიზნებს ყველას; რომელიც ტერორითა და სიკვდილით ატყდება თავს ბავშვებს. ეს დანაშაულია. ისინი გასამართლდებიან. უკრაინა გაიმარჯვებს. ევროპა ზურგით არ დადგება“, - დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
- „ასეთი ქმედებების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ვგმობ ყველაზე ძლიერი ფორმებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია“ , - დაწერა ასევე ტვიტერზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.
პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მიიღო პირობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, ლიზ ტრასისგან საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო დახმარების კონსოლიდირების კუთხით და მათ შორის - უკრაინის ცის დაცვისა და რუსეთის იზოლირების თვალსაზრისით.
უკრაინას 10 ოქტომბერს მხარდაჭრა აღუთქვა: კანადამ, ნიდერლანდმა, პოლონთემა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ფინეთმა და სხვა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 10 ოქტომბერს ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგანგებო შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. გერმანია "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარე ქვეყანაა.
შეხვედრა 11 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში დაიგეგმა და გადაწყდა, რომ მონაწილეებს პრეზიდენტი ზელენსკიც მიმართავს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ოთხიდან ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T-ს უკრაინას რამდენიმე დღეში მიაწვდიან.