Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სარაკეტო დარტყმები იყო პასუხი უკრაინის "ტერორისტულ" ქმედებებზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 10 ოქტომბრის დილას უკრაინაზე თავდასხმა განზრახ დაგეგმა ისე, რომ მას დიდი მსხვერპლი გამოეწვია სამოქალაქო მოსახლეობაში, და, ამავე დროს, მიზანში ამოიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ირანში წარმოებული დრონების გამოყენებით.

მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები იყო პასუხი, მისი თქმით, კიევის "ტერორისტულ" ნაბიჯებზე, მათ შორის იმ ხიდის აფეთქებაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

ზელენსკის თქმით, აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. "დღეს რთული დილა დადგა. ჩვენ ტერორისტებთან გვაქვს საქმე", - ამბობს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ის საპრეზიდენტო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. "ათობით რაკეტა და ირანული შაჰედი [ირანში წარმოებული დრონის ტიპი] ... მათ ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები ქვეყნის მასშტაბით... მათ სურთ პანიკა და ქაოსი, სურთ გაანადგურონ ჩვენი ენერგიის სისტემა", - ამბობს ზელენსკი და დასძენს: "მეორე სამიზნეა ადამიანები. დრო და სამიზნეები საგანგებოდ შეირჩა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდი ზარალი ყოფილიყო გამოწვეული".

პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ვიდეოზარის დროს, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან გაუშვა "ზუსტი იარაღი" და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები.

მაგრამ თავდასხმები განხორციელდა დიდი ქალაქების საცხოვრებელ უბნებზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზეც. უკრაინის განცხადებით, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა კიევზე მიტანილი მხოლოდ ერთი იერიშის შედეგად.

XS
SM
MD
LG