Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი - ევროპის ქვეყნები გმობენ რუსეთის "საზარელ" თავდასხმებს უკრაინაზე


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროპელმა მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის "საზარელი" საჰაერო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო სამიზნეებზე, რომლებსაც 10 ოქტომბერს რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს იყო პასუხი კიევის "ტერორისტულ" ქმედებებზე, მათ შორის თავდასხმაზე ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

"ვესაუბრე (უკრაინის) საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და დავგმე რუსეთის საზარელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო სტრუქტურაზე", - წერს სტოლტენბერგი ტვიტერით.

"ნატო გააგრძელებს გულადი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის მოსაგერიებლად, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - დასძენს ის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, უზრულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ "შოკირებული და შეძრწუნებულია" რუსეთის სარაკეტო დარტყმებით უკრაინის ქალაქებზე 10 ოქტომბერს.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რასაც წარმოადგენს - ესაა ტერორი და სისასტიკე", - თქვა ფონ დერ ლაიენმა ესტონეთში ვიზიტისას.

კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმები განხორციელდა 10 ოქტომბერს, დილით, სარაკეტო იერიშებით, რომლებსაც ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი, დაიჭრა 64 პირი - იუწყება უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური. უწყება ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმების შემდეგ ელექტროენერგია არ მიეწოდება ოთხ რეგიონს - ლვოვს, პოლტავას, სუმის და ტერნოპილს, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეწყვეტილია სხვა ადგილებშიც.

XS
SM
MD
LG