თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ქართველი და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
„ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!" - განაცხადეს დემონსტრაციის ორგანიზატორებმა. ისინი მოითხოვენ რუსეთის აღიარებას ტერორისტულ სახელმწიფოდ.
აქციის მონაწილეთა ნაწილს კი, ეჭირა ბანერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.