„პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, რომლის იქით მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს და არც უკრაინელებს ეშინიათ“, - ეუბნება ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში, აშშ-ის დელეგაციების ხელმძღვანელი ბირთვული განიარაღების კომისიებში, უილიამ კორტნი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე ამერიკელ დიპლომატს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებებზე, მის ბირთვულ მუქარაზე, რუსეთში რეჟიმის შესაძლო ცვლილებებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: პუტინის ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით დავიწყოთ - რა მიზნებს ემსახურება ის და რამდენად შეძლებს პუტინი თავისი მიზნების მიღწევას?
უილიამ კორტნი: ნაწილობრივი მობილიზაციის მიზანია, „ჩაანაცვლონ“ ის რუსი ჯარისკაცები, ვინც უკრაინაში ან სიცოცხლეს გამოეთხოვა, ან კიდურებს. ეს პოლიტიკური სიგნალიცაა - რუსეთი გვეუბნება, რომ უკან არ დაიხევს და „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“ უკრაინაში. მაგრამ ვფიქრობ, ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ რუსეთში ახალწვეულების მასობრივად გაწვევისა და წვრთნების პრაქტიკა წლებია მოშლილია, ასე რომ, ვფიქრობ, საკმაო ხანს მოგვიწევს ლოდინი ამ ახალწვეულების მიერ საბრძოლო ველზე შეტანილი რამე ღირებული წვლილის სანახავად.
საჰაერო თავდაცვა იქნება ეს თუ სანაპირო, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, თუ თავადვე იზრუნებდა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
რადიო თავისუფლება: საგულისხმო იყო პუტინის მიერ პატრიოტიზმზე ხაზგასმით გაკეთებული აქცენტები - ბევრმა პარალელები გაავლო სტალინთანაც. იმუშავებს კი „ზა როდინუ, ზა სტალინა“ დღეს, დღევანდელ სამყაროში? უნდა ველოდოთ „ზა როდინუ, ზა პუტინა“-ს?
უილიამ კორტნი: მეც ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი ცალსახად სტალინის გზას ადგას. და ერთობ ირონიულია ის ფაქტი, რომ ნაციონალიზმზე გაკეთებული აქცენტების ფონზე, უკრაინაში ომში გაწვეულთა, და შემდგომ, დაღუპულთა უმრავლესობა არარუსი იქნება. უკვე ვიხილეთ ახალწვეულებით სავსე ავტობუსების ფოტოები ბურიატიიდან. ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ დიდი ქალაქებიდანაც გაიწვიოს ხალხი? ხალხი, რომელიც თუნდაც იმავე ბურიატებთან შედარებით, ცხოვრების სხვა სტანდარტებსაა შეჩვეული?
უილიამ კორტნი: [სამხედრო გაწვევაში] რეგიონული განაწილების სისტემა ისე ჩანს მოწყობილი, რომ მთელი ტვირთი მოდის არა იმ დიდ ქალაქებზე, სადაც პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკური ოპოზიცია ყველაზე მაღალია. ასე რომ. მოსკოვს, პეტერბურგს და სხვა დიდ ქალაქებს მობილიზაცია ნაკლებად „შეაწუხებთ“. და მიუხედავად ამისა, მაინც ვხედავთ, რომ ხალხმა ქუჩებს მიაშურა გასაპროტესტებლად. ვიტყოდი, რომ პუტინი ამ გადაწყვეტილებით მზარდ რისკზე მიდის - რაც უფრო გახშირდება დამარცხებები ბრძოლის ველზე, რაც უფრო მტკივნეულად დააჭერს სანქციები რუსეთის ეკონომიკას - და ჯერ რასაც ვხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია - რაც უფრო გაიზრდება შიდა დაძაბულობა და მიუღებლობა, მით უფრო რეალური გახდება რეჟიმის ცვლილება მოსკოვში, სცენარი, რომელიც ბევრს ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ეჩვენებოდა. პუტინმა ეს პროცესები თავად დააჩქარა, მათ შორის ამ „ნაწილობრივი“ მობილიზაციით.
იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყდნენ რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს.
რადიო თავისუფლება: სწორედ რისკებზე მინდოდა მეკითხა - კარგა ხნის განმავლობაში, დასავლელ ექსპერტთა უმეტესობა ერთსულოვნად ამტკიცებდა, რომ პუტინი ამაზე არ წავიდოდა, რომ მობილიზაცია მისთვის ზედმეტად სარისკო იყო. როგორც ვნახეთ, პუტინმა გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა - ახლა რა ხდება? რას უნდა ველოდოთ?
უილიამ კორტნი: ისევ გავიმეორებ - ამით ცხადად იმატებს იმ სცენარის ალბათობა, რომელშიც პუტინის რეჟიმი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ამასვე მოწმობს კრემლის ბოლოდროინდელი, ერთიმეორეზე უფრო ახირებული განცხადებებიც. იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყვეტილნი არიან რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს.
რადიო თავისუფლება: თავიდან რუსეთი აცხადებდა, რომ წამოიწყო „სპეციალური სამხედო ოპერაცია უკრაინის დენაციფიკაციისათვის“ - ახლა ეს ნარატივი თითქმის გაუჩინარდა კრემლის რიტორიკიდან და ამის ნაცვლად გვესმის - „ვაინა ს ზაპადომ“ - ომი დასავლეთთან. უბრალო სემანტიკასთან გვაქვს საქმე თუ სტრიქონებს შორის მეტი უნდა წავიკითხოთ?
უილიამ კორტნი: ვფიქრობ, კრემლში სჯერათ, რომ ასე უფრო დარაზმავენ ხალხს საომრად - ომი დასავლეთის წინააღმდეგ, დიდი ფსონების ომი, და არა უბრალო, ლოკალური ომი მეზობელ უკრაინასთან. ამას გარდა, რუსეთი ცოტათი დამცირებულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ რუსის ჯარი ასე მწარედ მარცხდება ბრძოლის ველზე უკრაინელების წინააღმდეგ, თუნდაც ამ უკანასკნელებს დასავლური შეიარაღება უმაგრებდეთ ზურგს. ასე რომ, ბრძოლის ველზე ნაჭამი სირცხვილის ჩამოსარეცხად კრემლი გაიძახის, რომ ეს არის ომი ნატოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს დემოკრატიულობაა და არა ის, ოკუპირებულია თუ არა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.
რადიო თავისუფლება: თქვენი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, უშუალოდ მოგიწიათ მონაწილეობის მიღება ბირთვული განიარაღების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში, ამიტომ მინდა, პუტინის ბირთვულ შანტაჟზე გკითხოთ - რამდენად უნდა გვეშინოდეს ამის ჩვენ, ყველას? და ზოგადად, ბირთვული იარაღის გამოყენების რა სცენარი შეიძლება ვიხილოთ კრემლის ავტორობით?
უილიამ კორტნი: რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ხშირად მიმართავს პუტინი ბირთვულ რიტორიკას. ალბათ გახსოვთ, 2018 წელს ფედერალური საბჭოს წინ სიტყვით გამოვიდა, რომელსაც თან ახლდა ვიდეო - თუ როგორ მიფრინავს ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა ნახევარი მსოფლიოს გადაღმა და ვარდება ფლორიდაში, მარ ა ლაგოსთან (პრეზიდენტ ტრამპის “ზამთრის თეთრი სახლი“) ახლოს. ეს ღია სიგნალი იყო, პროპაგანდის სიგნალი, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე სამხედრო გეტყვით, რომ მსგავსი „ბირთვული შობის“ ხილვა მსოფლიო კატასტროფას უდრის. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, რუსეთი რეალურად წავიდეს ამაზე - მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ბირთვულ დარტყმაზე მიდიხარ, აქედან სამხედრო სარგებლის მიღება უნდა შეგეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჯარების გაგზავნა მოგიწევს იმ ტერიტორიის დასაკავებლად, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბირთვული ჭურვი ესროლე. ძალიან მეეჭვება, რუს ჯარისკაცებს ამისთვის საჭირო წვრთნები გავლილი ჰქონდეთ და ვფიქრობ, ბევრი მათგანი შიშისაგან სულს გააცხებს, თუ ასეთი ბრძანება მიუვათ. მეორე მიზანი, რის გამოც რუსეთი შეიძლება ბირთვულ დარტყმაზე წავიდეს, არის ე.წ. შოკის ეფექტი და სხვების დაშინება - უკრაინელების, ევროპელების, ამერიკელების, რათა მათ წინააღმდეგობის გაწევის ხალისი დაეკარგოთ და რუსეთს „დანებდნენ“. მაგრამ თუ რამე გვაჩვენა ამ ომმა, გვაჩვენა ის, რომ რუსეთის მუქარა აღარ ჭრის - პირიქით, თითოეულ ახალ მუქარას უკრაინა მეტი და მეტი შემართებით პასუხობს. ამას გარდა, ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან, თუ რუსეთი გაბედავს და ბირთვულ დარტყმას ნატოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს განახორციელებს.
რადიო თავისუფლება: არის კიდევ ერთი მაგრამ - შეუძლია კი რუსეთს, დარწმუნებული იყოს, რომ თუ ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, აფეთქების შედეგად წამოქმნილი რადიოაქტიური მტვერი მისსავე ტერიტორიას და მოსახლეობას ასცდება?
უილიამ კორტნი: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა ტიპის ბირთვული დარტყმა იქნება ეს, რა სიმაღლეზე და სად აფეთქდება ჭურვი, როგორ იქნება ატმოსფერული ცირკულაცია და სხვა მრავალი ფაქტორი. მაგალითად, თუ რუსები გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს ხარკოვის ოლქში, მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, მაშინ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აფეთქება არ იქნება ისეთ სიმაღლეზე. რომ რადიოაქტიური მტვერი დასავლეთ ტერიტორიებამდეც მიაღწევს და ეს, რა თქმა უნდა, ქარზეც იქნება დამოკიდებული. შედეგების პროგნოზირება ასეთ დროს ხშირად შეუძლებელია.
საქართველოსაც დიდი წარმატებები ჰქონდა, მაგრამ დღეს დასავლეთში ფიქრობენ, რომ დემოკრატია საქართველოში წინსვლის ნაცვლად რეგრესს განიცდის.
რადიო თავისუფლება: „ეს ბლეფი არ არის“ - ეს ფრაზა სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის პუტინის გამოსვლებში, მათ შორის ბირთვულ თემაზე საუბრისას. რამდენად დამსახურებულია პუტინის ე.წ. გეოპოლიტიკური პოკერის მოთამაშის რეპუტაცია? რეალურ პოკერში ასეთ რამეებს არავინ „იძახის“, მხოლოდ მოყვარულები.
უილიამ კორტნი: პოკერში, ბანქო იქნება ეს თუ გეოპოლიტიკური ვარიანტი, მსგავსი ფანდები მხოლოდ ერთი-ორჯერ შეგიძლია გამოიყენო. თუ ხშირად გამოიყენებ, ხალხი უბრალოდ სერიოზულად აღარ აღგიქვამს. და ვფიქრობ, პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, სადაც მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს. ფაქტია, მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ არც დასავლეთია დიდად შეფიქრიანებული და არც უკრაინელები ჩანან შეშინებულები.
რადიო თავისუფლება: იმ ე.წ. რეფერენდუმებზეც მინდა გკითხოთ, რასაც რუსეთი უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე ატარებს - რას „მოიგებს“ ამით რუსეთი?
უილიამ კორტნი: [მარგარიტა] სიმონიანისა და კრემლის სხვა პროპაგანდისტების აზრით, ეს რეფერენდუმები და მათი შემდგომი ანექსია ამ ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“ და მას უკრაინელები ან თუნდაც დასავლელები ვეღარ შეეხებიან, რადგან ეს რუსულ ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. დასავლეთი ასე არ ფიქრობს - პირიქით, საკმაოდ ხაზგასმით კეთდება აქცენტი, რომ რუსეთის ტერიტორია ერთია, და მიტაცებული ტერიტორიები, ყირიმის ჩათვლით, მეორე. პუტინი ამ ნაბიჯითაც დიდ რისკზე მიდის, რადგან აქაც შეიძლება სირცხვილი ჭამოს: ჩაატარებს რეფერენდუმს, ვთქვათ, ხერსონში და რამდენიმე დღეში ამ ტერიტორიას უკრაინელები დაიბრუნებენ და ყირიმზე იერიშისთვის გაემზადებიან. ეს კიდევ უფრო დამამცირებელი იქნებოდა რუსეთისთვის, და არც ისე დიდია იმის შანსი, რომ რუსული ჯარი შეძლებს ამ სცენარის რეალობად ქცევას ხელი შეუშალოს.
დამცირებული კრემლი ბრძოლის ველზე ნაჭამი სირცხვილის ჩამოსარეცხად გაიძახის, რომ ეს არის ომი ნატოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს, შაბლონური კითხვა საქართველოზე - რა რისკებსა და, მეორე მხრივ, რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოსთვის უკრაინაში ომის ფონზე?
უილიამ კორტნი: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ყაზახეთისთვის, არის ის, თუ რატომ ეხმარება დასავლეთი უკრაინას ასე ძალიან. არა იმიტომ, რომ უკრაინას დიდი დიასპორა ჰყავს დასავლეთში, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ტარდება არჩევნები, და ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად ხდება. უკრაინა ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად იქცა და ერთობ წარმატებულ დემოკრატიულ ექსპერიმენტს წარმოადგენს. საქართველოსაც დიდი წარმატებები ჰქონდა, მაგრამ დღეს დასავლეთში ფიქრობენ, რომ დემოკრატია საქართველოში წინსვლის ნაცვლად რეგრესს განიცდის. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოეთხარა, მაგრამ საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ მისი დემოკრატიის ხარისხი იქნება დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი საზომი, როდესაც საქართველო სხვადასხვა ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება.
რადიო თავისუფლება: ვშიშობ, ბევრი არ დაეთანხმებოდა თქვენს ამ განსაზღვრებას - იტყვიან, რომ დასავლეთისთვის უკრაინა უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველო - გეოგრაფიის, რესურსების, სიდიდის გამო. ამ არგუმენტს რას დაუპირისპირებდით?
უილიამ კორტნი: ვიტყოდი, რომ ამაში არის სიმართლის მარცვალი. ერთი რამ, რაზეც დასავლეთს უკრაინის ომმა თვალი აუხილა, არის თავდაცვისუნარიანობა, მისი მნიშვნელობა. ამ კუთხით საქართველოს მეტი გამოწვევები აქვს, ვიდრე ბალტიის ქვეყნებს, ან თუნდაც იმავე უკრაინას, თავისი მდებარეობის გამო - ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონტროს კონვენციით დაწესებული შეზღუდვებიც - ეს კონვენცია ზღუდავს შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შესვლას და ამ კონვენციის გარეშეც, არცთუ ისე იოლია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებამდე მიღწევა, მანძილის გამო.
რადიო თავისუფლება: და ალბათ, არც ორი ტერიტორიული კონფლიქტი „გვეხმარება“.
უილიამ კორტნი: დიახ, ესეც ფაქტორია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს დემოკრატიულობაა და არა ის, ოკუპირებულია თუ არა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. როდესაც პირველად ჩავედი სენაკის ავიაბაზაზე, მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ეს კარგი ადგილი იქნებოდა ამერიკული თვითმფრინავების ბაზისთვის. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საჰაერო თავდაცვა იქნება ეს თუ სანაპირო, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, თუ თავადვე იზრუნებდა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.