Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნტონი: მთავრობამ უნდა აირჩიოს ივანიშვილის დაცვასა და დემოკრატიას შორის


გერმანიის მარშალის ფონდის "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელი ლორა თორნტონი
გერმანიის მარშალის ფონდის "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელი ლორა თორნტონი

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა"

16 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე, რუსმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს კრემლის ნარატივი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი თითქოს საქართველომ დაიწყო. მათ ასევე ახსენეს საქართველოს მოქმედი მთავრობა და თქვეს, რომ მისი ახლანდელი წარმომადგენლები ნანობენ წინა ხელისუფლების ქმედებების შედეგებს.

როგორია რუსული დეზინფორმაცია, რუსული ნარატივები საქართველოსა და მსოფლიოში; როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში; რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს ამერიკის ელჩის წინააღმდეგ დაწყებული ანტიდასავლური კამპანია და რა კითხვებს აჩენს მთავრობის განცხადებები დასავლეთში - ამ თემებზე, საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორს და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს ვესაუბრეთ.

- მინდა ჩვენი საუბარი გაეროში, რუსეთის ელჩის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით დავიწყო, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე გააკეთა. მისი თქმით, ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო და ამასთან, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ "აღიარა სულელური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა". ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ შეცვალეს ნარატივები საქართველოს შესახებ, იგივე გააკეთეს ყირიმში. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდნობიან, მას განავრცობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

ვფიქრობ ის, რაზეც თქვენ მიუთითებთ კითხვის მეორე ნაწილში, ძალიან ბევრ ჩვენგანს აშფოთებს. საქართველოს მთავრობა არ უნდა აძლევდეს ამა თუ იმ შესაძლებლობას, ან საბაბს რუსეთს, რომელზეც მას შეუძლია [საკუთარი ვერსიების] განვრცობა. ასე რომ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, ძალიან ნათელი უნდა იყოს ყველაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ადგილი ყოყმანის, დაბნევის, ან რბილად საუბრისთვის.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ამ მიზეზებს აძლევს?

სამწუხაროა, რომ ეს [რუსული] დეზინფორმაცია რეგიონს გასცდა. მთელი მსოფლიოდან გვესმის მსგავსი ნარატივები. სწორედ აქ ხდება ეს ყველაფერი ძალიან საშიში. ჩემს ორგანიზაციაში ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსულ და ჩინურ დეზინფორმაციას...

- სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ მათ [საქართველოს მთავრობას] ამ ეჭვების მიუხედავად, დავუჯეროთ.

დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული", ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს - არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელისშემშლელია.

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას.

- პოლიანსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იმავე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა. ასე ახსნა მან რუსეთის ომი უკრაინაში. ჩვენ ასევე გვახსოვს ვლადიმირ პუტინის განცხადებები "რუსი ხალხის დაცვასთან" დაკავშირებით უკრაინაში ომის დაწყებამდე. იმავეს ამბობდა ის 2008 წელს, საქართველოში ომის დაწყებამდეც. რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

- რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა... ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავრცობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა - რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსა და იმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

სამწუხაროა, რომ ეს [რუსული] დეზინფორმაცია რეგიონს გასცდა. მთელი მსოფლიოდან გვესმის მსგავსი ნარატივები. სწორედ აქ ხდება ეს ყველაფერი ძალიან საშიში. ჩემს ორგანიზაციაში ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსულ და ჩინურ დეზინფორმაციას და ძალიან შემაშფოთებელი იყო, როდესაც ჩინური დეზინფორმაცია რუსულის მთავარ თემებს იმეორებდა. ძალიან საშიში იყო, როდესაც ვნახეთ, როგორ "ყიდდნენ" ამ ნარატივს მსოფლიოს სამხრეთ ნაწილში, თითქოს უკრაინის ბრალია, რომ საკვები პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ვერ ჩადის.

ყველაზე მეტად შემაწუხებელი ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის, იყო იმის ხილვა, როგორ გამოდიოდნენ ლიდერები ჩვენს სატელევიზიო ეთერებში და რუსულ ნარატივს იმეორებდნენ. ასე რომ, ისინი ძალიან ეფექტურად ავრცელებენ ამ ტყუილებს.

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქვეყანა ბევრმა რუსმა დატოვა და მათი ნაწილი საქართველოში ჩავიდა. ჩანს, რომ მათ პრობლემები არ აქვთ არც საზღვრის კვეთის დროს და არც ქვეყანაში უვიზოდ შესვლისას ექმნებათ დისკომფორტი. ე.წ ტურისტები, იმაზე მეტხანს რჩებიან ქვეყანაში, ვიდრე ხდება ხოლმე. მათი უმეტესობა არც მალავს, რომ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა, მეორე მხრივ, მაგალითად ფინეთმა 90%-ით შეამცირა რუსებისთვის ვიზების გაცემა, ვიზების გაცემა მკაცრად შეზღუდა ფინეთმაც. რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან "ქართული ოცნების" წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის...

- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ, როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიაორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

ვფიქრობ, ისეთი კონფლიქტის დროს, როგორიც ახლაა [რუსეთ-უკრაინის ომი] საჭიროა დამატებითი შემოწმების პროცედურები. არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმ ინდივიდუალური პირების არ შეშვებას, ვინც შესაძლოა, უკრაინელების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ან რუსეთის ოპოზიციის წევრების, რომლებიც ქვეყნის გარეთ იკრიბებიან, რათა გაძლიერდნენ და ქვეყანაში დემოკრატია დაამყარონ. ასე რომ, ვფიქრობ სიფრთხილეა საჭირო.

- როდესაც იმაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველომ რუსებისთვის სავიზო რეჟიმი, ან უნდა აუკრძალოს თუ არა მათ საერთოდ ქვეყანაში შესვლა, "ქართული ოცნებისა" და მთავრობის წევრების ნაწილმა თქვა, რომ ამაზე საუბარი ქსენოფობია და ცუდი ტონია. ისინი თითქოს იცავდნენ პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს. გასაგებია დიპლომატიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენზე დიდ და ძლიერ მოთამაშეს ეთამაშები. თუმცა ამ განცხადებებმა, მაინც გააღიზიანა ქართველების დიდი ნაწილი. თქვენ როგორ უყურებთ ამ შეხედულებებს?

-კარგად მესმის, რატომ გაბრაზდნენ ქართველები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს [სავიზო პოლიტიკა] ორმხრივი არ იყო და რუსეთში მოგზაურობა [ქართველებისთვის] ყოველთვის ადვილი არ ყოფილა.

ჩემი საქართველოში ცხოვრებისას უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მთავრობა არ უშვებდა ხალხს მაშინაც, როდესაც მათ ვიზები ჰქონდათ. მახსოვს, რომ კონფერენციებს ვაწყობდით და ყოველთვის, როდესაც ვინმეს მოწვევა მჭირდებოდა ცენტრალური აფრიკიდან, იქნებოდა ეს კენია, უგანდა თუ რუანდა, მათ ავტომატურად უარს ეუბნებოდნენ საზღვარზე.

უნდა ვისაუბროთ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში არსებულ ქსენოფობიაზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხდება რუსეთთან მიმართებით. მეტიც, მეჩვენება, რომ მათ უფრო რბილად და კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე, ან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც [საქართველოსთან] კონფლიქტი არ აქვთ. კენიას საქართველო არ აქვს ოკუპირებული, თუმცა მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისას პრობლემები აქვთ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეებისთვის უფრო მკაცრი პროცედურები უნდა დააწესონ.

- საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია...

- პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო - არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა [ირაკლი] კობახიძისა და სხვებისგან.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ ნატოს, ევროკავშირის წევრები.

ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან "ქართული ოცნების" წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა არ ვიცი, მთავრობას რას გადაწყვეტს.

- როგორც ახსენეთ, კამპანია ელჩი დეგნანის წინააღმდეგ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის საბოლოო მიზანი? ისინი, ვინც ამ კამპანიაში არიან ჩართულნი, ვერ ხვდებიან რამდენად საზიანო შეიძლება ეს იყოს, თუ, პირიქით, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ?

ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ დაბნეული ვარ. აკრიტიკებ [დასავლელ პარტნიორებს], ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. ასე რომ, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის, მაშინ ვფიქრობთ: "კარგი, მათ კურსი შეიცვალეს".

როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია.

მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პროდასავლური ღირებულებები, მინდა ამის მჯეროდეს. თუმცა ყველაფერი, რასაც ისინი [საქართველოს მთავრობა] აკეთებენ, საპირისპიროს მიუთითებს. ხალხის დასავლეთის წინააღმდეგ შემოტრიალება პირველი ნაბიჯია, რომელიც თუ უფრო ნეიტრალური, არამიმხრობითი სტატუსისკენ წავა, მაშინ ძალიან შემაშფოთებელი იქნება.

- ინტერვიუ რუსულ ნარატივებზე საუბრით დავიწყეთ და მინდა, რომ იმავე თემას დავუბრუნდეთ. თქვენ წლების განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობდით და მუშაობდით, თავადაც იყავით ყალბი ახალი ამბების და აგრესიული კამპანიის მსხვერპლი. ასევე, კარგად იცნობთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს. თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

[რუსული] დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ "მიმებზე" მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან "ინსტაგრამსა" და "ტიკტოკზე". ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ...

- საქართველოში რამდენიმე წელია აღარ ვცხოვრობ, ამიტომ საქართველოს შესახებ დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ. თუმცა გეტყვით, რომ ზოგადად, რუსული დეზინფორმაცია კვლავ ძლიერია და გარკვეულწილად უფრო ჭკვიანურიც გახდა.

მაგალითად, მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად, RT-ი და Sputnik-ი (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

[რუსული] დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ "მიმებზე" მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან "ინსტაგრამსა" და "ტიკტოკზე". ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ "სასარგებლო იდიოტები", ბოტები, თუ ჭკვიანური მედიის ვებსაიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.

თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები ყველაზე მეტად არიან ამისთვის მომზადებულნი. მათ უკვე ექსპერტიზა აქვთ გამომუშავებული. ბევრი კარგი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც რუსულ დეზინფორმაციას მონიტორინგს უწევს, აკვირდება და ამას დიდი ხანია აკეთებს. ასე რომ, მგონია, რომ ქართველები უფრო გამძლეები და მომზადებულები არიან [რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ], ვიდრე სხვა ქვეყნები.

XS
SM
MD
LG