Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფინანსებული დისკრედიტაციის კამპანია ელჩ დეგნანის წინააღმდეგ


MDF-ის პროექტის, „მითების დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტებელ კამპანიაში ჩართული არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკგვერდები, ანტილიბერალური და კრემლისტური ანგარიშები.  

მეთვალყურეებისთვის აშკარაა, რომ ბრალდებებითა თუ კონფრონტაციული შინაარსის შეკითხვებით, მიმდინარეობს განსაკუთრებული შეტევა აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის წინააღმდეგ.

როგორც MDF-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამოვლინდა "დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანია ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური ჯგუფების მხრიდან".

სასამართლოს საქმეებში ჩარევის ბრალდებები

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმარ ნიკა გვარამიას მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, მასთან საუბრისას, კელი დეგნანის სახელით, გამამტყუნებელი განაჩენისა და პატიმრობის მისჯის საფუძვლებით დაინტერესდა და, მისი შეფასებით, ეს იყო - „ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, რის შემდეგაც, საბოლოოდ, ის საელჩომ ამერიკაში გასამგზავრებელთა ჯგუფიდან ამოიღო.

„მითების დეტექტორის“ თანახმად, აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კამპანია აგორდა სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობასთან დაკავშირებული მისი განცხადების შემდეგ:

  • 2022 წლის 15 ივლისს, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა ("მეხუთე კოლონა/5 kolona" და "ტერენტი გლდანელი") იდენტური შინაარსის ქარდები ერთდროულად გამოაქვეყნეს. ფოტომონტაჟი ასახავს თემიდას ქანდაკებას კელი დეგნანის სახით. ეს ქარდები გამოქვეყნდა მსგავსი შინაარსის წარწერებით - „თვით სამართალი”… „თვითონ არის სამართალი!”.
  • იმავე დღეს, ზუსტად 10 წუთში, ერთ-ერთი ეს პოსტი ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ფეისბუკგვერდმა ("სექტა") გააზიარა. პოსტს ახლავს კიდევ ერთი წარწერა - „ყველაფერი ნათქვამია!!!“
  • "სექტას" პარალელურად, იმავე დროს, ეს პოსტები “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა გვერდმა ("სარკრაზმელები") გამოაქვეყნა; ხოლო კიდევ 10 წუთში, პოსტი ამ პარტიის მხარდამჭერმა კერძო ანგარიშმა (Goga Tukhareli) გაავრცელა.

„მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ აშშ-ის ელჩის მადისკრედიტებელი ზოგიერთი პოსტი დაფინანსებულია; რაც უფრო სწრაფად და უფრო ფართოდ გავრცელების შესაძლებლობას იძლევა.

  • კელი დეგნანთან დაკავშირებული ორი ქარდი დაფინანსებულია ფეისბუკგვერდ „მეხუთე კოლონის“ მიერ;
  • ასევე ელჩის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ირიბი ბრალდებების შემცველია სახელისუფლებო ფეისბუკგვერდ "GeoPress"-ის მიერ გამოქვეყნებული და აგრეთვე დაფინანსებული ორი პოსტი. მათზე მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების - მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის განცხადებებია გამოქვეყნებული.

დეპუტატები ელჩ დეგნანს მოსამართლის საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართავდნენ და იყენებდნენ ტერმინებს „უდიდესი სკანდალი“, „შემაშფოთებელია“.

საქართველოს ომში ჩართვის ბრალდებები

„მითების დეტექტორმა“ გამოავლინა დაფინანსებული პოსტები, რომლებიც ელჩის მისამართით ომში ჩართვის ბრალდებებსაც უკავშირდება.

  • ასეთი შინაარსის დასპონსორებული პოსტები გამოაქვეყნეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ფეისბუკგვერდებმა (GeoPress და სიახლეების ბლოგი • Blog News), რომლებიც საინფორმაციო სააგენტოების სახელით მოქმედებენ.
  • ამავე ფეისბუკგვერდებმა, ივლისის დასაწყისში, გამოაქვეყნეს „ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომელიც სწორედ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ეძღვნება. ყაველაშვილი ამ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი ახასიათებს არა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, არამედ ასეთი ნარატივით გამოირჩევიან აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანები. GeoPress-მა და „სიახლეების ბლოგმა” ეს პოსტები დააფინანსეს.
  • ამავე ფეისბუკგვერდებმა (GeoPress და სიახლეების ბლოგი • Blog News), ასევე დააფინანსეს „ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი, 25 ივლისს, მათ მიერ ერთობლივად გამოქვეყნებული მორიგი წერილიდან. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს დეპუტატები მოუწოდებენ, განმარტოს - შეხვდა თუ არა კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების (2022 წლის 24 თებერვლის) შემდეგ, რომელი მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა და რა იყო განსახილველი თემა.

28 ივნისს, „ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ არსებობენ „დიდი ძალები”, რომელთაც საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა ამოძრავებთ.

"მითების დეტექტორის" ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ პერიოდში არაერთმა ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა ქარდი, რომელზეც ასახულია კაცი ზღვაში გადაგდებული ანკესით და ჩანს წარწერა „კანდიდატის სტატუსი“ .

კაცს აშშ-ის ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებული ბიძია სემის მსგავსი ქუდი ახურავს და ანკესით იჭერს თევზს, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თავიანთ (29 ივნისის) ერთობლივ წერილში ხალხის მღელვარების, „რევოლუციური მუხტის“ შესაქმნელად გამოყენებულ „სათაგურს “ უწოდებენ და წერენ, რომ ამ „ერთგვარ სათაგურში“ „საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“.

„მითების დეტექტორმა“ გამოიკვლია, რომ ზუსტად ასეთივე გამოსახულებითა და იდენტური წარწერებით - „ომი თუ მშვიდობა – საქართველო დილემის წინაშე” - დეპუტატების წერილი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებაში (for.ge, infopostalini.com, kvira.ge, ongo.ge, mpn.ge) გავრცელდა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატების შეკითხვას ნაწილობრივ უპასუხა, 27 ივლისს გამოქვეყნებულ თავის ღია წერილში. მან თქვა, რომ კელი დეგნანის ინიციატივით, შეხვედრა 21 მარტს შედგა.
თავად ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია და როცა კი შეხვედრია, არასდროს უცდია „ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება“.

ამ თემას ეძღვნება კვლევაში აღრიცხული კიდევ ორი ვიდეო: დასპონსორებული ვიდეო წარწერით - „რას ამბობდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ” - გაავრცელა ფეისბუკგვერდმა „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“; ხოლო მეორე ვიდეო კვლავ „სახელისუფლებო ინდივიდუალური ანგარიშის“ - „ტერენტი გლდანელის” მიერ ვრცელდება კომენტარით - „კელი დეგნანს დროის აღქმა აქვს დაკარგული”.

ასევე, "მითების დეტექტორის“ კვლევის თანახმად, ფეისბუკგვერდი "სექტა" ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა დეგნანთან შეხვედრის ფაქტის დადასტურებით, ფაქტობრივად, ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობის მოთხოვნა დადასტურდა.

ბიძინა ივანიშვილს თავის წერილში არ უთქვამს, რომ ელჩი მას საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე დაელაპარაკა.

თუმცა ასე განმარტეს მისი სიტყვები სხვებმა.

ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნა საქართველოს ომში ჩართვის მიზანთან არის დაკავშირებული.

„აი იამ” შაქარიშვილის განცხადება დაასპონსორა. "მითების დეტექტორი" აღნიშნავს, რომ ეს განცხადება ასევე გამოქვეყნდა ფეისბუკგვერდებზე: "არ აგარევინებთ", "არ აგარევინებთ • ar agarevinebt".

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში სდებდა ბრალს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა თავის წერილში, რომელიც, კვლევის თანახმად, დაასპონსორეს ფეისბუკგვერდებმა - “სიახლეების ბლოგი” და GeoPress-ი.

„მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ ვებგვერდი 5kolona.com.ge შექმნილია 2022 წლის 7 მარტს და მისი IP მისამართი თბილისშია რეგისტრირებული.

ამ დროისთვის, ეს გვერდი არ ფუნქციონირებს, „რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ფეისბუქის გამჭვირვალობის წესების დასაკმაყოფილებლად არის მითითებული“.

ანგარიშის თანახმად, ამ ფეისბუკგვერდზე, 11 მარტიდან 21 ივლისის ჩათვლით, სულ გამოქვეყნებულია 32 პოსტი და ყველა მათგანი დაფინანსებულია. ელჩ დეგნანის გარდა, კვლევის თანახმად, 5kolona.com.ge -ს მიერ დაფინანსებული მადისკრედიტებელი პოსტები „ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, სოროსის ფონდის, დემოკრატიის მცველების, სირცხვილიას) და პოლიტიკური ოპონენტების (მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია) წინააღმდეგ არის მიმართული“.

XS
SM
MD
LG