Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ირჩევენ ტურისტები გუდაურს და რამდენად უსაფრთხოა პარაპლანით ფრენა - ინტერვიუ


ლაშა ჯაფავა
ლაშა ჯაფავა

29 ივლისს გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, როცა ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის ამ სახეობის რეგულირებაზე დაიწყეს საუბარი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მუშაობა დაიწყება პარაპლანით ფრენის რეგულაციების გასამკაცრებლად, მანამდე კი ფრენა დროებით შეჩერდება.

საქართველოში არის თუ არა პარაპლანით ფრენა უსაფრთხო, რატომ იზიდავს ტურისტებს გუდაურის მთები და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ - რადიო თავისუფლებას პარაპლანისტი, ლაშა ჯაფავა ესაუბრა.

რამდენად უსაფრთხო ადგილია გუდაურის რაიონი პარაპლანით საფრენად?

ლაშა ჯაფავა
ლაშა ჯაფავა

რისკის ფაქტორები არის, კლდიანი ადგილია. არაერთხელ გვიფრენია და შევსულვართ მაგ ადგილზე. ყველამ ვიცით და ყოველთვის ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ უხეში თერმული ნაკადებია. მაგრამ თავისი პლუსები აქვს - იმ ადგილზე ადიხარ [სითბური ნაკადების გამო] მაღლა და ეს გიბიძგებს ადამიანს [იქ ფრენას], გიზიდავს, რომ სიმაღლე აკრიფო. ერთმანეთს ვურჩევდით, რომ იქ ფრენა არ შეიძლებოდა, მაგრამ შევდიოდით - სხვაგან თუ დაბლა მიდიხარ, იქ მაღლა იწევი.

გუშინდელი შემთხვევა რატომ მოხდა?

მე არ ვყოფილვარ იქ და უფლება არ მაქვს შევაფასო, მით უფრო, როცა ამხელა უბედური შემთხვევა მოხდა. მაგრამ ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ არის უხეში სითბური ნაკადები.

რას შვება ეს სითბური ნაკადები, რაზეც თქვენ საუბრობთ?

მაღლა გწევს - უხეში ქარია, რომელიც ღრუბელს ქმნის - ბუშტი სკდება და ცხელი ნაკადი ზემოთ გწევს. ეს არის ამ სპორტის ხიბლი, რაც უფრო მაღლა ახვალ, მით უფრო დაცულად და უსაფრთხოდ ხარ, გაქვს სხვა შეგრძნება, ემოცია. რაც უფრო მაღლა ახვალ, მით უფრო მაგარია.

თერმული ნაკადი იგივეა, რაც ჯომარდობის დროს წყალი, როგორ ტრიალებს და ბობოქრობს. საზვავე ზონებში, როცა ვსრიალებთ, ვიცით, რომ რაღაც შეიძლება მოწყდეს.

ანუ ექსტრემალებს იზიდავს გუდაური?

გუდაურს ვიცით რამხელა პოტენციალი აქვს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ პარაპლანით საფრენად ეს არის მექა, უნიკალური ადგილია - ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა სახელმწიფომ ზურგი გვაქცია.

საქართველოსთვის ეს სავიზიტო ბარათია. თხილამურით სრიალი მხოლოდ ზამთარში შეიძლება და პარაპლანით ფრენა - ზამთარ-ზაფხულ. ტურისტებისთვის კარგია ხინკალი, სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სხვა აქტივობაც უნდა. თოვლში სრიალისგან განსხვავებით, პარაპლანით ფრენას უნარ-ჩვევებიც არ სჭირდება - 5 წლის ბავშვი და 85 წლის ქალი გვიფრენია. უსაფრთხოა, მაგრამ ხელშეწყობა გვინდა.

რას ითხოვთ სახელმწიფოსგან?

სახელმწიფოსგან რომ ყოფილიყო წესები დადგენილი, ეს არ მოხდებოდა. აუცილებელია ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მოწყობა, წინა ინციდენტების შესწავლა - რის გამო და რატომ მოხდა. უნდა მოხდეს სტანდარტის დადგენა - რომ შენ, როცა სხვას აფრენ, ეს წესები უნდა დაიცვა, მაგრამ როცა მარტო დაფრინავ, ეს სხვა საკითხია.

ლაშა ჯაფავა
ლაშა ჯაფავა

როგორც სამშენებლო კომპანიებს მოეთხოვებათ წესების დაცვა, პანტაპუნტით რომ ცვიოდა ხალხი, ხომ შეიქმნა პრეცედენტი. თოვლზე სრიალის დროს არსებობს ზვავსაშიში ზონები - ვიღაცამ ხომ უნდა დასვას ნიშანი, რომ არ შეიძლება იქ სრიალი - ელემენტარული რეგულაციებია საჭირო. მსგავსია ესეც - შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებია დასაცავი. ყველა უბედური შემთხვევის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

ახლა უნდათ ხელი შეგვახოცონ - არაპროფესიონალიზმის გამო ეს შემთხვევა არ მომხდარა. ჩვენ ამ შემთხვევას თავიდან ავირიდებდით, რომ ყოფილიყო ნორმები დადგენილი.

არ არის ეს საშიში აქტივობა, ერთ-ერთი სანახაობრივი აქტივობაა. თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ თხილამურებით სრიალს, ველოსიპედით სეირნობას, მთაზე ასვლას. უბედური შემთხვევების მხრივ, ველოსიპედით სიარულის დროს უფრო ბევრი ინციდენტი ხდება, ვიდრე პარაპლანით ფრენის დროს. მისი აგებულება იმდენად უსაფრთხოა, რომ მანდ პილოტაჟი არის 20 პროცენტი - განსაკუთრებით, როცა ორი ადამიანი მიფრინავს.

XS
SM
MD
LG