რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ გახდა. ევროკავშირი ომის შესაჩერებლად და აგრესორის დასასჯელად, ერთი ხელით, მოსკოვს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მეორე ხელით კი, რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვით, როგორც კიევს მიაჩნია, იმავე ომს აფინანსებს.
ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში, რომელიც ბრიუსელმა ამ კვირას უნდა მიიღოს, რუსული გაზი კვლავ ვერ მოხვდება, რადგან, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ უთხრა სააგენტო Reuters-ს, ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.
იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაეხმაროს, ბრიუსელი აზერბაიჯანული გაზის იმპორტის გაორმაგებაზე იწყებს საუბარს, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფნით საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს.
და სწორედ იმ დღეს, როდესაც ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს ხელისუფლებიდან სულ სხვა შინაარსის წერილით მიმართეს. 18 ივლისით დათარიღებულ წერილში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვლი მას ბიძინა ივანიშვილის „ფინანსური გადარიცხვების შეჩერებაზე“ წერდა და ევროკომისიას „დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციასთან“ მკაფიო გამიჯვნას სთხოვდა.
ევროპა სანდო, სტაბილურ გზებს ეძებს
ევროკავშირი მშვიდობიან, სტაბილურ, სანდო ენერგეტიკულ კავშირებს ინტენსიურად ეძებს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით საბოლოოდ აჩვენა ნამდვილი სახე, გაზის მიწოდება შეუწყვიტა ევროკავშირის 10-ზე მეტ ქვეყანას და ევროპელებს ცივი, სასტიკი ზამთრით ემუქრება.
ორშაბათს, 18 ივლისს, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა უთხრა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის „საიმედო და სანდო“ პარტნიორია და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, 2027 წლამდე, ეტაპობრივად გაორმაგდება. შესაბამისად, სამხრეთის გაზის დერეფანიც ევროკავშირის დახმარებით გაფართოვდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტი ევროკავშირისთვის. მისი გავლით ყოველწლიურად ხდება 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება [ევროკავშირში]. რამდენიმე წელიწადში მის გამტარუნარიანობას 20 მილიარდამდე გავზრდით. მომავალ წელს მაჩვენებელი უკვე 12 მილიარდი იქნება... ასე შევამცირებთ რუსეთიდან მიღებული გაზის მოცულობას და შევიტანთ მნიშვნელოვან წვლილს ევროპის უსაფრთხო მომარაგებაში“, - ასეთია ევროკავშირის გეგმა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაქოში გაახმოვანა.
ურზულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ სამომავლოდ აზერბაიჯანი გახდება ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი განახლებადი ენერგიის სახეობების მიწოდებისა და გარემოს დაცვის კუთხით. ორშაბათს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ასევე ითქვა, რომ აზერბაიჯანთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანასთან, ევროკავშირში მზადდება სრულიად ახალი ეკონომიკური შეთანხმება.
სამხრეთის გაზის დერეფნით - „შახ-დენიზი 2“-ის ფარგლებში, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.
იმ დროს საქართველოს მთავრობამ განმარტა, რომ საქართველოზე გატარებული ნაკადიდან ქვეყანა გაზს „საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ იაფად მიიღებს“, 2066 წლამდე გაფორმებული „კონტრაქტი საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნას გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად“; ხოლო დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს“.
თავისთავად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის იმპორტის გაორმაგებაში ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და უსაფრთხოების ამოცანებთან დაკავშირებულ სარგებელს ხედავს ეკონომიკის დოქტორი, „სფერო ინვესტის“ პროექტების მენეჯერი რამაზ გერლიანი.
„ამ პროცესში გაიზრდება საქართველოს, როგორც სტრატეგიული არეალის მნიშვნელობა. აზერბაიჯანის გარდა, ცხადია, ვიძენთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვისაც, რადგან ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და დივერსიფიცირება ახლა [უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე] მსოფლიოს ცივილური სამყაროს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია“, - ამბობს ის.
როგორ ეხმაურება საქართველო ბრიუსელსა და ბაქოს შორის გაფორმებულ დოკუმენტს? დაწყებული აქვს, ან აპირებს თუ არა, ჩართვას მოლაპარაკებებში?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხს დაჰპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში, 18-19 ივლისს, უზბეკეთსა და თურქმენეთში იმყოფებოდა.
შესაძლებლობების გამოყენება, სტაბილურობა, განვითარება
ღარიბაშვილის 18 ივლისის წერილის შინაარსმა გაკვირვებული დატოვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მისი ვარაუდით „ეს წერილი ვერანაირად ვერ დააინტერესებს ევროკომისიის პრეზიდენტს“, „ეს წერილი ვერანაირად ვერ დააპირისპირებს ქალბატონ ურზულას ევროპარლამენტთან “ და „ვერც იმ მიზანს მოემსახურება, რომელიც წერილის ავტორს ჰქონდა სინამდვილეში“.
„იმის მაგივრად, რომ წინასწარ შევთანხმებოდით აზერბაიჯანს, შემდეგ მოგვეთხოვა ევროკომისიისთვის ბაქოში გამართულ შეხვედრაზე დასწრება და გვეთქვა, რომ სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას ჩვენს ტერიტორიაზე ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რადგან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან ღირებულია... ასეთი მიმართვის ნაცვლად, ურზულა ფონ დერ ლაიენმა მიიღო გაურკვეველი წერილი [პრემიერისგან]... სამწუხაროდ, ჩვენი ტაქტიური ნაბიჯები აბსოლუტურად არის აცდენილი ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებთან“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.
რამაზ გერლიანი ამბობს, რომ მილსადენების გავლით გაზის იმპორტის ზრდის გარდა, შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ასევე, მაგალითად, ნავთობისა და სხვა ტვირთების საქართველოს გავლით რკინიგზით გატარება და ყოველი ასეთი შესაძლებლობის გამოყენება ქვეყნისგან უპირველეს ყოვლისა „სტაბილურობასა და სანდო პარტნიორის იმიჯს“ მოითხოვს.
„თუკი საქართველოში არ იქნება განვითარება, არ იქნება სტაბილურობა და ნდობა... ეს ევროპის ენერგოგადაზიდვებსაც შეუქმნის პრობლემას და ეს ევროკავშირს ძალიან კარგად ესმის“, - ამბობს გერლიანი.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნებიან, რომ სანდო პარტნიორის იმიჯის აღსადგენად, საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, „რადგან ევროკავშირი სწორედ ასე ხედავს საქართველოს რეალური განვითარებისა და სტაბილურობის შესაძლებლობებს“ და რაზეც, მათი თქმით, პირდაპირ არის მიბმული საქართველოსთან ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირში ინტეგრაცია.