ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს საგანგებო ვითარების გეგმები, რათა მოემზადოს რუსეთიდან გაზის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევისთვის.
ფონ დერ ლაიენის თქმით, კომისიას დაგეგმილი აქვს, ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადოს მთელი ევროკავშირის მასშტაბით საგანგებო გეგმები, რათა უზრუნველყოს „გაზის მიწოდება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო“ იმ შემთხვევაში, თუკი სრულად შეწყდება რუსეთიდან გაზის მოწოდება.
ევროკავშირმა უკვე დაუწესა რუსეთს სანქციები და უარს ამბობს რუსეთის მიერ კონტროლირებულ იმპორტზე. მაგრამ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბლოკი მზად უნდა იყოს მოსკოვიდან მომავალი რყევებისთვის.
„ჩვენ ახლა ასევე უნდა მოვემზადოთ გაზის მოწოდების შემდგომი შეფერხებებისთვის და რუსეთის გაზის მოწოდების სრულად შეწყვეტისთვისაც კი“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. „აშკარაა, რომ პუტინი განაგრძობს ენერგომატარებლების გამოყენებას იარაღად“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთმა ევროკავშირის უკვე 12 წევრს შეუწყვიტა გაზით მომარაგება.