Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კანდიდატის სტატუსი არის საშუალება, მიზანია, საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს” - ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან


ვანო ჩხიკვაძე, "ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი
ვანო ჩხიკვაძე, "ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სავარაუდოდ, 15 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შეფასება, რომლის საფუძველზე 27 ქვეყნის ლიდერი, პასუხს გასცემს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს.

ევროპული საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება.

ევროკავშირის პასუხს თბილისი მმართველი და ოპოზიციური პარტიების ურთიერთბრალდებების ფონზე ელის. გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ კრიტიკა ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის, ჰაინრიჰ ბიოლის თბილისის ოფისის წარმომადგენელთან, სონია შიფერსთან თანაავტორობით გამოქვეყნებულმა სტატიამაც გამოიწვია. ავტორები წერდნენ, რომ საქართველოსთვის, სადაც დემოკრატია უკუსვლას განიცდის, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჯობს, ვინაიდან სრული კანდიდატობის მინიჭება ხელს შეუშლის ევროკავშირს, „დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური ბერკეტები და ძირს გამოუთხრის მის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული აქტორის სანდოობას“.

პოტენციური კანდიდატობა, სტატუსი, რომელიც ახლა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოს აქვთ, გარკვეული პირობების შესრულებას გულისხმობს კანდიდატი წევრის სტატუსის მიღწევამდე. გასული კვირის განმავლობაში ბრიუსელში ინფორმირებული წყაროები რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ კონსენსუსი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიაში ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის, მათ შორის არც უკრაინის მიმართ არის მიღწეული.

როგორ გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს თბილისი ევროკავშირიდან და რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ევროპისკენ? - ყველა შესაძლო სცენარი რადიო თავისუფლებამ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად განიხილა, რომელიც ფიქრობს, რომ ბრიუსელი ნებისმიერ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თან პირობებს დაურთავს.


რადიო თავისუფლება: კანდიდატობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, კანდიდატობამ უნდა დააჩქაროს წევრობა. ამ კუთხით, რეფორმების დაჩქარება იქნება თუ არა ვალდებულება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?

ვანო ჩხიკვაძე: ჯერ ძალიან ძნელია თქვა, რა შეიძლება [მოხდეს], ვნახოთ, ბევრი დრო აღარ დარჩა. რამდენიმე დღეში დავინახავთ, ევროკომისიის დასკვნა როგორი იქნება.

იქნება ეს კანდიდატობა, თუ პოტენციური კანდიდატობა, ამას აუცილებლად მოჰყვება პირობითობა. ეს შეეხება, დიდწილად, იმ პოლიტიკურ ნაწილს, რაც უკავშირდება, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, პირად თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვას და ა.შ. ასე რომ, ეს პირობითობა, სავარაუდოდ, იარსებებს და უახლოეს დღეებში გავიგებთ, იქნება ეს კანდიდატის სტატუსთან, თუ პოტენციური კანდიდატის სტატუსთან ერთად.

რადიო თავისუფლება: რას მოგვიტანს თუნდაც “პირობითობა”?

ვანო ჩხიკვაძე: პირობითობა მარტო ასე ცალკე აღებული არაფერს მოგვიტანს, თუკი არ შევასრულებთ მას. თუ მას შევასრულებთ, გვეყოლება სასამართლო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი; გვეყოლება მოსამართლე, რომელიც არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა სატელეფონო ზარს განახორციელებენ მასზე და ვინ რას ეტყვის. გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც არჩევნების წინ გადაწყვეტილებას მიიღებენ თავად და არა იმის მიხედვით, ვინ რას დაავალებს. გვეყოლება უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პირად მიმოწერებს, სატელეფონო საუბრებს არ მოუსმენენ იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტენ ისინი, არამედ, ამას გააკეთებენ კანონის მიხედვით და მაშინ, როცა კანონით იქნება განსაზღვრული. ბევრი რამ არის, რამაც შეიძლება, მოიტანოს პირობითობის ცნება.

რადიო თავისუფლება: კანდიდატის სტატუსი, თუნდაც პირობებით, გულისხმობს თუ არა ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთებას?

ვანო ჩხიკვაძე: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ვისაც წაუყენეს ეს პირობები, სერბეთისთვის, მონტენეგროსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, ალბანეთისთვის, არ მიუციათ ვადები, რომ ამ დროში უნდა გააკეთოთ [რეფორმები]. ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზე, რამდენად გაზრდის ანგარიშვალდებულებას და ეს დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, რამდენად ექნება მას სურვილი, ეს შეცვალოს. ევროკავშირი ამ პროცესში მას უბრალოდ ეხმარება.

რადიო თავისუფლება: პირობითობის გარდა განიხილება სხვა სცენარები. რა ხდება უარის შემთხვევაში? თუკი არც უარი და არც კანდიდატობა, კიდევ რა ვერსიებია?

ვანო ჩხიკვაძე: უარს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები ისე შორსაა წასული, არ არსებობს შანსი, უარი გვითხრან. ამის ალბათობა ფაქტობრივად არ არსებობს.

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ეს შეიძლება, იყოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც პრინციპში ნიშნავს იმას, რომ საქართველო ოდესმე გახდება ევროკავშირის წევრი.

პოტენციური კანდიდატის სტატუსი არის ის, რაც აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას, თეორიულად, აქვს კოსოვოს, ალბანეთს. ესეც ერთ-ერთი ვერსიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ გააქტიურდება მაშინ, როდესაც ქვეყანა შეასრულებს იმ პირობებს, რაც თან ახლავს ამ კანდიდატის სტატუსს.

ასევე, შეიძლება, რომ გადაიდოს [სტატუსის მიღება], ყველაფერია შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია მედიის როლი, სამოქალაქო საზოგადოების როლი, ხელისუფლების როლი, როგორ ავუხსნით ამას მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება პოტენციური კანდიდატის სტატუსი, ეს არ ნიშნავს უარს, პირიქით. უბრალოდ იმისთვის, რომ მივიდეთ იქამდე, უნდა გავიაროთ საგზაო რუკა.

ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რომ მოგვცემდნენ უვიზო მიმოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებდით გარკვეულ პირობებს, ჩვენ ეს პირობები შევასრულეთ და მივიღეთ უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა არა მარტო იმაში დაგვეხმარა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია უვიზოდ ვიაროთ შენგენის ქვეყნებში, არამედ, დაგვეხმარა იმაშიც, რომ გარკვეული მიმართულებებით კანონმდებლობაში ბევრი რამ დაგვეხვეწა.

რადიო თავისუფლება: საუკეთესო ვარიანტის, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, რა ფინანსურ გარანტიებს ელის საქართველო?

ვანო ჩხიკვაძე: კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოს წვდომა უჩნდება ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, რაც ზრდის დაფინანსებას და რაც შეიძლება, წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან.

ხშირ შემთხვევაში, ეს ებმის პირობითობას, რაც მოხდა გასულ წელსაც, როდესაც საქართველომ პირობითობის ვერშესრულების გამო დაკარგა 75 მილიონი ევრო. იგივე პირობითობა იმოქმედებს ამ შემთხვევაშიც, ანუ ფინანსურ რესურსზე წვდომა იზრდება, თუმცა პირობითობის მომენტი მეტად შემოდის, უფრო სერიოზულია ევროკავშირის მიდგომა ამ თვალსაზრისით. ეს დაფინანსება თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, განსაკუთრებული აქცენტია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური სიგნალი, ზოგადად, და ეს არის გადაწყვეტილება ევროკავშირისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, დაიწყება მოლაპარაკებები და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი არაა მიზანი, მიზანია, საქართველო გახდეს უკეთესი ქვეყანა. კანდიდატის სტატუსი ამის საშუალებაა.

რადიო თავისუფლება: ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, კონკრეტულად, რამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში სკეპტიციზმი? და რა უნდა დაუპირისპირდეს ამას?

ვანო ჩხიკვაძე: თუ ანტიევროპული ძალები მოახდენენ თავის კონსოლიდაციას და თუ მოხდა გაყოფა უკრაინისა და მოლდოვის საქართველოსგან, ბევრმა შეიძლება აღიქვას, რომ ეს არის ომის გამო. ამაზე შეიძლება, იყოს გარკვეული სკეპტიციზმი. მე იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებას შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, თუ რა უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ასე.

ძალიან კარგად ესმით ევროკავშირში ეს საკითხიც, რომ ასეთმა გაყოფამ შეიძლება გარკვეული ანტიევროპული ძალების გაძლიერება გამოიწვიოს.

იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, სწორი კომუნიკაცია უნდა მოხდეს და სწორად უნდა აუხსნან, საქართველოს მოქალაქეებისთვის რას ნიშნავს ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ევროკავშირი. ეს უნდა იყოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება: სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით, მოსახლეობის 80%-ზე მეტის სურვილია ევროინტეგრაცია, ასევე პეტიციების მეშვეობით, მოქალაქეები აკეთებენ ევროპულ არჩევანს. ის, რომ ხალხს სურს ევროინტეგრაცია, რამდენად გასათვალისწინებელია და რას ნიშნავს ეს ევროკავშირისთვის?

ვანო ჩხიკვაძე: ეს დადასტურებაა, რომ ეს არაა რომელიმე ხელისუფლების არჩევანი, ეს არის არჩევანი, რასაც აკეთებს და იმედია, სამომავლოდაც გააკეთებს ქართველი ხალხი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბევრი სხვადასხვა კომპონენტი მონაწილეობს და ბუნებრივია, ეს [ხალხის მხრიდან] მხარდაჭერის ნაწილიც მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ესაა ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის, რასაც გარკვეულწილად ევროკავშირი ანგარიშს უწევს, როცა ის ფიქრობს საქართველოზე.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG