Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალა ომმა 100 დღეში - ფაქტები და რიცხვები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ


უკრაინის ქალაქ მარიუპოლს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დონეცკის ოლქი, ქალაქი მარიუპოლი - 25 მაისი, 2022 წელი.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დონეცკის ოლქი, ქალაქი მარიუპოლი - 25 მაისი, 2022 წელი.

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნის, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჯერჯერობით სისხლისმღვრელ ომს ბოლო არ უჩანს და მეტიც, ზოგიერთი შეფასებით - ომის არანაკლებ რთული, ხანგრძლივი ფაზები ჯერ ისევ წინ არის.  

კრემლის თავდაპირველი ამოცანა - „ბლიცკრიგად“ ჩაფიქრებული ე.წ. სპეციალური საბრძოლო ოპერაცია 2-3 დღეში ვერ შესრულდა. ფაქტია ისიც, რომ პუტინის რუსეთმა თავდაპირველად დეკლარირებულ მიზნებს - უკრაინის სრულ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას - 100 დღეში ვერ მიაღწია.

ამ 100 დღეში, ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. პროცესში განსაკუთრებული გარდატეხა „ბუჩის მოვლენებმა“ შეიტანა.

ამ 100 დღეში გაფართოვდა უკრაინის მეგობარი ქვეყნების წრე, ხოლო რუსეთი „გეოპოლიტიკურ მარტოობაში“ აღმოჩნდა. რადიკალურად შეიცვალა უკრაინის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის ხარისხი და ძალისხმევა - თუკი საწყის ეტაპზე უკრაინას ძირითადად მხოლოდ საბჭოთა წარმოების შეიარაღებას აწვდიდნენ, ომის მე-100 დღეს ის უკვე ნატოს სტანდარტების შეიარაღებითა და მრავალი შთამბეჭდავი დაპირებით ხვდება.

  • რა მოიტანა და რა შეცვალა ომის 100-მა დღემ?
  • რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე და როგორია პროგნოზები?

რუსეთის არმიის ოფიცრებს აშკარად არ გამოადგათ სააღლუმო უნიფორმები, რომლებითაც, მათი გათვლით, 24 თებერვლიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, უკრაინაზე გამარჯვების აღსანიშნავად, კიევის მთავარ გამზირზე უნდა გაევლოთ. ომის მე-100 დღეს რუსი სამხედროები დონბასში მძიმე ბრძოლებში არიან ჩართული და, კიევის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი უკვე თითქმის 31 000-ს უტოლდება.

თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქი ვერ აიღო და, 19 აპრილიდან, კონცენტრირებულად უტევს დონბასს, რუსეთის არმია, მასშტაბური ნგრევითა და დიდი მსხვერპლით, ისევ ცდილობს წინ წაწევასა და ახალი ტერიტორიების დაპყრობას.

კიევის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამპყრობლები ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ; თუმცა 3620 დასახლებული პუნქტიდან, სადაც რუსეთის ჯარები შევიდნენ, უკრაინელმა მებრძოლებმა 1017 უკვე გაათავისუფლეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 100 დღეში, რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაიპყრო იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე 2014 წლიდან აკონტროლებდა. მათ შორის არის ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც თვეების მანძილზე გმირულად იცავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, პოლკ „აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები.
მთავარსარდლისგან „სიცოცხლის გადარჩენის“ ბრძანების მიღების შემდეგ, 16-17 მაისს ისინი რუსულ მხარეს ჩაბარდნენ და ახლა მათ კრემლი გასამართლებას უპირებს.
მარიუპოლის გარდა, რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდა ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ნაწილი და ქალაქ სევეროდონეცკის ნაწილი.

ომთან დაკავშირებით, მხარეები, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავ სტატისტიკასა და მასალებს ავრცელებენ.

მსხვერპლი და ნგრევა

ომის 100 დღეში, ცოცხალი ძალის მასშტაბური დანაკარგი განიცადა ორივე მხარემ.

კიევი არ აქვეყნებს სრულ მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი მებრძოლი შეიწირა ომმა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა ორიოდე დღის წინ - უკრაინა დღეში 60-100 მებრძოლს კარგავს.

ამ 100 დღეში ომმა 14 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 2 - უკრაინის მოქალაქე იყო. მათი ნაწილი მრავალი კვირის განმავლობაში მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდა.

გაეროს მიერ 29 მაისს გავრცელებული მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 6.8 მილიონს გადააჭარბა.

კიდევ 8 მილიონი ადამიანი - ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად იქცა.

ბავშვები

იუნისეფი აცხადებს, რომ ომმა უკრაინული ბავშვებისთვის ისეთი მასშტაბის „დამანგრეველი შედეგები“ მოიტანა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში, სულ ცოტა, 262 ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ 415 დაიჭრა.

გაეროს სტატისტიკით, უკრაინაში ყოველდღე იღუპება 2-ზე მეტი ბავშვი, ხოლო 4-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა სახის ჭრილობას იღებს. ეს ძირითადად ხდება საცხოვრებელ პუნქტებზე შეიარაღებული თავდასხმის დროს - ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით.

გაეროს მონაცემებით:
ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს 5.2 მილიონი ბავშვი: 3 მილიონი - საკუთრივ უკრაინაში, ხოლო კიდევ 2.2 მილიონი - ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებში.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 დევნილად იქცა.

კიევის ბოლო მონაცემებით, უკრაინამ უკვე განიცადა 600 მილიარდი დოლარის ზარალი; საიდანაც 105 მილიარდი განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე მოდის. უკრაინაში განადგურდა 200 ქარხანა.

НВ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც სრულად არ ასახავს ნგრევის მასშტაბებს:

  • 44 მილიონ კვ. მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი;
  • 23.8 ათასი კილომეტრი საავტომობილო გზა;
  • 6.3 ათასი კმ სარკინიგზო ხაზი;
  • 41 სარკინიგზო ხიდი;
  • 643 სამედიცინო დაწესებულება;
  • 1123 სასწავლო დაწესებულება;
  • 621 - საბავშვო ბაღი;
  • 19 - ნავთობბაზა;
  • 19 სავაჭრო ცენტრი.

ქალაქებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დანგრეულია: მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.

კიევი იუწყება, რომ მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია და მათი 40% - აღდგენას ვეღარ დაექვემდებარება.

მეტი მოკავშირე, უკეთესი შეიარაღება

ომის 100 დღის ისტორია ბევრისთვის 2 ნაწილად დაიყო - „ბუჩის მოვლენებამდე“ და მას შემდეგ, როცა მსოფლიო შეაძრწუნა რუსი სამხედროების სისასტიკემ - მშვიდობიანი ადამიანების მასობრივად დახოცვამ და ბავშვების გაუპატიურებისა და მოკვლის არაერთმა ფაქტმა.

100 დღის მანძილზე ომმა ბიძგი მისცა მსოფლიოსთვის მანამდე მოულოდნელ და ზოგჯერ - უპრეცედენტო მოვლენებს:
  • პირველად უკრაინის შემთხვევაში გამოყო ფული ევროკავშირმა შეიარაღების შესაძენად;
  • უპრეცედენტო სისწრაფით მოხდა 3 ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების შეტანა და ევროკომისიის კითხვარების შევსება. მანამდე, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში, ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ჩანაწერიც არ არსებობდა;
  • სანქციების ფარგლებში, დაიწყო უარის თქმის პროცესი რუსულ ენერგომატარებლებზე (გაზი, ნავთობი) - რასაც მოსკოვი წლების განმავლობაში სადამსჯელო პოლიტიკურ იარაღად იყენებდა;
  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს კიდევ დასჭირდა ლენდ-ლიზის აქტის გამოცემა, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე უკრაინისთვის;
  • დღის წესრიგში დადგა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, რაც მანამდე არც ამ ქვეყნებს სურდათ და რუსეთიც წარმოუდგენელ, მიუღებელ მოვლენად თვლიდა;
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში პირველად, 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვმა.

აპრილის დასაწყისის გახმაურებულმა ბუჩის შემზარავმა ამბებმა ბიძგი მისცა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.

ამჟამად უკრაინას, სხვადასხვა სახით, 50-მდე ქვეყანა ეხმარება და მათ შორის - თანამედროვე შეიარაღებითაც, თუმცა - განსხვავებულია ტემპები და მონდომება. კიევი ხშირად ახსენებს, რომ, მაგალითად, ჯერაც არ მიუღია გერმანელების მიერ თვეების წინ დაპირებული სამხედრო ტექნიკა.

დამხმარეთა შორის კვლავინდებურად ლიდერობს აშშ, რომელმაც, არაერთი ეტაპის შემდეგ, უკრაინას ლენდ-ლიზის ფარგლებში 40 მილიარდი დოლარიც გამოუყო. პენტაგონმა ორგანიზება გაუკეთა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრის შექმნასაც.

აშშ-სთან ერთად ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით უშუალო სახმელეთო მეზობელი პოლონეთი.

უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის ხარისხიანი იარაღის მიწოდება აშფოთებს რუსეთს და მოსკოვიდან პერიოდულად ისევ ისმის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ექსპერტების შეფასებით, კრემლმა შეძლო, რომ შეეფერხებინა, მაგალითად, უკრაინისთვის 300 კმ-ის რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდება, HIMARS-ის ტიპის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის.

1 ივნისს ვაშინგტონში გამოცხადდა, რომ უკრაინას მალე მაინც ექნება 70 კილომეტრამდე რადიუსზე მოქმედების საბრძოლო მასალები, მისთვის გადასაცემად მომზადებული Himars-ებისთვის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კოლინ კალის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ ამ სისტემას მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენებს.

მანამდე უკრაინა დიდი სიხარულით შეხვდა HARPOON-ის ტიპის მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიღებას, რომლებსაც კიევი, მათ შორის - რუსეთის მიერ დაბლოკილი საექსპორტო მარცვლეულის ქვეყნის გარეთ გატანის პერსპეტივებს უკავშირებს.

ამ 100 დღეში რუსეთმა მთელი მსოფლიოსთვის სასურსათო კრიზისის შექმნაც მოასწრო, უკრაინის პორტებში მარცვლეულის დაბლოკვით და ახლა ამ მოცემულობას შანტაჟისთვის იყენებს - დასავლური სანქციების მოხსნის მიზნის მისაღწევად.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, უკრაინის ინტერესების ხარჯზე, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებასა და „პუტინისთვის სახის შენარჩუნებას“ ლობირებს - საფრანგეთი, გერმანია, იტალია და უნგრეთი.
უკრაინა აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებისა და ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ომის შეწყვეტას არ დათანხმდება.

ამ 100 დღეებში უკრაინას ასევე გადაეცა ნატოს სტანდარტების სხვა საჭირო შეიარაღებაც - Switchblade-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებისა თუ 155 მმ კალიბრის ჰაუბიცა - М777-ის სახით.

თუმცა სამხედრო ექსპერტები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად უკრაინას გაცილებით უფრო მეტი დასავლური იარაღი ესაჭიროება. ექსპერტების შეფასებით, უკრაინელებს ესაჭიროებათ, მათ შორის - მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და უკეთესი საჰაერო თავდაცვა, რათა გაუმკლავდნენ თავდამსხმელს 300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე დონბასში.

ომის ეს პირველი 100 დღე, ანალიტიკოსების აზრით, უკანასკნელი ნამდვილად არ არის და, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ბრძოლები დღესვე რომ შეჩერდეს, რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება და მას შემდგომი მწვავე ფაზებიც ექნება.

რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მკვიდრდება პროფესიონალების აზრი იმის შესახებ, რომ წინ კიდევ ბევრი სასტიკი ბრძოლა და უმძიმესი ეტაპებია გადასალახი. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის დამარცხება ნელი ტემპითა და ხანგრძლივ ბრძოლასთან ერთად, საერთაშორისო სანქციების გზით მისი დასუსტებით უნდა მოხდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG