დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთისგან თავის დასაცავად გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს M270-ს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესზე დაყრდნობით.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სარაკეტო სისტემას, რომლის მოქმედების არეალი დაახლოებით 80 კილომეტრია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლონდონის ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ კოორდინირებულია აშშ-ის გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები(HIMARS).
1 ივნისს, აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც პირველად მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსაც. უკრაინა ამ ტიპის შეიარაღებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".