აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი დამატებითი შეიარაღებისა, რომელსაც უკრაინა მიიღებს.
პენტაგონში 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, უკრაინის დახმარების ახალი, 700 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს:
- ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) და 70 კილომეტრამდე რადიუსზე მოქმედების საბრძოლო მასალებს;
- არტილერიის საწინააღმდეგო ხუთ რადარს;
- საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს;
- დამატებით 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს;
- 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს;
- 15 000 საარტილერიო ჭურვს;
- მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს;
- 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას.
კოლინ კალის თანახმად, ეს შეიარაღება უკრაინელებს უნდა დაეხმაროს ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და ერთ-ერთი ასეთი საჭიროება და უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნა იყო საარტილერიო სარაკეტო სისტემა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ ამ სისტემას მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენებს.
კოლინ კალის განმარტებით, იმის გამო, რომ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემა მოსალოდნელი იყო, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ HIMARS-ი წინასწარ განათავსა ევროპაში, რათა გარანტირებული იყოს უკრაინელებისთვის სწრაფად მიწოდება და შემუშავდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სარაკეტო სისტემის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების მომზადების დაუყოვნებლივ დაწყებას.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 4.6 მილიარდი დოლარის დახმარება.
აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცეს სარაკეტო სისტემები, ცნობილი გახდა 31 მაისს, როცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას - არა.
1 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასცა უკრაინის დასახმარებლად კიდევ 700 მილიონი დოლარის გამოყოფის ნებართვა.
1 ივნისს, ვაშინგტონში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორები დაარწმუნა, რომ სარაკეტო სისტემებს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემას "ცეცხლზე ნავთის დასხმა" უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, თუმცა, კიევისთვის დღემდე გადაცემულ შეიარაღებას შორის არ იყო სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო სისტემები მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მოიცავს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსაც და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, რომელთა "დამოუკიდებლობა" პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე, 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.