Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მკაცრად უპასუხებს მათ, ვინც რუსეთთან ზავისკენ მოუწოდებს


ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოგამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის 23 მაისი
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოგამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. 2022 წლის 23 მაისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და წამყვანი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას.

ასეთი მოსაზრება გამოთქვა კვირის დასაწყისში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, რომლის თანახმად, რუსეთის 24 თებერვლის შეჭრამდე არსებული სტატუს-კვოს დაბრუნება იდეალური იქნებოდა.

„საუკეთესო შემთხვევაში გამყოფ ხაზად უნდა იქცეს ომამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება“, - განაცხადა 98 წლის კისინჯერმა და დასძინა, რომ უკრაინის მცდელობა, ბრძოლით დაიბრუნოს 2022 წლამდე დაპყრობილი ტერიტორიები, იქნებოდა არა „უკრაინის თავისუფლებისთვის ომი, არამედ თავად რუსეთის წინააღმდეგ ომი“.

მაგრამ ჰენრი კისინჯერი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი: რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდეს ასევე იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ და 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში და ჰარვარდის პროფესორმა ერიკ მასკინმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლელ პოლიტიკოსთა უფრო დიდი ჯგუფი კვლავაც დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის ინტერესების ხარჯზე რუსეთითთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლას.

უკრაინის პასუხი კისინჯერს და სხვებს

„კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად დრო არ აქვთ, ისინი ცოტათი დაკავებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის განცხადებას.

კიდევ უფრო მკაცრი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ კისინჯერის კალენდარზე 2022 წელი კი არა, არამედ 1938 წელია და ის ფიქრობს, რომ აუდიტორიას არა დავოსში, არამედ მიუნხენში ელაპარაკება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

თითქმის ერთსა და იმავე დროს უკრაინას ტერიტორიული დათმობისა და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ კოლექტიური დასავლეთის არაერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა მოუწოდა.

2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში და ჰარვარდის პროფესორმა ერიკ მასკინმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის, ზელენსკის ადგილას, „დათმობებზე წავიდოდა, რათა ომი სწრაფად დასრულდეს, თანაც ისე, რომ უკრაინის უმეტესობა არ განადგურდეს“. დათმობაში მასკინი გულისხმობს „უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთისთვის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის მინიჭებას და იმის აღიარებას, რომ რუსეთი ყირიმს ფლობს“.

ხოლო ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ 19 მაისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთს ჯერაც ძალუძს უკრაინისთვის ზიანის მიყენება, აშშ-ის დახმარება კი უსაზღვრო არ არის.

„უკრაინის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება რუსეთზე, რომლის შედეგადაც უკრაინა შეძლებდა რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგ დაპყრობილი მთელი ტერიტორიების დაბრუნებას, არ წარმოადგენს რეალისტურ მიზანს“, - ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო სტატიაში.

დასავლეთის წარმომადგენელთა მოწოდებებს ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტისა და რუსეთის „დაშოშმინების“ შესახებ, უკრაინაში „ძალიან უცნაურს“, თუმცა მოსალოდნელს უწოდებენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ექსპერტები.

„რუსეთი ყოველთვის მარჯვედ იყენებს არსებული დემოკრატიული სისტემის ნაკლს და ძალუძს ზემოქმედება მოახდინოს სრულიად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა და არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციაზე. რასაც ჩვენ დღეს დავოსში ვხედავთ, ეს ერთგვარი აპოგეაა რუსეთის აქტიურობისა, რომლის მწვერვალში აღმოჩნდა, - არც მეტი, არც ნაკლები, - კისინჯერი, რომელიც ჯერ კიდევ ბრეჟნევს კოცნიდა ტუჩებში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მეთოდები არ იცვლება, ის თავის სასარგებლოდ იყენებს დასავლეთის ყველა არსებით სისუსტეს და, ამასთანავე, ესწრაფვის მიაღწიოს პლანეტარული მასშტაბით დომინირებისკენ მიმართულ თავის სტრატეგიულ მიზნებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კისინჯერის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და აშშ-ის ყოფილი პირველი დიპლომატის განცხადებას ასე გამოეხმაურა.

„ზავი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ამასთან, კიევი მოსკოვისთვის არცერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაუსვლელად, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი გარკვეული დროის შემდეგ ძალებს მოიკრებს, „ახალი ინტენსივობით დაიწყებს ახალ იერიშებს, უფრო სისხლიანსა და უფრო მასშტაბურს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

„რუსეთის აგრესია მხოლოდ ძალით შეიძლება შეჩერდეს“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „დაშოშმინების“ შესახებ დაწყებულ მსჯელობას და დაუშვებლად თვლის იმ მიზნიდან გადახვევას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხების გარანტიას წარმოადგენს.

„არ შეიძლება რუსეთის აგრესიის დაშოშმინება. მას პასუხი ძალით უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ურყევი, რათა სამხედრო დახმარებითა და სანქციებით უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება. ახლა ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ გაზის პედალიდან ფეხის აღებას“, - მოჰყავს „ბიბისის“ ლიზ ტრასის სიტყვები.

დასავლეთმა, ბრიტანელი მინისტრის აზრით, დასკვნები უნდა გააკეთოს უახლესი ისტორიიდან, როდესაც პუტინი, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებისგან რიგ დათმობებს მიაღწია, ჯერ საქართველოს, შემდეგ კი ყირიმსა და დონბასს დაესხა თავს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ასევე გააფრთხილა ევროპელი კოლეგები, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოახდინონ ვლადიმირ პუტინის მიმართ სისუსტის დემონსტრირება.

„უკრაინისთვის ცუდი პირობებით დადებული მშვიდობა ყველა ჩვენგანისთვის ცუდ მშვიდობას ნიშნავს. აგრესორისადმი ყველა ეს ერთი შეხედვით მცირე დათმობა დიდი ომებით მთავრდება“, - წერს „ტვიტერში“ კაია კალასი.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ომის სამმა თვემ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მას არ შეუძლია პირობების კარნახი.

26 მაისს, დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა განაცხადა, რომ მთელი უკრაინის აღება ახლა ბევრად უფრო შორეული ჩანს, ვიდრე ომის დასაწყისში.

გერმანიის კანცლერის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ორი უდიდესი ქალაქი, კიევი და ხარკოვი, ვერ აიღო, მოსკოვმა ახლა თავისი ყურადღება გადაიტანა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების სრულ კონტროლზე, რომლებსაც 2014 წლიდან ნაწილობრივ მართავენ რუსეთის მხრიდან ზურგგამაგრებული სეპარატისტები. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ „რუსეთმა არ უნდა მოიგოს თავისი ომი, და დარწმუნებული ვარ, ვერ მოიგებს“.

გერმანიის კანცლერის ამ მოსაზრებას დამოუკიდებელი უკრაინელი ექსპერტი ევჰენ მაგდაც იზიარებს.

„მიზეზი რუსეთის დაშოშმინებისა, ჩემი აზრით, საკმაოდ ნათელია. საქმე ისაა, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის სწრაფი დაპყრობისა, ჩაიფუშა. დასავლეთმა არა მხოლოდ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური სანქციები დაუწესა რუსეთს, არამედ მას „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკ მედიის“ გზით პროპაგანდის გავრცელების საშუალება შეუზღუდა. ამიტომ რუსეთმა ახლა აამოქმედა თავისი „გავლენების აგენტები“, რათა მათი საშუალებით მოახდინოს უკრაინაზე ზეწოლა და აიძულოს ის წავიდეს მოლაპარაკებებზე, წავიდეს დათმობაზე მოსკოვის წინაშე. სხვათა შორის, სწორედ ამით არის განპირობებული რუსეთის ამჟამინდელი ლტოლვა, რომ ხელთ იგდოს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია“, - დასძენს ევჰენ მაგდა.

ამ განცხადების ფონია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის აღმოსავლეთზე სრული კონტროლის დასამყარებლად პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. უკრაინული შტაბის მონაცემებით, არტილერიისა და მოიერიშე ავიაციის გამოყენებით, მოწინააღმდეგე ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევის განახლებას და ამავე ოლქის დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსული ძალები ცდილობენ პოზიციების გამყარებას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის რაიონშიც. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში დაიწყონ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ სევეროდონეცკის ასაღებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების შეტევა და სარაკეტო-საავიაციო დარტყმები და ზოგიერთ რაიონში მტერს უპირატესობა აქვს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამონაკლისებისა და შეზღუდვების გარეშე, შეიარაღებით უკრაინის სრული დახმარებისკენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG