Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჰი გაიდაი: „ვითარება საათობრივად მძიმდება“


ლესიჩანსკოე, ლუგანსკის ოლქი
ლესიჩანსკოე, ლუგანსკის ოლქი

18 აპრილის საღამოს, როგორც უკრაინის გენშტაბმა, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაადასტურეს, რომ რუსეთმა დონბასს შეუტია. ექსპერტები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ასეც მოხდებოდა. მათი აზრით, რუს მებრძოლებს მიეცათ დავალება ოპერაცია 24 აპრილამდე დაასრულონ. 18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჯარმა აიღო დაბა კრემენაია, რომელიც ლუგანსკის ოლქში მდებარეობს. ლუგანსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ეს ინფორმაცია დაადასტურა. მას ასევე განაცხადა: „მუდმივად მოვუწოდებთ ხალხს ევაკუაციისკენ, რომ გადარჩნენ. ვითარება შეიძლება რამდენიმე საათშიც შეიცვალოს. კრემენაია ამის მაგალითია“.

- თქვენი მონაცემებით, რამდენი ადამიანია კრემენაიაში, რომელიც რუსებმა აიღეს?

- თუ ყველა დასახლებულ პუნქტს ჩავთვლით, სადღაც 4 ათასი.

- რატომ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა კრემენაია ნებაყოფლობით, როგორც ამას საინფორმაციო საშუალებებით გადმოსცემენ. ეს რამე ტაქტიკაა?

- ერთმნიშვნელოვნად ასეა. კრემენაიაში თავიდანვე ფრონტის ხაზი იყო, მაგრამ როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ჯარის შეყვანა დაიწყო, ჩვენმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს.

სერჰი გაიდაი
სერჰი გაიდაი

ჩვენთან ასეთი სპეციფიკაა, ბევრი ველია და სადმე გამაგრება ძალიან რთული იყო. ამიტომაც აირჩიეს ეს კონკრეტული ბრძოლის ხაზი, რომელიც უკვე ორი თვეა უძლებს. კრემენაიაში ბრძოლები პირველივე დღიდან უწყვეტად მიმდინარეობდა. მტერმა უკვე ამ ტერიტორიის თითოეული გოჯი იცის, თითოეული გამაგრებული ადგილი, რადგან [უკრაინელები] თითოეულ შეტევას იგერიებდნენ, ტექნიკას წვავდნენ, რუს ჯარისკაცებს და ე.წ. ელდენეეროვცებს ხოცავდნენ. ეს ყველაფერი მტრისთვის ცნობილი იყო. ამიტომ მხოლოდ შეტევას არ დასჯერდნენ და არტილერიაც ჩართეს. ნაღმსატყორცნებიდან უშენდნენ ჩვენს პოზიციებს.

ეს ზალპური ცეცხლის სისტემის არტილერიაა: „სმერჩი“, „ურაგანი“, ავიაცია ბომბავს - ეს ყველაფერი ხალხს გადარჩენის შანსს არ უტოვებს ან ეს შანსი ძალიან მცირეა.
სერჰი გაიდაი

იქ დარჩენა უგუნურება იყო. მტერს ვერაფერს ავნებდნენ და თავადაც დაიღუპებოდნენ. გადაწყვიტეს, სხვა პოზიციაზე გადაენაცვლათ, სიღრმეში, დონეცკის ოლქთან ახლოს. ეს მშვიდობიან მოქალაქეებსაც შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და ახალ პოზიციებზეც გამაგრდებიან, რომ იქიდან უფრო ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დახვრიტეს ხალხი, რომლებიც კრემენაიადან გამოსვლას ცდილობდნენ. თუ შეიძლება, ამის შესახებ მოგვიყევით.

- დიახ, ევაკუაციასთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა: მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, რაღაც რაოდენობის ხალხი მაინც რჩება. ძალით ვერ გავიყვანთ.

მაგრამ ახლა უფრო და უფრო ხშირად ისვრიან და უფრო მსხვილი კალიბრის არტილერიიდან გვიტევენ: ეს ზალპური ცეცხლის სისტემის არტილერიაა: „სმერჩი“, „ურაგანი“, ავიაცია ბომბავს - ეს ყველაფერი ხალხს გადარჩენის შანსს არ უტოვებს ან ეს შანსი ძალიან მცირეა. ამიტომ მუდმივად ყველას მოვუწოდებთ ევაკუაციისკენ - რომ გადარჩნენ. ვეუბნებით, რომ ვითარება შეიძლება რამდენიმე საათში შეიცვალოს. კრემენაია ამის მაგალითია.

გუშინ შევთანხმდით, რომ დღეს დილით კრემენაიადან ხალხს ტყის ბილიკებით გამოვიყვანდით, 90-მდე ადამიანს ვვარაუდობდით. მაგრამ ღამე ყველაფერი შეიცვალა და ქალაქს ვეღარ მივუახლოვდით.

ის ხალხი დილით საკუთარი ტრანსპორტით გავიდა, მანქანაში ხუთნი იყვნენ. სამწუხაროდ, რუსმა ჯარისკაცებმა დაინახეს და მანქანაში ჩაცხრილეს. ოთხი იქვე დაიღუპა, ერთი დაჭრილია. შეძლო ტყემდე მიხოხებულიყო. მასთან კავშირი გვაქვს. ვცდილობთ, რამენაირად დასახლებულ პუნქტში გავიყვანოთ, სადაც დაეხმარებიან. დონეცკის ოლქიდან მასთან სასწრაფო მიდიოდა, მაგრამ ესროლეს და უკან გაბრუნდა. ჯერ ცოცხალია, ღმერთმა ქნას, იცოცხლოს და სოფლამდე მიაღწიოს.

-თქვით, რომ 4 ათასამდე ადამიანია დაარჩენილი. გამოდის, რომ კრემენაიადან ამ ხალხს უკვე ვეღარ გამოვიყვანთ?

- სამწუხაროდ, ახლა ეს შეუძლებელია. რუსი ჯარისკაცები ყველა მანქანას ესვრიან, რომელიც იქიდან გამოდის.

- ამ ხალხს თავიდანვე პრინციპულად არ სურდა ევაკუაცია თუ იმედი ჰქონდათ, რომ მათ დასახლებას არ შეუტევდნენ?

- ძნელია გაარკვიო, ეს ხალხი რა ფიქრობს. ყველას ვუხსნიდით: თქვენ სადმე კი არ მიდიხართ, მიდიხართ დასავლეთ უკრაინაში, სადაც თავსზემოთ ჭერი გექნებათ, მიიღებთ გარკვეულ ნივთებს, რომლებიც დაგჭირდებათ, ყოველდღიურ კვებას, სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი თქვენს არჩევანზეა. შეგიძლიათ ევროპაში გადახვიდეთ და დევნილის სტატუსი მიიღოთ. შეგიძლიათ სამსახური იპოვოთ და მუშაობა დაიწყოთ. მთავარია, საკუთარ და ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენთ და არა სახლს, ბინას და ავეჯს. თუ ჭურვი დაგეცათ ამ ბინაში, უბრალოდ დაიღუპებით და ამით ყველაფერი მორჩება!

- შეგიძლიათ აღწეროთ, ლუგანსკის ოლქში რა ხდება? სადაა ახლა იქ ყველაზე ცხელი წერტილები? თუ მთელი ლუგანსკის ოლქი ერთი დიდი ცხელი წერტილია?

- ისევ მძიმე ვითარებაა. ქალაქების შიგნით იბრძვიან პოპასნაიაში, რუბეჟნოეში. იმ დასახლებულ პუნქტებს ესვრიან, რომლებიც უკრაინის კონტროლქვეშ არიან. ორკები უბრალოდ ყველაფერს მიწასთან ასწორებენ, რომ ვერსად ვერაფერს მოეფარო და დაიმალო.

წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის მიწოდების ინფრასტრუქტურა განადგურებულია. პოპასნაიაში, რუბეჟნოეში - ქალაქებში იბრძვიან. პოპასნაიას მგონი მუდმივად ესვრიან, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ჭურვები, რაკეტები, ნაღმები, ავიაბომბები, რაც პოპასნაიას დაუშინეს... დათვლაც კი შეუძლებელია. მაგრამ მაინც წინააღმდეგობას უწევენ. ამით გამწარებული ორკები მშვიდობიან კვარტლებს ესვრიან, თან მსხვილკალიბრიანი იარაღით.

ზოლოტოიში საცხოვრებელ სახლს ესროლეს. რუსები მას მშვენივრად ხედავდნენ და მშვენივრად ესმოდათ, რომ იქ არავინაა გამაგრებული, არავითარი შეიარაღებული ძალები, რომ მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ორი ჭურვი ესროლეს. იგივე მოხდა ლესიჩანსკოეში. მას „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემიდან შეუტიეს, „სმერჩი“ ესროლეს. გუშინ საპატრულო პოლიციის შენობაში შემოფრინდა ჭურვი. ღმერთს მადლობა, ყველა ცოცხალია, მაგრამ ექვს პატრულს კონტუზია აქვს, დაშავდნენ და ახლა საავადმყოფოში იმყოფებიან.

ვითარება არათუ ყოველდღიურად, საათობრივად მძიმდება. სამწუხაროდ, ის მხოლოდ უარესობისკენ შეიცვლება.

XS
SM
MD
LG