ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის ქალიშვილი, 26 წლის აიშატ კადიროვა გახდა კომპანია "ჩეჩნეთის მინერალური წყლების" ერთპიროვნული მფლობელი. ეს მოხდა 11 მარტს - 12 დღეში მას შემდეგ, რაც კადიროვამ დატოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. კომპანიის მფლობელის ცვლილებას ყურადღება მიაქცია გამოცემა "ვიორსტკამ". ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
კომპანია "ჩეჩნეთის მინერალური წყლები" 2007 წელს შეიქმნა და მას მერე ეკუთვნოდა ახმატ კადიროვის სახელობის ფონდს - რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს დაკისრებული.
პროექტ "კავკაზ რეალიის" ცნობით, აიშატ კადიროვა 2020 წელს გახდა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, 2021 წელს - კულტურის მინისტრი და ამ თანამდებობაზე რჩებოდა 2023 წლის შემოდგომამდე. ამის შემდეგ კადიროვამ დაიკავა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის პოსტი და სოციალურ პროგრამებს ხელმძღვანელობდა.
ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დატოვების შესახებ კადიროვამ თებერვლის ბოლოს გამოაცხადა და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, ამგვარი საქმის კეთება "უფრო მეტად შეეფერება ძლიერ კაცს". ჩეჩნეთის მმართველის ქალიშვილი მაშინ ამბობდა, რომ მხოლოდ ბიზნესში აპირებდა საქმიანობას, მათ შორის მოდის სახლში, Firdaws-ში.
აიშატ კადიროვას ქმარი ვისხან მაცუევი სახელმწიფო სამსახურში რჩება - 2023 წლიდან ის იკავებს ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობებს.
აიშატ კადიროვა გამოცხადებულია "კულტურის დამსახურებულ მუშაკად", მას მინიჭებული აქვს მეორე ხარისხის ორდენი "სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის", ასევე მედლები "ადამიანის უფლებების დაცვისთვის", "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის", და ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი.
აიშატ კადიროვა შეყვანილია აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის სანქციების სიაში, სანქციები ასევე ეხება მოდის სახლ Firdaws-ს.
ჩეჩნეთში რამზან კადიროვის ათობით ნათესავი ინიშნება სახელმწიფო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე.
ფორუმი