Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვხელმძღვანელობთ აბონენტთა მოთხოვნით" - რატომ არ თიშავენ საქართველოში რუსულ არხებს


გუშინ მოქალაქეები ფეისბუკში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“ ნიშნავდნენ და მადლობას უხდიდნენ უკრაინაში დაწყებული ომის დროს რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხების "Первый канал"-სა და "Россия 24"-ის გათიშვის გამო. იმავეს სთხოვდნენ „მაგთიკომსაც“.

რამდენიმე საათში გაირკვა, რომ კომპანიას მადლობას მოქალაქეები ტყუილად უხდიდნენ - „სილქნეტმა“ რუსული არხების რეტრანსლირება განაახლა და გათიშვა ტექნიკური ხარვეზით ახსნა.


არადა, ფეისბუკზე მოქალაქეები მასობრივად წერდნენ და რუსული პროპაგანდისტული არხების გათიშვას ითხოვდნენ.

  • „არ ფიქრობთ, რომ რუსული არხები საერთოდ ამოიღოთ პაკეტებიდან?!. იყავით პასუხისმგებლიანი კომპანიები და ეცით პატივი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს!“
  • „ამ ვითარებაში რუსეთი ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად გამოიყენებს საინფორმაციო ომის ბერკეტებს“.
  • „ორი ამხელა ყაზილარი კომპანია ხართ. გათიშეთ ალტ-ინფო, ობიექტივი და რუსული პროპაგანდისტული არხები. რა ჯარიმა იქნება ასეთი, აგიგროვებთ. სირცხვილია“.

მედიაკომუნიკაციების სპეციალისტი ხატია ყურაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გათიშონ რუსული პროპაგანდისტული არხები, კლიენტების წინასწარი, 15 დღით ადრე ინფორმირების შემდეგ.

ფოტო "მაგთიკომის" ვებგვერდიდან
ფოტო "მაგთიკომის" ვებგვერდიდან

„ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო აღუდგა რუსეთის აგრესიას, ვადები შეიძლება იყოს შემცირებული... საქართველოს სახელმწიფოსა და საჯარო უწყებების პოლიტიკა უნდა იყოს განვითარებულ მსოფლიოსთან თანხვედრაში - ჩვენც პრობლემები უნდა შევუქმნათ და გამოვუცხადოთ ომი პროპაგანდისტულ არხებს“, - ამბობს ყურაშვილი.

რამდენიმე საათის ლოდინის მიუხედავად, „მაგთიში“ რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხეს. რაც შეეხება „სილქნეტს“, კომპანიას ვკითხეთ, აპირებენ თუ არა რუსეთის პროპაგანდისტული არხების გათიშვას, რაზეც გვითხრეს:

„ვხელმძღვანელობთ აბონენტთა ინტერესებით და მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად, მრავალფეროვან კონტენტს“.

საქართველოში რუსული არხების გავრცელება კანონით აკრძალული არ არის. მათი გავრცელება შეუძლია ნებისმიერ „საკაბელო კომპანიას“. იმის მიუხედავად, რომ შინაარსი შეიძლება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს, კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ ეს მათ რეგულირების სფეროში არ ექცევა.

„რაც შეეხება უცხოურ არხებს, მათ შორის რუსულ მაუწყებლებს, რომლებიც საქართველოში არ არიან ავტორიზებული პირები, ქართული კანონმდებლობით მათზე კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება“, - ამბობენ კომუნიკაციების კომისიაში.

შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი მოცემულობით, ბერკეტი სრულად კერძო კომპანიების ხელშია.

ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“, პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობის შეწყვეტის მოთხოვნით პეტიციაც შექმნა. პარტიები აცხადებენ, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა“.

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: მარგარიტა სიმონიანი, პროპაგანდისტული ინგლისურენოვანი ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი; ვლადიმირ სოლოვიოვი, პროპაგანდისტი ჟურნალისტი; კონსტანტინ კნირიკი, პროპაგანდისტული News Front-ის რუსული ბიუროს ხელმძღვანელი; ალექსეი პუშკოვი, ტელეშოუ „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანი და სხვები.

XS
SM
MD
LG