ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საზოგადოება ვერ თანხმდებოდა, მართლაც იცვლება დედამიწაზე კლიმატი, თუ ეს ცალკეული მეცნიერების წარმოსახვაა. წელს გლობალური ცვლილებები ყველასთვის ხელშესახები გახდა.
დამნაშავე აქლემია თუ ადამიანი?
დედამიწა „გადახურდა“ და ეს თავისთავად არ მომხდარა. პლანეტაზე დაგროვილი ჭარბი რაოდენობის სათბური გაზები - უმეტესად ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტი - დედამიწიდან კოსმოსში ვეღარ გადის. ისინი პლანეტის გარშემო ერთგვარ გარსს ქმნიან, რაც საბოლოოდ სათბურის ეფექტს იძლევა და დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს. ამ სამი გაზიდან ატმოსფეროში ყველაზე დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგია დაგროვილი, შედარებით ცოტაა მეთანი და აზოტი, სანაცვლოდ მეთანი 21-ჯერ უფრო ძლიერია და, შესაბამისად, მავნეა ნახშირორჟანგზე, ხოლო აზოტის ქვეჟანგი - 300-ჯერ.
სათბური გაზები ძირითადად წიაღისეული საწვავის: ნავთობის, ნახშირის მოპოვებისას და წვისას წარმოიქმნება, ასევე, მეთანი წარმოიქმნება ნაგავსაყრელებზე ნარჩენების ხრწნის შედეგად. კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაც, რადგან სათბური აირები დეფეკაციის დროსაც გამოიყოფა და მაშინაც კი, როდესაც ცხოველი უბრალოდ იცოხნება. სწორედ ამ მიზეზის გამო, ავსტრალიის ხანძრების შემდეგ ქვეყანაში აქლემების განადგურებაზეც კი დაიწყეს მსჯელობა.
ოკეანეში დაკარგულები
კლიმატის ცვლილების გამო დედამიწაზე დნება ყინულის მასები და, შესაბამისად, ოკეანეებში წყლის დონე მატულობს. ხმელეთის დატბორვა უკვე დაიწყო პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებში, მაგალითად, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და კუნძულებზე ატლანტის ოკეანეში.
დატბორვა ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, გაუდაბურება, საკვებისა და სასმელი წლის დეფიციტი. უჩვეულო სიცხე სულ უფრო მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
როგორ შეიცვალა კლიმატი საქართველოში
ცვლილებებზე საუბრისას ექსპერტები ერთმანეთს 30-წლიან პერიოდს ადარებენ, კერძოდ, 1956-1985 წლების პერიოდის კლიმატს და 1986-2015 წლების პერიოდის. მათ შორის სხვაობა 0.5 გრადუსია, ანუ საქართველოში 30 წლის განმავლობაში ტემპერატურამ საშუალოდ ნახევარი გრადუსით მოიმატა.
ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც კლიმატის ცვლილება გაუდაბნოებას იწვევს. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსი კლებულობს. დნება მყინვარები, შრება მდინარეები.
„დასავლეთ საქართველოში წვიმები გახშირდა, აღმოსავლეთში - გვალვა. რეგიონებში მოსახლეობისთვის წყალი პრიორიტეტული პრობლემაა, რადგან წყალი შრება. ამ ჰესებს რომ ვაშენებთ, ეყოფა კი წყალი, რომ იმუშაოს? ზოგიერთი კულტურა უკვე აღარ მოდის იმ ნიადაგზე, რომელზეც ადრე მოდიოდა. ბახმაროში კვლევა გავაკეთეთ და იქაც საუბრობენ, რომ თოვლის საფარი მცირდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას ასეთი კვლევების ჩატარება აუცილებელია. ამ ყველაფერთან ადაპტაციაა საჭირო“, - ამბობს ნინო თევზაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამების მენეჯერი.
კრიტიკული 2 გრადუსი
დღეს მსოფლიო ცდილობს, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 1.5-2 გრადუსზე მეტად არ მოიმატოს. მიიჩნევა, რომ უფრო მეტის მომატების შემთხვევაში პლანეტაზე შეუქცევადი პროცესები განვითარდება.
„საუბარია საშუალო 2 გრადუსზე, თორემ, მაგალითად, ირანის ჩრდილოეთით 7-8 გრადუსია მომატებული. ბევრ ქვეყანაში ძალიან გაიზარდა ტემპერატურა, ამან გამოიწვია ის, რომ ტყეში ბევრი ხმელი მასალა გაჩნდა და ტყეს ცეცხლი ადვილად ეკიდება. თან ამ ხანძრის დროს, ტყეში დაგროვილი ნახშირორჟანგი ისევ ზევით ადის“, - ამბობს ექსპერტი კლიმატის საკითხებში მარინა შვანგირაძე.
შავი ზღვის დონეც მაღლა იწევს
კლიმატის ცვლილების გამო ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში შავი ზღვის დონემ 2,5 სანტიმეტრით აიწია. ბათუმში, აეროპორტთან ზღვამ 500-600 მეტრი სანაპირო მიიტაცა. ზღვის წყალი შეერია პალიასტომსაც.
„ერთი პერიოდი თვითმფრინავები ლამის პირდაპირ ზღვაში სხდებოდნენ. თან კლიმატის ცვლილების გამო ზღვა ისე გათბა, რომ მოლუსკები, რომლებიც ძალიან უყვართ ტურისტებს, დაიხოცა. აჭარაში, მდინარის წყალიც თბება და კალმახის ლიფსიტები იღუპებიან. პალიასტომის ტბაზე ზღვასთან არხი იყო გაჭრილი. ახლა უკვე გადაკეტეს, რადგან როცა ზღვის დონემ აიწია, ტბაში ზღვის მლაშე წყალი გადმოვიდა, თან ზღვის თევზიც შემოჰყვა. ტბის თევზს მლაშე წყალი არ მოსწონს, ამის გამო ადგილობრივი ფაუნა შეიცვალა“, - ამბობს მარინა შვანგირაძე.
გლობალური დათბობა განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლის წამყვანი სფეროები მეტ-ნაკლებად კლიმატთან არის დაკავშირებული, მათ შორის საქართველოზე, სადაც ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ტყე პრიორიტეტს წარმოადგენს.
„პროგნოზი ასეთია, რომ ტერიტორია, რომელიც თხილის და ციტრუსების მოსაყვანად არის ვარგისი, საქართველოში ნელ-ნელა შემცირდება. ეგონათ, ტემპერატურა რომ მოიმატებს, მანდარინი უკეთესად დამწიფდებაო, მაგრამ სიცხეს მწერები და ფაროსანაც მოჰყვა, რომლისგანაც თავის დაცვა რთულია, თუ მომზადებული არ ხარ“, - ამბობს მარინა შვანგირაძე.
იმისათვის, რომ ტემპერატურის მატება საშუალოდ 2 გრადუსს არ გადასცდეს, სხვადასხვა ქვეყანას ემისიების შემცირების კუთხით სხვადასხვა ვალდებულება აქვს აღებული, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც მრეწველობის დეფიციტის გამო დიდი რაოდენობის ემისიებს ისედაც არ წარმოქმნის. საქართველოს ვალდებულება ემისიები 35%-ით შემცირებაა.
„რისი გაკეთებაც შეიძლება, ის უნდა გავაკეთოთ, თორემ მყინვარები რომ დნება, ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ და ვერც ზღვის დონე რომ მატულობს - იმას“, - ამბობს მარინა შვანგირაძე.
სხვა ღონისძიებებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ღია ნაგავსაყრელების დახურვა და ნარჩენების გადამუშავება, რადგან საქართველოში ნარჩენების 40% ორგანულია და მათი ხრწნის შედეგად მეთანი წარმოიქმნება.