Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა - კარანტინში — რატომ?


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმ გამონაკლისებს შორისაა, ვინც, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულის "კონტაქტი", კარანტინის ნაცვლად, ვირუსის საინკუბაციო პერიოდს შინ გაატარებს. ამ უფლების მიღება მოქალაქეთა ერთ ნაწილს სასამართლოში დავით უწევს.

რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარის თვითიზოლაციაში გადაყვანის მიზეზი ასე აუხსნეს:

"სავალდებულო კარანტინი ეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც პოტენციურად ვირუსის იმპორტირებას ახდენს ქვეყანაში. რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს, ასეთ დროს, ეპიდემიოლოგიური შეფასების შედეგად, შესაძლებელია პირი მოთავსდეს იზოლაციაში და არა - კარანტინში. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც, რომელსაც არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, იმყოფება თვითიზოლაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ PCR-ტესტირება და კოვიდინფექცია არ დაუდასტურდათ, ის გადავიდა თვითიზოლაციაში".

მთავრობის დადგენილებით კი, პირის თვითიზოლაციაში გადასაყვანად სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც უნდა სრულდებოდეს.

თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია, თუ:

  1. ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამედიცინო მანიპულაციები) არ უწყობს ხელს, შესაბამისი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში;
  2. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები არიან (შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში);
  3. სხვა განსაკუთრებული გარემოებები / სოციალური ფაქტორები (შშმ პირების, არასრულწლოვნები და ა.შ.) არსებობს, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

არჩილ თალაკვაძეს ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. იმის გამო, რომ კორონავირუსი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრს დაუდასტურდა, სავარაუდოდ, "კონტაქტები" შვილებიც შეიძლება იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ მას ეს გარემოება თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა საზოგადოებაში არათანასწორობის განცდას აჩენდეს.

"არის შემთხვევები, როცა ოჯახი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი კარანტინში, ითხოვს ხოლმე თვითიზოლაციაში გადაყვანას, მაგრამ პროცესი ჯანჯლდება... ბატონი არჩილის თვითიზოლაციაში გადაყვანა კი არ არის პრობლემა, არამედ გარკვეული ორმაგი სტანდარტი. შესაბამისმა უწყებებმა ბევრი უნდა იმუშაონ, რომ შეისწავლონ, რამდენად არის თვითიზოლაციის გარემოება და არ გაჩნდეს განცდა, რომ ვინმე, იმის გამო, რომ თანამდებობას იკავებს, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია", - ამბობს საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი.

არჩილ თალაკვაძესა და მის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა კიდევ, დაახლოებით, 10 დღე მოუწევთ. შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმებენ კორონავირუსის არსებობას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თვითიზოლაციას შეწყვეტენ.

XS
SM
MD
LG