Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს გადაწყვეტილებით არგანაშვილს ქმართან და შვილთან ერთად კარანტინიდან გადაიყვანენ


არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, რომ მოიგო კარანტინიდან სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ბავშვის თვითიზოლაციაში გადაყვანას.

„მოვიგეთ! სასამართლომ ბავშვის ინტერესი უპირატესია და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ თუ, ბავშვის საჭიროებები არ შეგისწავლიათო.

ბავშვსაც ესაუბრა მოსამართლე ძალიან ყურადღებით. რომ დამთავრდა ბავშვმა თქვა: ისინი (მოპასუხის 3 წარმომადგენელი) მიტევდნენ და მოსამართლე მიცავდაო.

ამიტომ, მჯერა სასამართლო კონტროლის. ხვალ ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავალთ. იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები ან, წააგებენ სასამართლოში პროცესებს”, - წერს არგანაშვილი.

ანა არგანაშვილი 27 ივნისს, 11 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად აშშ-დან თბილისში, 30 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ღამის თორმეტ საათზე ჩამოფრინდა.

გამოფრენის წინ უკვე ჰქონდა შევსებული განაცხადი, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში წასვლის ნებართვა მიეცათ, თუმცა პასუხი მხოლოდ აეროპორტში, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაიგო - უარი.

სიაში, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომელს წინ ედო, ანა არ ეწერა - იქ მდგარმა ექიმებმა კი უთხრეს: თქვენ კარანტინში! და ახალციხის გზას გაუყენეს - ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში გაანაწილეს.

ავტობუსის მძღოლთან შეხვედრამდე ისიც კი არ იცოდა, სად მიდიოდა.

„მე იქ მაშინვე ვიკითხე, თვითიზოლაცია მქონდა მოთხოვნილი და განიხილეთ-მეთქი? „არ ვიცი. მე არაფერი ვიცი“, ასე მიპასუხეს. თქვენ კარანტინში! სიაში არ ხართ!. ასე დასრულდა მთელი კომუნიკაცია“, - მოგვითხრო ანამ.

საქალაქო სასამართლოსათვის გაგზავნილ სარჩელში ანა არგანაშვილმა დაასაბუთა, რომ კარანტინი არის თავისუფლების შეზღუდვის ადგილი, რომ ეს, მართალია, არ არის ციხე, მაგრამ ნამდვილად არის სივრცე, სადაც მისი 11 წლის შვილის თავისუფლება შეზღუდულია. და რომ ეს არ უნდა ხდებოდეს დაუსაბუთებლად.

XS
SM
MD
LG