ანა არგანაშვილს საქალაქო სასამართლოდან უპასუხეს, გასაჩივრებული აქტი უნდა წარმოადგინო და აქტის რეკვიზიტებიც მიუთითოო.
ანა დღეს ისევ ელის მორიგ სასამართლოს, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გასწორებისთვის მან ახალი განცხადება გაგზავნა.
„კარანტინში განთავსებული სხვა ბავშვების დედები და მამები თუ ადვოკატები არ არიან და ვერ ერკვევიან ამ სამართლებრივ ლაბირინთებში, რა ქნან? არ უნდა იყოს ბარიერები ბავშვებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გზაზე. მოუსმინოს სასამართლომ ბავშვებს“, - წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი და ბავშვთა უფლებების დამცველი, ადვოკატი ანა არგანაშვილი.
ამასობაში საკარანტინო ვადის ამოწურვამდე მას და მის ოჯახს 6 დღე რჩება. თუმცა ჩავლილი 8 დღე არ იყო მარტივი.
თქვენ კარანტინში! - პასუხი არ შეიცვლება
ანა არგანაშვილი 27 ივნისს, 11 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად აშშ-დან თბილისში, 30 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ღამის თორმეტ საათზე ჩამოფრინდა.
გამოფრენის წინ უკვე ჰქონდა შევსებული განაცხადი, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში წასვლის ნებართვა მიეცათ, თუმცა პასუხი მხოლოდ აეროპორტში, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაიგო - უარი.
სიაში, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომელს წინ ედო, ანა არ ეწერა - იქ მდგარმა ექიმებმა კი უთხრეს: თქვენ კარანტინში! და ახალციხის გზას გაუყენეს - ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში გაანაწილეს.
ავტობუსის მძღოლთან შეხვედრამდე ისიც კი არ იცოდა, სად მიდიოდა.
„მე იქ მაშინვე ვიკითხე, თვითიზოლაცია მქონდა მოთხოვნილი და განიხილეთ-მეთქი? „არ ვიცი. მე არაფერი ვიცი“, ასე მიპასუხეს. თქვენ კარანტინში! სიაში არ ხართ!. ასე დასრულდა მთელი კომუნიკაცია“, - მოგვითხრობს ანა.
იმ სიაში იყო ხალხი, ამბობს ის, რომლებიც რამდენიმე დღეში თვითიზოლაციაში გაუშვეს. ანას დიდი ეჭვი აქვს, რომ გარკვეული ნაწილი ამას პირადი კონტაქტებით აგვარებს, რაც როგორც თავად ამბობს, მასაც მარტივად შეეძლო მოეგვარებინა ერთი-ორი სატელეფონო ზარით, მაგრამ კანონის გზა არჩია.
„მე თუ ამას დღეს „ჩავაწყობ“ და ისე გავალ აქედან, მაშინ მე ვერ ვიმუშავებ ხვალ ბავშვთა უფლებებზე. ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშანი. ამის გამო დღეს ჩემს შვილს ვაზარალებ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ეს არ არის სამართლიანი, როცა შენ კანონის გზით მიდიხარ და ამიტომ ზარალდები!“.
პირველი საჯარო პოსტი და პროტესტი ანას ფეისბუკ გვერდზე სწორედ იმ ღამით, ახალციხის სასტუმროში მისვლის შემდეგ გამოჩნდა. მან დაწერა:
„ჯერ შოკის გამო ვერ ვწერ. მარტო ერთს ვიკითხავ, თქვენ სახლში თეფში, დანა და ჩანგალი არ გჭირდებათ, თუ პარკში ჩაყრილიდან ჭამთ, ხელით?“
სასტუმროში მაშინ უპასუხეს, რომ ჩვეულებრივ დანას და ჩანგალს ვერ მიუტანდნენ, რადგან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, ის უნდა გადაეყარათ.
ხოლო ამ პოსტის ქვეშ გამოჩნდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილი პასუხი, სადაც წერდა, რომ „კარანტინი არ არის კურორტი, სახელმწიფოს კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესურსები აღარ აქვსო“.
მეორე დღეს, ანა და მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს. თუმცა, როგორც ანა წერს, სასტუმროს შეცვლამ პრობლემები ვერ გადაჭრა და მან თითქმის ყოველდღე დაიწყო წერა იმ სირთულეებზე, ჰეშთეგით „ბავშვები კარანტინში“, რასაც ბავშვიანი ოჯახები აწყდებიან და რაზეც ბევრი მშობელი ხმამაღლა წერისგან თავს იკავებს.
„იმ დღეს 21 ადამიანი წამოგვიყვანეს უკან, თბილისში. ისევ დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში ვისხედით და მაშინ ვიკითხე კიდეც, ეს ხომ ბავშვისთვის (ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ) დაინფიცირების დამატებითი საფრთხეა-მეთქის? თან ამას ისიც ემატება, რომ ის ბავშვია და ყველაფერს, რასაც ეუბნები და უკრძლავ, არ გიჯერებს: ამას ხელი არ მოკიდო, ის პირში არ ჩაიდო! ის ბავშვია! - ამბობს ანა.
დედა, რას ამბობს სასამართლო?
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც. ანა არგანაშვილი ამაზე დღემდე ღიად წერს.
აი, რამდენიმე ამონარიდი:
- ჩემ სასტუმროში დილას მესმოდა ბავშვის ტირილის ხმა, სავარაუდოდ პატარაა და უჭირს იზოლაციაში. აქ მინიმუმ 4 ბავშვია. ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ შეუძლია სახალხო დამცველს დაურეკოს ცხელ ხაზზე 1481.
- ბავშვებს ჭირდებათ სპეციალური კვება და არა ცხარე ლობიო წიწაკით და მარილით.
- ბავშვების იზოლაციისთვის რომ სახელმწიფოს ცალკე სტანდარტი უნდა უნდა ჰქონდეს: ადეკვატური სივრცის, შესაბამისი საკვების და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფით, ძალადობისგან და უგულებელყოფისგან დაცვით, ამას აუცილებლად განვიხილავთ.
საქალაქო სასამართლოსათვის გაგზავნილ სარჩელში ანა არგანაშვილმა დაასაბუთა, რომ კარანტინი არის თავისუფლების შეზღუდვის ადგილი, რომ ეს, მართალია, არ არის ციხე, მაგრამ ნამდვილად არის სივრცე, სადაც მისი 11 წლის შვილის თავისუფლება შეზღუდულია. და რომ ეს არ უნდა ხდებოდეს დაუსაბუთებლად.
ანა ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი წერილისა, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მისი აზრით, იმდენად არ აინტერესებთ სამართლებრივი სტანდარტი, რომ მისთვის ამ დრომდე პასუხიც კი არავის გაუცია.
„მე იმას ვჩივი, რომ თავისუფლება არის ძვირფასი რამ, და როცა მიზღუდავ ამა თუ იმ მიზეზით, არ უნდა მომექცე როგორც უსულო არსებას. უნდა დამელაპარაკო, რატომ შემიზღუდე და თუ გიწერია ბავშვზე გამონაკლისი, მაშინ, იმსჯელო. ნახა ვინმემ ბავშვი? ბავშვს არავინ დალაპარაკებია. მაშინ, როგორ იმსჯელეს? და ამ ფონზე, სასამართლო მელაპარაკება რაღაც აქტის ნომერზე. ეგ შესაძლებელია, როცა მე, ადვოკატი, ოფისიდან ვამზადებ სარჩელს, მაგრამ დღეს, როცა გამოკეტილები ვართ აქ, ვერ ხვდებიან, რომ ყოველი მომდევნო დღე ბავშვისთვის არის სტრესული! ყოველ დილას მეკითხება, დედა, რა ქნა სასამართლომ? ეს არის ძალიან დამთრგუნველი ამბავი“.
არაოფიციალური პასუხი, რაც ანამ მიიღო კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა გაეშვათ მისი შვილი თვითიზოლაციაში, იყო, რომ „ეს პირობა ბევრმა დაარღვია“:
„ანუ ბავშვი ისჯება იმიტომ, რომ ვიღაცამ კარანტინი დაარღვია! მაგრამ ამაზე დაუჯერებელი სხვა რამეა. არსებობს სტანდარტი, რომელიც არასრულწლოვნის შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს, რა საკვები უნდა მიიღოს, რამდენი მეტრი სივრცე უნდა ჰქონდეს და ა.შ. და თუ შენ, სახელმწიფოს, ეს სტანდარტი არ შეგიმუშავებია, მაშინ შენ არღვევ წესებს. და კიდევ, აქ მშობლები ისე გამწარებულები არიან, რომ არც ის არის გამორიცხული, რომ ბავშვს ერთი-ორი მოარტყან. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? 14 დღე ბავშვი რადარებიდან არის გამქრალი და თუ პოტენციურად რომელიმე მშობელი აღმოჩნდა მოძალადე, ვერავინ ვერაფერს გაიგებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა არგანაშვილმა.
სასტუმროს ერთ ოთახში გაძლება, როგორც ანა ამბობს, დიდებსაც კი ძალიან უჭირთ, დერეფანში გასვლა აკრძალულია. ნომერში დგას ერთი მაგიდა, სადაც ანას 11 წლის შვილი თამაშობს და არის პატარა აივანი, სადაც ჰაერის ჩასუნთქვა შეუძლიათ. აივანი ბევრს არც აქვს.
„რომ მეუბნება, დედა, დავიღალე, ჩემი პასუხია, მოდი, ვირბინოთ. და რვა ნაბიჯის გადადმა შეგვიძლია. მორიგეობით. აღარაფერს ვამბობ საკვებზე - ყოველ დილას, ერთი და იგივე საკვებია: 2 სოსისი, 2 კვერცხი, ერთი „იუბილეინოეს“ ორცხობილა, ხაჭო არ არაჟანი. მე, მაგალითად, სოსისს საერთოდ არ ვაჭმევ ჩემს შვილს. საბოლოოდ, ის გამორიცხავს ხოლმე ყველაფერს და ჭამს მხოლოდ ამ ერთ ცალ ორცხობილას. არც სარეცხის გარეცხვის საშუალებაა. ხელსაბანში თუ გავრეცხავთ. და მესმის, რომ ეს კურორტი არ არის, დიახ, მაგრამ ბავშვებს სხვანაირი მოვლა სჭირდებათ და პირობები არ განისაზღვრება მხოლოდ სასტუმროს ოთახებით“.
ერთადერთი გამოსავალი, რაც ანამ იპოვა, ისევ გამოწერით კვებაა ან ბავშვისთვის რაიმე გასართობის (წიგნის, მაგალითად), შეძენა, რაც დამატებითი ხარჯია და არც თუ ისე მცირე.
ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ყველა უწყების ყველა თანამდებობის პირი მისი ფეისბუკმეგობარია, მათ შორის ისინიც, ვისთანაც ბავშვთა უფლებებზე წლებია უმუშავია, მაგრამ აქამდე, მის პოსტებს არავინ გამოხმაურებია.
„თქვენი შვილი წარმოიდგინეთ მის ადგილას“
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუკი მას ოდნავ ფანტაზია მაინც აქვს, შეუძლია წარმოიდგინოს, რას ნიშნავს ბავშვებისთვის ასეთ შეზღუდულ სივრცეში ყოფნა, სადაც არ არის სრულფასოვანი კვების, ჰიგიენური პროცედურების დაცვის შესაძლებლობა.
„თუ კარგად გავაანალიზებთ ყველა ფუნდამენტური უფლება ირღვევა. არ მინდა დავიჯერო, რომ სახელმწიფო, რომელიც თავს იწონებს იმით რომ აქვს ბავშვთა კოდექსი და ვითომც ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკა, ვერ ხვდება ამ სარისკო გარემოებებს და არც ის მინდა დავიჯერო, რომ ანას სარჩელი სასამართლოში და მისი ეს სრულიად სამართლიანი პროტესტი, იმიტომ არის იგნორირებული, რომ ის ანა არგანაშვილია. ამ ქვეყანაში, ხელისუფლების საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ადამიანი არის, ვისი იმედიც ჯერ არ დამიკარგავს და პატივისცემას დღემდე ვინარჩუნებ და მათ იმედს ჯერაც არ ვკარგავ. ამ ადამიანებს მინდა შევახსენო რენატე ვინტერის ჯადოსნური სიტყვები - "როცა გიჭირთ გესმოდეთ ბავშვის, თქვენი შვილი წარმოიდგინეთ მის ადგილას და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები“, - წერს მაია ცირამუა.
6 ივლისს განცხადება გაავრცელა „ქალთა მოძრაობამ“ და თქვა, რომ COVID 19 -თან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ საკარანტინე ზომები არღვევს ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების ფუნდამენტურ უფლებებს.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის 322 -ე დადგენილებით, არასრულწლოვნების შემთხვევაში სსიპ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტმა უნდა დააკმაყოფილოს ბავშვიანი მშობლის მომართვა თვითიზოლაციაში განთავსების თაობაზე, უგულვებელყოფს ბავშვიანი ოჯახების მიმართვებს.
„კარანტინში არ არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შესაფერისი პირობები: ბავშვებს არ აქვთ სამოძრაო სივრცე, მთელი დღის განმავლობაში იძულებულები არიან იყვნენ უმოძრაოდ. ბევრ ბავშვს დახურულ და პატარა სივრცეში ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოხატულია დეპრესიული ფონით, შფოთვები, გაღიზიანებადობით; ეს თავის მხრივ ამძიმებს მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. კარანტინში განთავსებამდე, არ ხდება ბავშვებთან ან მათ მშობლებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შეფასება, შესაბამისად, არ ხდება ბავშვზე ორიენტურებული გადაწყვეტილების მიღება“, - წერს ქალთა მოძრაობა და მოითხოვს ანა არგანაშვილის და სხვა მშობლების მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესწავლას თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ.
რას ფიქრობენ საკარანტინე სივრცეებში ბავშვების უფლებების დაცვით კუთხით არსებულ ვითარებაზე და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?
რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, ვიკითხეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაშიც. პასუხი ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ.
ვკითხეთ სახალხო დამცველსაც, ხომ არ დაინტერესებულა ომბუდსმენის ოფისი კარანტინში არსებული ვითარებით?
იქ ასეთი პასუხი გაგვცეს:
„ვატარებთ საკარანტინე სივრცეების მონიტორინგს და ვსწავლობთ ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში იღებს განცხადებებს კარანტინში არსებულ პირობებთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“.
6 ივლისს ბავშვების კარანტინში განთავსების საკითხზე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანიც, რომელმაც განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს იძულებით კარანტინში ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ანთავსებენ და ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ.
თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ოპერაციულ შტაბს ამ საკითხზე დამატებითი რეკომენდაციების მომზადება დაავალა.