Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზი ევროპისკენ: საქართველოს გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით


ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდებს აზერბაიჯანის გაზს, საშუალებას მისცემს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსაც), არა მარტო ეკონომიკურად იხეირონ, არამედ უსაფრთხოებაც განიმტკიცონ – ასეთია ეკონომიკის ექსპერტთა მთავარი დასკვნა, რომელიც ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყებას უკავშირდება. ამ მილსადენის მარშრუტი საბერძნეთიდან ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვაზე გადის და სამხრეთ იტალიამდე აღწევს. ახალი მილსადენი, რომლის ამოქმედება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, ნაწილია მილსადენთა ქსელისა, რომლის ერთი მონაკვეთი საქართველოზეც გადის. ამ საკითხით ჩვენი დაინტერესებაც სწორედ ამის არის გამოწვეული. რა მნიშვნელობა აქვს ტრანსადრიატიკის მილსადენის პროექტს საქართველოსთვის?

ტრანსადრიატიკის 870 კმ-იანი მილსადენი (TAP), რომელმაც საბერძნეთი იტალიასთან უნდა დააკავშიროს, აზერბაიჯანული გაზის იმედად შენდება და, თავის მხრივ, წარმოადგენს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ 3 460 კმ-იანი მარშრუტის ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანიდან იწყება და გადის ასევე საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის შემადგენელი ნაწილებია: 1. „სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (SCP), რომელიც „შაჰ დენიზის“ სახელით არის ცნობილი, აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან; 2. „ტრანსანატოლიის მილსადენი“ (TANAP) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან; 3. „ტრანსადრიატიკის მისალდენი“ (TAP) საბერძნეთს, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, აკავშირებს სამხრეთ იტალიასთან. ამ პროექტს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენის მშენებლობას 17 მაისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში აუნთეს მწვანე შუქი

ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენის მშენებლობას 17 მაისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში აუნთეს მწვანე შუქი და ამ მოვლენას ერთად ზეიმობდნენ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერები. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვითაც გამოვიდა. ითქვა, რომ საქართველო, როგორც აზერბაიჯანული გაზით ევროპის მომარაგების იდეის ერთგული მხარდამჭერი, „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში და დიდ იმედებს ამყარებს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების პერსპექტივებზე. გიორგი კვირიკაშვილი 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გამტარიანობის უნარის მქონე TAP-ის პროექტის განვითარებაში ახალ პერსპექტივებს ხედავს:

"თავის მარშრუტზე, ტრანსადრიატიკის გაზსადენი შეძლებს უზრუნველყოს არაერთი უკვე არსებული და დაგეგმილი მილსადენის შეერთება, რათა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ენერგორესურსების ბევრი სხვადასხვანაირი ბაზარი. ეს შესაძლებელს გახდის კასპიის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი ევროპისთვის. ამავე დროს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სამხრეთის გაზის დერეფნის კიდევ უფრო გასაფართოებლად და, სამომავლოდ, რესურსების მოსაზიდად თურქმენეთიდან და რეგიონში სხვა მიმწოდებლებისგან“.

ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყებას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი. იმის გამო, რომ ევროპისკენ მიმავალმა აზერბაიჯანულმა გაზმა აუცილებლად საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს, ეს ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობებს. საუბარია, ასევე, კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელზე:

„მივიღებთ გაზრდილ დამატებით მოცულობებს „შაჰ დენიზი 2“-ის ფაზიდან და ეს, ბუნებრივია, აისახება საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე – როგორც ფასის, ისე მიწოდებისა და დაკმაყოფილების ნაწილში. გარდა ამისა, TAP-ის პროექტის განხორციელებით საქართველოში შემოვა 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკონომიკური თვალსაზრისით – იმდენად, რამდენადაც ეს იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია“.

მილსადენი ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობებს

როდესაც მომავლისთვის მისაღებ სარგებელზე ლაპარაკობდა, 17 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც დააკონკრეტა, რომ შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების პროცესში, რაც სულ 45 მლრდ დოლარს მოითხოვს, საქართველოში დასახარჯი 2 მილიარდი დოლარიდან 400 მლნი დოლარი მომსახურებისა და საქონლის უშუალოდ საქართველოში შეძენაზე მოდის. მან ხაზი გაუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2 000 ადამიანის დასაქმებას გულისხმობს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო, ტრანზიტის საფასურად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

„შაჰ დენიზის“ პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში „სამხრეთკავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება და, წინასწარი გათვლით, სადღაც 22-24 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. „სახმრეთკავკასიური მილსადენის“ სიგრძე 690 კმ-ია.

ტექნიკურად როგორ უნდა გაფართოვდეს „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ შესაძლებლობები, „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე? – ამ შეკითხვაზე რადიო თავისუფლებას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში თეიმურაზ გოჩიტაშვილმა უპასუხა:

ექსპერტების აზრით, TAP-ის მშენებლობის სტარტით რუსეთის ეკონომიკის დამაზარალებელმა ახალმა ალტერნატივამ დაიწყო რეალური ხორცშესხმა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სრულიად ახალი მილსადენი შენდება არსებული მილსადენის გვერდზე. შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის საკომპრესორო სადგურამდე, 4 კმ-ზე პარალელური მილსადენი იქნება... იქიდან წალკამდე ახალი მილსადენი არ შენდება, რადგანაც არსებული მილსადენი გაატარებს... იქიდან თეთრწყარომდე (56 კმ-ზე) ისევ შენდება პარალელური მილსადენი, ხოლო თეთრწყაროდან აღარ შენდება ახალი მილსადენი და შენდება მხოლოდ საკომპრესორო სადგურები, იმიტომ, რომ მთიანი ადგილია და მთიანი ადგილის გადალახვისას ჯობია, რომ საკომპრესორო სადგური ააშენონ და წნევას მოუმატონ, ვიდრე ახალი მილსადენი ააშენონ... ვალედან 6 კმ-ის მანძილზე, თურქეთთან საზღვრამდე, ისევ პარალელური მილსადენი შენდება“.

მართალია, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შესაძლებლობები უახლოეს წლებში ევროპის ბაზარზე მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს არასაიმედო მიმწოდებელს, რუსეთს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და TAP-ის მშენებლობის სტარტით რუსეთის ეკონომიკის დამაზარალებელმა ახალმა ალტერნატივამ დაიწყო რეალური ხორცშესხმა. ენერგეტიკა სწორედ ის სფეროა, რომელში კონკურენციაც მოსკოვს განსაკუთრებით აბრაზებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG