კვლავ გრძელდება დავა „გაზპრომთან“ საქართველოს დაახლოების შესახებ. მიმდინარე კვირაში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გამოაცხადა, აზერბაიჯანს არა აქვს გაზის დამატებითი მარაგები საქართველოს გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადო. სხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანიდან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაციას არ ვაპირებთო, მისი კაბინეტის წევრი კახა კალაძე მაინც ცდილობს დივერსიფიკაციის აუცილებლობა დაამტკიცოს. 20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრესკონფერენცია მოაწყო და გაზის მოწოდების მაჩვენებლების გამოქვეყნებით შეეცადა „გაზპრომის“ გაზის აუცილებლობა დაესაბუთებინა. მისი აზრით, საქართველოსთვის საჭირო გაზის დამატებითი მოცულობის შევსება აზერბაიჯანიდან ვერ ხერხდება:
„არ არის ამის შესაძლებლობა. ამის შესაძლებლობა რომ გვქონოდა დღემდეც, ამ დამატებით მოცულობებს არ წამოვიღედით. და მე ვფიქრობ, არც წინა ხელისუფლების დროს მოხდებოდა ამ დამატებითი მოცულობების წამოღება, რომ აზერბაიჯანს ჰქონოდა საშუალება ის მოცულობები, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება და შემოგვაქვს რუსეთიდან, შესაძლებელი ყოფილიყო წამოღებულიყო აზერბაიჯანიდან. არ არის ამის საშუალება“.
ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად წინა წლებიმოიგონა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ აქტიურ თანამშრომლობაში ამხილა. კალაძემ გაიხსენა 2006 წელი, როდესაც, რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზით, საქართველო ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა, მაგრამ, მონაცემების მიხედვით, საქართველო თითქმის მთლიანად რუსეთის გაზით მარაგდებოდა. ენერგეტიკის მინისტრმა საქართველოს „გაზპრომთან“ თანამშრომლობის სხვა შემთხვევაც გაიხსენა:
„დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს „გაზპრომთან“ და მილსადენთან დაკავშირებულ მოვლენებს. 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ, რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული“.
კახა კალაძის მიერ ნახსენები გაზსადენი რუსეთს სომხეთთან აკავშირებს და მასში მხოლოდ სომხეთისთვის განკუთვნილი გაზი მიედინება. მასზე არ არის დამოკიდებული საქართველოს გაზმომარაგება.
მაშინაც კი, როდესაც ამ მილსადენით საქართველოს მომარაგება ხდებოდა, მისი მესაკუთრეობის მიუხედავად, მილსადენში გაზის გაშვების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ. არის ასევე მეორე მაგალითიც, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ სახით, რომლის საკონტროლო პაკეტი რუსეთის კომპანიის საკუთრებაა. „თელასისა“ და „გაზპრომის“ შემთხვევებს შორის განსხვავებაზე ლაპარაკობს თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი:
ჩვენ ვართ გეოსტრატეგიული პარტნიორები და აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზა არ აქვს თავისი წიაღისეულის გასატანად. აქ გადის გაზსადენი, ნავთობსადენები, ზღვიდან გააქვთ ნავთობპროდუქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანს აქვს საკუთრებაში ყულევის ტერმინალი. შესაბამისად, დაინტერესებულია საქართველოს სისტემის გაძლიერებით...რომან გოცირიძე
„მაგალითი მოჰყავთ: აი, „თელასი“ ხომ რუსებისაა და მაშინ თუ შეიძლებოდა „თელასი“ მიგვეცა რუსეთისთვის, დღეს რატომ არ შეიძლება „გაზპრომს“ ჩავებათო. ხშირად გამიგია ეს არგუმენტი. აქ უნდა განვასხვავოთ ინვესტიცია, როდესაც ფული შემოსულია, ინფრასტრუქტურაში დევს და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გავლენა გვაქვს ამაზე. და თუ, ვთქვათ, რაღაცა არასწორი ქმედებები გააკეთა „თელასმა“ ელექტროობის მიწოდების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. „გაზპრომის“ მოხმარებაზე მიბმა სულ სხვა რაღაც არის, ამ საკითხს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ“.
10 წლის წინანდელი რეალობისა და „გაზპრომთან“ ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობის ერთმანეთთან შედარების წინააღმდეგნი არიან ეკონომიკის სხვა ექპერტებიც. ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, წინა ხელისუფლება ბუნებრივ აირს რუსეთიდან იმიტომ ყიდულობდა, რომ სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის ამოქმედების შემდეგ კი ნელ-ნელა შემცირდა რუსული გაზის მოცულობა და გაიზარდა აზერბაიჯანის წილი:
„ჩვენ ვართ გეოსტრატეგიული პარტნიორები და აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზა არ აქვს თავისი წიაღისეულის გასატანად. აქ გადის გაზსადენი, ნავთობსადენები, ზღვიდან გააქვთ ნავთობპროდუქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანს აქვს საკუთრებაში ყულევის ტერმინალი. შესაბამისად, დაინტერესებულია საქართველოს სისტემის გაძლიერებით. 2018 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის დამატებით 6 მილიარდი კუბური მეტრი „შაჰდენიზ-2“-დან, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი ტემპებით და 2019 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ დამატებით გაივლის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ანუ ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის სამჯერ მეტი გაზი, ვიდრე ახლა გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლო უფასო გაზით ჩვენი მოხმარების ნახევარს დავაკმაყოფილებთ“.
რომან გოცირიძის მიერ ნახსენები უფასო გაზის გარდა, საქართველოს აქვს უფლება შაჰ-დენიზის მილსადენებიდან მისთვის საჭირო გაზის მოცულობების მიღება მოითხოვოს. საქართველოში გაზის მეორე მსხვილი მომწოდებელია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“. მისი წარმომადგენელი საქართველოში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიის“ გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, აცხადებს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას საჭირო მოცულობით.
მისივე განცხადებით, ყოველდღიურად აზერბაიჯანიდან საქართველოში 5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ხდება, რასაც ემატება 1 მილიონი კუბური მეტრი გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან, საქართველოს მიერ მოხმარებული გაზი კი დღიურად 6,2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.