Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზი, რომელიც არ ყარს?


საქართველოს მთავრობა არ აპირებს უარი თქვას რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან" ურთიერთობასა და რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, არ შეწყვეტილა წინა ხელისუფლების დროს და 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდშიც კი. კახა კალაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას არაჯანსაღი ეიფორია უწოდა და განმარტა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს რესურსი სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელია რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება. თუმცა კახა კალაძემ იქვე შენიშნა, რომ აზერბაიჯანი კვლავაც დარჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტინორად და გაზის იმპორტიორად.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას 2003 წელს მოაწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით. კალაძის თქმით, „გაზპრომთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა წინა მთავრობის დროს:

„გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდეგაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ და არავინ არ საუბრობს“.

კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის მონაცემები 2003-2014 წლებში, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, ტრანზიტის საფასურის სახით მიღებულის გარდა, 2008 წელს 500 მილიონი კუბური მეტრი აირი შეიძინა, 2009 წელს - 117 მილიონი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი - 30-30 მილიონი. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ

საქართველომ უარი უნდა თქვას პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და თვალი გაუსწოროს მომავალს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. კახა კალაძემ წინა ხელისუფლებას, „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გარდა, ასევე შეახსენა მაგისტრალური მილსადენის გაყიდვის მცდელობა:

„2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ, რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ აშშ-ის მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით“.

დივერსიფიციული მოწოდების გარკვეული ოპერატიული წყარო, ბუნებრივია, რომ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ შესაძლოა მილზე რემონტი იყოს ანდა ავარია მოხდეს და ამის გამო გაზის მიწოდება არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, საჭიროა გვქონდეს ეს რუსული ალტერნატივა სამარქაფოდ...
გია ხუხაშვილი

კახა კალაძის თქმით, ფაქტია, რომ საქართველოს სჭირდება გაზის დამატებითი მოცულობები. მისივე თქმით, ასევე ფაქტია ისიც, რომ აზერბაიჯანი თავად აფორმებს ხელშეკრულებას „გაზპრომთან“ და იღებს რუსულ გაზს. კახ კალაძე ამბობს, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე აზერბაიჯანი დარჩება გაზის ძირითად იმპორტიორად, თუმცა კერძო კომპანიებს საშუალება ექნებათ შეთანხმებულ ფასად შეისყიდონ გარკვეული მოცულობის ბუნებრივი აირი „გაზპრომისგან“, რაშიც გასაკვირს ვერაფერს ხედავს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„დივერსიფიციული მოწოდების გარკვეული ოპერატიული წყარო, ბუნებრივია, რომ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ შესაძლოა მილზე რემონტი იყოს ანდა ავარია მოხდეს და ამის გამო გაზის მიწოდება არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, საჭიროა გვქონდეს ეს რუსული ალტერნატივა სამარქაფოდ, არა სტაბილური მოწოდებისთვის და ბაზრის არევისთვის, არამედ ფორსმაჟორის შემთხვევაში გამოყენებისთვის. აქაც ფორსმაჟორულ შესყიდვებზეა საუბარი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ურთიერთობებში“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოსთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობის გათვალისწინებით, „გაზპრომის“ ინტერესი, მაღალი ალბათობით, უფრო პოლიტიკურია, ვიდრე კომერციული და შესაძლოა მიზნად ისახავდეს გაუგებრობის ჩამოგდებას ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. არადა, როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტნიორობის გარდა, ბუნებრივი აირის ფასისა და მოცულობის გათვალისწინებითაც, საქართველოსთვის აზერბაიჯანი შეუცვლელ პარტნიორად მოჩანს. 2014 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო მილიარდ ორასი მილიონი კუბური მეტრი აირი, მაშინ როცა რუსეთიდან - მხოლოდ 60 მილიონი:

„თუ გავეცნობით იმ მოცულობებს, რაც შემოდის აზერბაიჯანიდან და რაც დღემდე შემოდიოდა რუსეთიდან, სასაცილოა საუბარი „სოკარის“ ჩანაცვლებაზე, ისე როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე. ეს გამორიცხულია! ამას არც საქართველო გააკეთებს და ამას არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დაუშვებენ“.

ჩვენ ვართ გეოსტრატეგიული პარტნიორები და აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზა არ აქვს თავისი წიაღისეულის გასატანად. აქ გადის გაზსადენი, ნავთობსადენები, ზღვიდან გააქვთ ნავთობპროდუქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანს აქვს საკუთრებაში ყულევის ტერმინალი. შესაბამისად, დაინტერესებულია საქართველოს სისტემის გაძლიერებით...
რომან გოცირიძე

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება ლოგიკურად გაუმართავია. რომან გოცირიძის თქმით, წინა ხელისუფლება გაზს რუსეთიდან იმიტომ ყიდულობდა, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო. ბაქო-თბილისი-ერზერუმის ამოქმედების შემდეგ კი ნელ-ნელა შემცირდა რუსული გაზის წილი და გაიზარდა აზერბაიჯანულის. ამასთან, როგორც რომან გოცირიძე ამბობს,საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო აზერბაიჯანის მთავრობასთან დაემყარებინა ისეთი ურთიერთობა, რომ საქართველოს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებოდა გაზის მინიმალური დანაკლისი.

„ჩვენ ვართ გეოსტრატეგიული პარტნიორები და აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზა არ აქვს თავისი წიაღისეულის გასატანად. აქ გადის გაზსადენი, ნავთობსადენები, ზღვიდან გააქვთ ნავთობპროდუქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანს აქვს საკუთრებაში ყულევის ტერმინალი. შესაბამისად, დაინტერესებულია საქართველოს სისტემის გაძლიერებით. ...ორი წელი კი იმიტომ, რომ 2018 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის დამატებით 6 მილიარდი კუბური მეტრი „შაჰდენიზ-2“-დან, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი ტემპებით და 2019 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ დამატებით გაივლის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ანუ ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის სამჯერ მეტი გაზი, ვიდრე ახლა გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლო უფასო გაზით ჩვენი მოხმარების ნახევარს დავაკმაყოფილებთ“, - უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, ასევე საინტერესოა, რომელ ორგანიზაციებს გულისხმობს ენერგეტიკის მინისტრი, როცა რუსული გაზის კომერციულ მიღებაზე ლაპარაკობს. გოცირიძის ვარაუდით, უთუოდ იგულისხმება ისეთი მსხვილი მომხმარებლები, როგორიცაა „ენერგოპროს“ საკუთრებაში არსებული თბოსადგურები (მერვე და მეცხრე ბლოკები):

„და კიდევ ახლად აშენებული და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ელექტროსადგური, რომელსაც სახელმწიფო ალბათ მოამარაგებს რუსული გაზით, რომლის შემოტანასაც ის აპირებს. ანუ გამოდის, რომ სამი დიდი თბოსადგური, პლუს ამას გაზის დიდი მომხმარებელი „აზოტი“... გამოდის, რომ საქარველოს ენერგეტიკას და წამყვან ინდუსტრიულ დარგებს ვტოვებთ რუსეთის ბედზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიდის ძალიან ცუდი თამაში „ყაზყრანსგაზთან“, რომელსაც უნდა საქართველოდან გასვლა და ამას საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს ხელს, და რომელიც აუცილებლად რუსების ხელში აღმოჩნდება, გამოდის, რომ თბილისიც უნდა მოამარაგოს „გაზპრომმა“?“

რომან გოცირიძის თქმით, გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება აზერბაიჯანის, თურქეთის, ევროპისა თუ ამერიკის მიმართულებით. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს „გაზპრომთან“ ურთიერთობას და შემოიფარგლოს მხოლოდ ტრანზიტით.

„’გაზპრომი’ სომხეთს აწვდის გაზს ტრანზიტით, რომლიდანაც საქართველოს რჩება გარკვეული რაოდენობის გაზი და რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. თუ ამის იქით ეს თანამშრომლობა არ წავიდა, ამაში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ საქართველოს ჰყავს გაზის ალტერნატიული პროვაიდერი აზერბაიჯანის სახით, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასში გვაწვდის საჭირო რაოდენობის გაზს“, უთხრა ზაალ ანჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG