ბაქოდან დაბრუნებული პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის „ძალიან მტკიცე სტრაგეგიული პარტნიორობა და მეგობრობა“ არავითარ შემთხვევაში არ გადაიხედება და რომ საქართველო უარს არ იტყვის აზერბაიჯანულ გაზზე. ასეთი ვარაუდები უკავშირდება რუსეთის „გაზპრომისგან“ მეტი გაზის მიღების პერსპექტივებს, რამაც ბოლო დღეებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ ანალიტიკოსების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება განმარტავს, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაღრმავება მხოლოდ კერძო სექტორს შეეხება, თუმცა ეს განმარტება შეშფოთების საფუძველს არ ხსნის: ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეგნებულად დგამს ნაბიჯს რუსეთისკენ, ხოლო ზოგის შეფასებით – ხელისუფლება დაუფიქრებლად მოქმედებს და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს არ ითვალისწინებს.
„არავითარი გადახედვა არ იგეგმება: აზერბაიჯანთან ურთიერთობა იყო, არის და დარჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და აზუსტებს, რომ „დივერსიფიკაციაზე და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე არ არის ლაპარაკი“.ირაკლი ღარიბაშვილი ასევე განმარტავს, რომ 10 ოქტომბერს მისი ვიზიტი აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან „სამუშაო და მეგობრულ“ შეხვედრას ისახავდა მიზნად, მაშინ როცა მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერის ბევრისთვის მოულოდნელმა ვიზიტმა ბაქოში. ბოლო დღეებში გავრცელებულ ვარაუდებსა და ეჭვებს პრემიერ–მინისტრი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, ანუ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების“ მოგონილს უწოდებს.
თუმცა ეჭვები მხოლოდ ოპოზიურ ფლანგს არ გასჩენია. აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის სავარაუდო შევიწროებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებიც ალაპარაკდნენ. ეჭვები და შეშფოთება სექტემბრის ბოლოს გამოვლინდა და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 25 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა. რუსეთის მხარის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რუსეთის გაზის როგორც საქართველოსთვის, ასევე საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების საკითხებზე.
ამ შეხვედრამ შეაშინა ბევრი და, კერძოდ, იმის გამო, რომ „გაზპრომის“ მეტი გაზის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც, მწვარე გამოცდილების თანახმად, რუსეთმა შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოიყენოს პოლიტიკურ იარაღად საქართველოს წინააღმდეგ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო, – განაცხადაკახა კალაძემ ორიოდე დღის წინ, – საქართველო ისედაც იღებს გაზს რუსეთისგან. ამჯერად სომხეთისკენ სატრანზიტო მოცულობის გაზრდაზეა ლაპარაკი და რადგანაც საქართველოს თავისი გაზი არა აქვს, ქვეყანამ „ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე“ უნდა იზრუნოსო. ამ მხრივ ჩვენ ირანთანაც ვმუშაობთო. თუმცა, დაუცხრომელი ვნებათაღელვის ფონზე, 12 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრს მოუწია კიდევ ერთხელ გაეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე და თქვა, აზერბაიჯანული გაზი არ ჩანაცვლდება და ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებით „მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ გაზზეა“ ლაპარაკიო:
„კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული – ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება წავიდეს და შემოიტანოს ბუნებრივი აირი მისთვის ხელსაყრელ ფასად... რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის: მაგალითად, დღესდღეობით გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი არის სხვადასხვა და ეს ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარზე და მე ვფიქრობ, ეს ფასი ევროპაშიც არ არის დღეს“.
’სოკარი’ დღეს, თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ინარჩუნებს ტარიფის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ დევალვაცია მოხდა, ის თავის კანონიერ უფლებას ტარიფის მატებასთან დაკავშირებით არ იყენებს, რადგანაც ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ რისკებს...გია ხუხაშვილი
კახა კალაძემ, როგორც თავად ამბობს, ჯერ არ იცის, რა ფასად შესთავაზებს „გაზპრომი“ გაზს კომერციულ სეგმენტს საქართველოში და რამდენად ხელსაყრელი იქნება ეს ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის, რომლებიც „გიჟები არ არიან“, რომ გაზი ვინმესგან კიდევ უფრო ძვირად შეიძინონ. თავად „სოკარს“ საქართველოს სვლასთან დაკავშირებით გულისწყრომა აშკარად არ გამოუხატავს და, მეტიც, როგორც “SOCAR Energy Georgia”–ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა უთხრა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „Trend“–ს, კომპანია „სოკარი“ მზად არის კონკურენცია გაუწიოს რუსეთის „გაზპრომს“ საქართველოს ბაზარზე.
არც ის, რომ მხოლოდ კომერციულ გაზზეა ლაპარაკი და არც ის, რომ აზერბაიჯანული სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარი“, დიპლომატიური პრინციპებიდან გამომდინარე, უკმაყოფილებას ღიად არ გამოხატავს, საერთო სურათს არ ცვლის "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელ გია ხუხაშვილისთვის. ის ერთ დროს თავადაც თანამშრომლობდა „სოკართან“ და მისთვის კომპანიის შიდა პროცესებიც კარგად არის ცნობილი. გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „სოკარს“უსამართლოდ ექცევა:
„’სოკარი’ დღეს, თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ინარჩუნებს ტარიფის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ დევალვაცია მოხდა, ის თავის კანონიერ უფლებას ტარიფის მატებასთან დაკავშირებით არ იყენებს, რადგანაც ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ რისკებს. ვიცით, რომ „სოკარი“ ავითარებს ინფრასტრუქტურას რეგიონებში და ეს ზარალიანია მისთვის – ეს მას არაფერში არ სჭირდება და ამაში იხარჯება თანხები. ამ ზარალის კომპენსირებას კომპანია გარკვეულწილად ცდილობს ამ კომერციული სეგმენტისგან. ხელისუფლება კი მას დღეს ეუბნება, რომ სოციალური პასუხისმგებლობა შენ შეინარჩუნეო, ანუ ზარალიანი საქმე შენ აკეთეო, ხოლო კომერციას „გაზპრომს“ მივცემო... ეს ისეთი სასაცილო და უსამართლო რაღაცაა...“
საქართველო აზერბაიჯანს უსამართლოდ რომ ექცევა, ამის შესახებ მინიშნებები აზერბაიჯანის ადგილობრივ მედიაშიც კეთდება და ხაზგასმით აღინიშნება ის ფაქტი, რომ ბაქო, ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, მეზობელ და მეგობარ ქვეყანას, საქართველოს, ბუნებრივ აირს გასაკვირად დაბალ ფასად აწვდის.
მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებები თუ ხელისუფლების გარეთ გადაწყვეტილების მიმღებები ცდილობენ, რომ უალტერნატივოდ დავახლოვდეთ რუსეთთან...გიგა ბედინეიშვილი
იყო დრო, როდესაც ახლად გაპრემიერებული ბიძინა ივანიშვილიც ლაპარაკობდა აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის ტარიფის კიდევ უფრო შემცირების სურვილზე, მაგრამ მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ გარკვევით ახსნა, რომ ბაქო გაზს უფრო მეტად ვეღარ გააიაფებდა, რადგანაც ტარიფი ისედაც საგანგებოდ დაბალი იყო საქართველოსთვის. ეს ფაქტი 2012 წლის დეკემბრის მიწურულს ბაქოში მყოფმა თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას:
”130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, 145 დოლარად კი გვყიდიან ჩვენ, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი. როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე მაშინაც გამოვთქვამდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ”.
ბოლო პერიოდის ინფორმაცია „გაზპრომისთვის“ საქართველოსკენ უფრო ფართო გზის გახსნის თაობაზე შემაშფოთებლად მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გიგა ბედინეიშვილს და ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხელისუფლების სავარაუდო მიზანმიმართულ გეგმაზე ლაპარაკობს:
„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებები თუ ხელისუფლების გარეთ გადაწყვეტილების მიმღებები ცდილობენ, რომ უალტერნატივოდ დავახლოვდეთ რუსეთთან, ანუ ისეთ დონეზე დავახლოვდეთ, როგორც, ვთქვათ, ბელორუსია და სომხეთი... რაღაც ასეთი მოდელისკენ ცდილობენ ჩვენს წაყვანას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, ეს სხვა საქმეა“.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ევროპა უკვე დიდი ხანია ცდილობს საბოლოოდ დააღწიოს თავი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას და ევროკავშირი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი პროექტის – „ტრანსკასპიური გაზსადენის“ -განხორციელების იდეას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროპას მიიღოს ბუნებრივი აირი ცენტრალური აზიიდან. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ევროკავშირი ამ გზით თურქმენული გაზის მიღებას უკვე 2019 წლისთვის გეგმავს. ამ პროექტის აქტიურ და მნიშვნელოვან მონაწილედ განიხილება საქართველო, რომელიც, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, მნიშვნელოვან სატრანზიტო სარგებელს მიიღებს.
მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა, ენერგორესურსების ჭრილში, სულ უფრო მეტად ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, საქართველოს სვლას საპირისპირო მიმართულებით ძალიან დიდ შეცდომად მიიჩნევს გია ხუხაშვილიც. მართალია, მას ეს ყველაფერი მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მეტად წვრილ–წვრილი კომერციულ–მერკანტილური ინტერესების გამოვლინება ჰგონია, მაგრამ ექსპერტისთვის ნათელია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების გაუთვლელ სვლას რუსეთი აუცილებლად სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. ამასთან, "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებლის აზრით, ამ პროცესში საქართველოს ემუქრება რეალური საფრთხე – დაკარგოს უმთავრესი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც ცენტრალური აზიიდან ენერგომატარებლების ევროპისკენ გატარებას გულისხმობს. „თუკი ეს ფუნქცია დავკარგეთ, საინტერესო აღარავისთვის ვიქნებით“, – ამბობს გია ხუხაშვილი.