Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი „გაზპრომს“ ბრალდებებს უყენებს


რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომი“ უარყოფს ევროკავშირის ბრალდებებს, რომ ბოროტად სარგებლობს ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციით. „გაზპრომის“ შეფასებით, ბრალდებები „უსაფუძვლოა“. ეს გამოხმაურება რამდენიმე საათში მოჰყვა ევროკომისიის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომ „გაზპრომი“ არღვევს კონკურენციის წესებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

რუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანიას ევროკავშირი ბრალად სდებს, რომ ის ბოროტად იყენებს თავის დომინანტურ პოზიციას ევროკავშირის წევრებიდან რვა ქვეყანაში - ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.

„გაზპრომისთვის“ ბრალდების წაყენებაზე ბრიუსელში განცხადება გააკეთა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტე ვესტაგერმა:

მარგარეტე ვესტაგერი
მარგარეტე ვესტაგერი

“გაზპრომი“ დომინირებს ყველა ამ ქვეყნის ბაზრებზე. ზოგ ბაზარზე „გაზპრომია“ გაზის ერთადერთი მომწოდებელი და, როგორც ამას ჩვენს საპროტესტო განცხადებაში აღვნიშნავთ, ჩვენი წინასწარი შეფასებით, „გაზპრომი“ ბოროტად სარგებლობს თავისი დომინანტური პოზიციით“.

ბრალდებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა „გაზპრომი“ - მას „უსაფუძვლო“ უწოდა და დასძინა, რომ კომპანია მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის ყველა ნორმას ქვეყნებში, სადაც საქმიანობს.

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიისათვის ბრალდების წაყენება მოჰყვა 2012 წელს დაწყებულ მოკვლევას ევროკავშირის წევრების საჩივრის საფუძველზე. ბრიუსელმა შეისწავლა სამი ძირითადი ბრალდების გარემოებები და, პირველ რიგში, დაადგინა, რომ კომპანია ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთსა და სლოვაკეთს უწესებს ტერიტორიულ შეზღუდვებს, რომლებიც ითვალისწინებს, მაგალითად, რეექსპორტის აკრძალვას.

„ერთ-ერთი ზომაა ის, რომ „გაზპრომის“ კლიენტს ერთ რომელიმე ქვეყანაში კონტრაქტი ავალდებულებს არ მოახდინოს გაზის რეექსპორტი სხვა წევრ ქვეყანაში. ბაზრის ასე მოწყობით, „გაზპრომმა“ შეძლო ზოგი ქვეყნისაგან უფრო მაღალი ფასები მოეთხოვა შიშის გარეშე, რომ იქ გაზს მიიღებდნენ სხვა ქვეყნებიდან, შუამავლებისაგან ან იქიდან, სადაც უფრო დაბალი ფასებია“, - განმარტავს ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში.

ყველა ზემოხსენებული ქვეყანა, რომელშიც „გაზპრომის“ მოქმედებას აკრიტიკებენ, წინათ სოციალისტურბლოკში შედიოდა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაწევრიანდა ნატოსა და ევროკავშირში.

„გაზპრომის“ წინააღმდეგ საჩივრის შესწავლისას, ევროკავშირი მივიდა აგრეთვე დასკვნამდე, რომ რამდენიმე ქვეყანაში კომპანია მეტისმეტად ძვირად ყიდის ბუნებრივ აირს, მისი ფასის ნავთობის ფასთან მიბმის მეშვეობით.

„შემდეგ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებში ვნახეთ, რომ „გაზპრომი“, ჩვენი აზრით, გაუმართლებლად მაღალ ფასებს მოითხოვს ხუთი სხვადასხვა ქვეყნისაგან. ესენი არიან ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და ბულგარეთი“, ამბობს ევროკომისარი.

მათ, რასაკვირველია, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვან და ამის გაკეთება შეუძლიათ, როგორც ვთქვი, 12 კვირით შეზღუდულ ვადაში...
მარგარეტე ვესტაგერი

და მესამე საკითხი, რომლის გამოც ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამს, არის პოლონეთსა და ბულგარეთში „გაზპრომის“ საქმიანობის შემდეგი ასპექტი: იქ გაზით მომარაგება დამოკიდებულია ინვესტიციებზე მილსადენების პროექტებში, რომლებსაც „გაზპრომი“ სპონსორობს, ან ქვეყანა უნდა დაყაბულდეს რუსული კომპანიის მიერ მილსადენზე კონტროლის გაძლიერებას.

როგორც ევროკომისარი მარგარეტე ვესტაგერი აღნიშნავს, ევროკავშირს არაფერი აქვს საკუთრივ კომპანია „გაზპრომის“ წინააღმდეგ: ის აკრიტიკებს ამ კომპანიის მოქმედებას, რომლის შედეგადაც მიიჩნევს გაუმართლებლად მაღალ ფასებს.

„ნაადრევია ვარაუდების გამოთქმა საკითხის მოგვარებაზე, რადგან „გაზპრომმა“ შესაძლოა ჩათვალოს, რომ ჩვენ მართალი არ ვართ. ცხადია, ამიტომ წარმოვადგინეთ წინასწარი შეფასება, რომელიც წერილობით ჩამოვაყალიბეთ მათთვის დეტალურად გასაცნობად - მიზეზების ჩათვლით, რატომ ვფიქრობთ ისე, როგორც ახლა ვფიქრობთ. მათ, რასაკვირველია, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვან და ამის გაკეთება შეუძლიათ, როგორც ვთქვი, 12 კვირით შეზღუდულ ვადაში“, - განაცხადა ბრიუსელში ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

2014 წელს ევროკავშირმა 125 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი შეიძინა „გაზპრომისაგან“. ამ მოცულობის დაახლოებით ნახევარი მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების მეშვეობით.ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში „გაზპრომის“ დადანაშაულების ფონს ქმნის ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომელთა მიზეზიც არის სწორედ უკრაინაში რუსეთის მოქმედება.

XS
SM
MD
LG