ქვეყნის ენერგომომარაგების და ენერგოუსაფრთხოების თემა საქართველოში ბოლო ხანებში უკვე პერმანენტულად აქტუალურია. გასულ კვირას ხელისუფლებამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, უსიამოვნო სიახლეებს საზოგადოება ამ მიმართულებით აღარ უნდა ელოდოსო. ამის მიზეზი აზერბაიჯანის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებაა.
კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა 4 მარტს თბილისში 2011 წლის შეთანხმების შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი. იმავე დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და SOCAR Gas Import-Export-ის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 2012 წლის შეთანხმების შესწორებულ ვარიანტს.
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "სოკარს" შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებათა პაკეტის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, „სოკარმა“ გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დამატებითი მოცულობა საქართველოს უშუალოდ ე.წ. „შაჰდენიზიდან“ მოაწოდოს. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა ტექნიკური შეზღუდვის გამო არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად და მათი მხრიდან დამატება შესაძლებელი გახდა სამხრეთკავკასიური, იმავე "შაჰდენიზის", მილსადენის საშუალებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, "სოკარმა" მზადყოფნა გამოთქვა 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი.
საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს. 2015 წელს, დაახლოებით, 712 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იმ შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენთან დაკავშირებით მოქმედებს; ამ მილსადენის მეშვეობით „შაჰდენიზის“ გაზი თურქეთს საქართველოს გავლით მიეწოდება. 2015 წელს 1.48 მილიარდი კუბური მეტრი იქნა ასევე იმპორტირებული SOCAR-თან არსებული ცალკე შეთანხმების ფარგლებში.
აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების ფონზე, ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსულ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ „გაზპრომი“ ითხოვდა საქართველოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს იგი არა ტრანზიტული გაზის მოცულობის 10 პროცენტით, არამედ ფულადი ანაზღაურებით გადაიხდიდა.
შესაბამისად, დღეისთვის არსებული მდგომარეობით, ენერგეტიკის მინისტრის ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს არ საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან საქართველოში გაზის ყოველწლიური მოხმარება მუდმივად იზრდება და 2015 წელს 2.47 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 13.8 %-იანი ზრდაა, 2014 წელთან შედარებით.