Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ელაპარაკება „გაზპრომს“ საქართველო?


საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს განაგრძობს და სომხეთისკენ გატარებული გაზისთვის ხელსაყრელი სატრანზიტო საფასურის დადგენას ცდილობს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს 25 თებერვალს განუცხადა. პარალელურად, პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებს და საზოგადოებას მორიგი საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებს. რამდენად წამგებიანია საქართველოსთვის „გაზპრომთან“ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა?

ჯერჯერობით კვლავაც უშედეგოა პროცესი, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ბოლო თვეების მანძილზე, უკვე ბევრჯერ შეხვდა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრები იმართებოდა ევროპის დიდ ქალაქებში: ვენაში, ბრიუსელში, მილანში, ლუქსემბურგსა თუ ციურიხში. ბოლო ასეთ შეხვედრას 19 თებერვალს ვენა მასპინძლობდა. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციის თანახმად, მინისტრი კალაძე მართავდა „მორიგ სამუშაო შეხვედრას „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან“. ბოლო შეხვედრაც რომ უშედეგოდ დასრულდა, ეს ჟურნალისტებს 25 თებერვალს დაუდასტურა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და იქვე განსახილველი თემაც დააკონკრეტა:

გააჩნია რა იქნება ეს თანხა. აი, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით
მარიამ ვალიშვილი

„სანამ არ იქნება შეთანხმება, შეხვედრები გაგრძელდება... საუბარი შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას, ანაზღაურების რაოდენობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პრინციპულად არა ვართ წინააღმდეგი გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, – ჩვენთან გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის... პრინციპულად ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თანხობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეთ, მაგრამ გააჩნია რა იქნება ეს თანხა. აი, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით“.

ის, რომ რუსეთი საქართველოს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %–ის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას სთავაზობს და, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, ეს საკითხიც განიხილება, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად 11 იანვარს თქვა. მანამდე კი განხილულ საკითხებად ძირითადად სახელდებოდა „არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელება“, „სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები“ და „ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“.

რუსეთის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესი ბუნდოვანია ოპოზიციური ფლანგისათვის და, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების ხელყოფაშიც ადანაშაულებს, გამომდინარე მწარე გამოცდილებიდან, რომ რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს ზეგავლენის ბერკეტებად იყენებს. ამ კონტექსტში „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე გაიმართა და მორიგი აქცია, „ცოცხალი ჯაჭვის“ სახით, 6 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა:

ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს „გაზპრომი“, ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს რუსული წყვდიადი
დავით ბაქრაძე

„ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ – ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს „გაზპრომი“, ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო. ჩვენ გვახსოვს ქუჩაში გაჭიმული „კანისტრების“ რიგები, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ ამ გზით გაეთბოთ ოჯახები... ჩვენ გვახსოვს ეზოში დანთებული ცეცხლები და იქ ადუღებული ჩაიდნები და ასე მომზადებული ჩაი ან სუპი ბავშვებისთვის... ჩვენ გვახსოვს რუსული წყვდიადი და სწორედ ამიტომ, წლების წინ, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენ ამ რუსულ წყვდიადს დავაღწიეთ თავი. დღეს არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში“.

მაშინ როცა ენერგეტიკის მინისტრის მარიამ ვალიშვილის თქმით, საქართველო პრინციპულ უარს არ ამბობს „გაზპრომისგან“ თანხობრივი ანაზღაურების მიღებაზე, ექსპერტთა დიდი ნაწილისთვის ცხადია, რომ ასეთი გარიგება წამგებიანი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, საქართველოს ხელისუფლებამ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რუსეთი შანტაჟს მიმართავდეს. გავიხსენოთ, რომ, როგორც კახა კალაძემ განმარტა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, რუსეთმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველო გაზის ტრანზიტის საფასურის ფულად ანგარიშსწორებაზე არ დათანხმდება, რუსეთი საერთოდ აღარ გაატარებს გაზს საქართველოს ტერიტორიის გავლით და სომხეთს ირანიდან მოამარაგებს. გიორგი ღაღანიძე ამბობს, რომ რუსეთის ულტიმატუმი უსაფუძვლოა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატული შიშები:

ბლეფია ეს... საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია. უნდა უთხრას რუსეთს: მიაწვდი (სომხეთს ირანიდან)? მიაწოდე.
გიორგი ღაღანიძე

„ჩვენ არაფერს დავკარგავთ, იმიტომ რომ სანამ ეგ ტექნიკურად განხორციელდება ამ კრიზისის პირობებში, საკმაოდ დიდი დრო გავა... აბა, ახლა ამ ვარიანტის დანაკარგები დათვალეთ: რუსეთიდან აზერბაიჯანზე, აზერბაიჯანიდან ირანზე, ირანიდან სომხეთზე... გაცილებით მეტის მიწოდება მოუწევს რუსეთს. ბლეფია ეს... საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია. უნდა უთხრას რუსეთს: მიაწვდი (სომხეთს ირანიდან)? მიაწოდე... და დავამთავროთ ლაპარაკი...“

საქართველოს ხელისუფლებას პრინციპულობას ურჩევს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძეც და ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ირანსა და სომხეთს შორის აშენებული 700 მმ-იანი გაზსადენის გამტარუნარიანობა ამჟამად წელიწადში მილიარდ კუბურ მეტრს არ აღემატება, მაშინ როცა სომხეთი 2 მილიარდ კუბურ მეტრს მოიხმარს. შესაბამისად, ექსპერტის გამოთვლით, ამჟამად არსებული ტექნიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ირანიდან სომხეთს შესაძლოა საჭირო მოცულობის მხოლოდ ნახევარი მიეწოდოს, სრული მოცულობის უზრუნველყოფას კი წლები დასჭირდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG