Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის არჩევანი: „გაზპრომის“ ფული თუ „გაზპრომის“ გაზი?


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებშია ჩართული, ოპოზიცია პარლამენტში იბარებს. ოპოზიცია ასევე მოითხოვს, მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელოს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოსთან კონტრაქტის განახლებისას ანგარიშსწორების ფორმის შეცვლას მოითხოვს. “გაზპრომს” აღარ სურს ტრანზიტის საფასურის სახით საქართველოს გატარებული გაზის ნაწილი დაუტოვოს, რასაც ითვალისწინებს მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. “გაზპრომი” მზადაა საქართველოს ტრანზიტის საფასური ფულით გადაუხადოს, უარის შემთხვევაში რუსული სახელმწიფო კომპანია გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის შეცვლითა და სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ირანიდან მიწოდებით იმუქრება.

“გაზპრომი” გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის შეცვლითა და სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ირანიდან მიწოდებით იმუქრება

საქართველო, 2007 წლიდან მოყოლებული, რუსულ გაზს ძირითადად ტრანზიტის საფასურის სახით იღებს. ლაპარაკია, საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული და რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტზე, თუმცა, როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, კონტრაქტის განახლების წინ რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ პრინციპულად მოითხოვს ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ბოლო მოლაპარაკება მხარეებს შორის 20 იანვარს ვენაში გაიმართა.

„მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ, ქართულ მხარეს, გვინდა მივიღოთ ისევ ის კონტრაქტი, ანუ, ტრანზიტის ნაცვლად, მივიღოთ მოცულობა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებას“, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსულმა სინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია, თუმცა რუსეთს აქვს ტექნიკური საშუალება სომხეთს საკმარისი ბუნებრივი აირი არა საქართველოს გავლით, არამედ ირანიდან მიაწოდოს. კალაძის ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე კითხულობს, თუ რატომ არ აშანტაჟებდა ამავე არგუმენტით „გაზპრომი“ საქართველოს წინა მთავრობას:

უფრო სარწმუნო მიზეზი ისაა, რომ, სამწუხაროდ, მთავრობის ზოგიერთი წევრი და, მათ შორის, კალაძეც დაბნეულია
თორნიკე შარაშენიძე

„წესით, სააკაშვილის მთავრობა უფრო არ უყვარდათ, ვიდრე ეს მთავრობა. რატომ მაშინ არ აშანტაჟებდნენ იმით, რომ ტრანზიტს დაგაკარგვინებთ და ირანიდან მივაწვდით სომხეთს გაზსო? ეს მიკვირს და აქ ვერ ვხედავ ლოგიკას. ორი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ერთი - შეთქმულების თეორია, რომ მთავრობა რაღაცას აფუჭებს შეგნებულად, რაც, პრინციპში, არ მჯერა. მეორე და უფრო სარწმუნო მიზეზი ისაა, რომ, სამწუხაროდ, მთავრობის ზოგიერთი წევრი და, მათ შორის, კალაძეც დაბნეულია. შანტაჟი მათზე აშკარად მოქმედებს და რაღაცას თმობს. იმედია, გამოფხიზლდებიან და არ დათმობენ“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საქართველოს მხარის პოზიცია და არგუმენტები არ მოსწონთ არც ეკონომიკის ექსპერტებს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ლადო პაპავამ საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა კაპიტულანტური და ბუნდოვანი პოზიციის გამო:

„აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას სჭირდება მეტი მობილიზება და ქვეყნის ინტერესების უფრო გამოკვეთილად დაცვა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენ "გაზპრომთან" უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და ეს საკითხი არ დავთმოთ. დათმობა და ტრანზიტისთვის თანხის მიღებაზე დათანხმება საქართველოსთვის წამგებიანია“.

დათმობა და ტრანზიტისთვის თანხის მიღებაზე დათანხმება საქართველოსთვის წამგებიანია
ლადო პაპავა

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძეც ამბობს, რომ ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლით საქართველო იზარალებს. საქმე ისაა, რომ საქართველო სომხეთისთვის ყოველწლიურად ატარებს 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რომლის 10 პროცენტს, ანუ 200 მილიონ კუბურ მეტრს, იტოვებს ტრანზიტის საფასურის სახით, ფულადი ანგარიშსწორების შემთხვევაში კი მოგვიწევს საერთაშორისო მიღებული პრაქტიკის გამოყენება, რომლის მიხედვითაც, ყოველ ათას კილომეტრზე ათასი კუბური მეტრი აირის გატარების საფასურად ორი-სამი დოლარია დადგენილი.

„ეს 200 მილიონი კუბური მეტრი რომ იყიდო, სულ ცოტა, 40 მილიონი დოლარი გჭირდება, ამიტომ ისეთი საფასური უნდა მოვითხოვოთ, რომ საშუალება მოგვეცეს დაახლოებით იმავე მოცულობის, ანუ 200 მილიონ კუბურ მეტრამდე, გაზი ვიყიდოთ. 1000 კილომტრზე 1000 კუბური მეტრის გატარების საფასურად 3 დოლარზეც რომ დაგვთანხმდნენ, იმის გამო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ გაზსადენის ნაწილი მოკლეა, ჯამში, 1000 კუბური მეტრის გატარების საფასური გამოდის მაქსიმუმ 7 დოლარი, ანუ სულ გადაგვიხდიან 14 მილიონ დოლარს, ამ თანხით კი, რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდით 200 მლნ. კუბ. მეტრ გაზს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვურჩევდი მთავრობას, რომ მყარად დადგეს თავის პოზიციაზე და შეეცადოს შეინარჩუნოს ანგარიშსწორების არსებული ფორმა, ანუ ნატურით 10 პროცენტის დატოვება“, უთხრა რადიო თავისუფლებას რევაზ არველაძემ, რომლის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს არ შეუძლია ირანის გაზით სომხეთის მთლიანი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ანუ წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი აირის მიწოდება იმის გამო, რომ, არსებული ტექნიკური მდგომარეობით, 2007 წელს „გაზპრომის“ მიერ აშენებულ 700-მილიმეტრიან გაზსადენს წლის განმავლობაში ირანიდან სომხეთში მხოლოდ 1 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია. „გაზპრომი“ აღნიშნული გაზსადენის გამტარუნარიანობის 2,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას მხოლოდ 2019 წლისთვის შეძლებს. შესაბამისად, ამ დრომდე ის ვერ იტყვის უარს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის გამოყენებაზე, თუმცა, ენერგეტიკოსებისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსები მთავრობასა და ენერგეტიკის მინისტრს არა ტექნიკური ხარვეზების, არამედ ეროვნული ინტერესების ღალატის გამო აკრიტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების უშიშროების საბჭოზე განხილვას მოითხოვს:

„საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც გაიმართება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ იქნეს ეს სერიოზული საფრთხე განეიტრალებული“.

ოპონენტების კრიტიკის პასუხად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია მაქსიმალურად დაიცვას ქვეყნის ინტერესები და რომ „გაზპრომთან“ მიმდინარეობს წმინდა წყლის ტექნიკური მოლაპარაკებები და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG