სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი და შეშფოთება უკავშირდება „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის შესყიდვის პერსპექტივებს საქართველოში. დაუკმაყოფილებელი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მილანში გამართული შეხვედრის კვალდაკვალ: 26 ოქტომბერს იქ ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. რა დეტალები გასაჯაროვდა ამ შეხვედრის შესახებ, რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს და რატომ ჰმართებს მეტი სიფრთხილე საქართველოს?
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორშაბათს „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა უნდა გამართულიყო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იმავე დღეს, დილის 9 საათზე, გამოქვეყნდა. ტექსტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის შეხვედრაზე უნდა განხილულიყო „არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“. იმავე დღეს, საღამოს 18 საათისთვის, სამინისტროს ვებსაიტზე გამოჩნდა ახალი განცხადება, რომელიც ზუსტად იმავე ტექსტს, მაგრამ უკვე წარსულ დროში იმეორებდა და დამატებით აკონკრეტებდა მხოლოდ ერთ დეტალს და, კერძოდ, იმას, რომ შეხვედრა მილანში შედგა.
26 ოქტომბერს ამავე თემაზე განცხადება გამოაქვეყნა ასევე „გაზპრომმაც“ და მასში ვკითხულობთ, რომ კალაძემ და მილერმა გააგრძელეს განხილვა საკითხებისა, რაც გულისხმობს „საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტსა და (საქართველოსთვის რუსეთის გაზის) კომერციულ მიწოდებას“.
დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენად გამონახეს საერთო ენა კახა კალაძემ და ალექსეი მილერმა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ენერგეტიკის მინისტრის კომენტარებს დაასწრეს სხვათა კომენტარებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან და თუკი, მაგალითად, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს მოვუსმენთ, ყველაფერი კარგად არის:
„ეს არის ტრანზიტის გაზი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მომგებიანი და კარგია... და ეს არის რიგი კომერციული ორგანიზაციებისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით შესაძლებლობის დაშვება... საფრთხე არაფრისგან არაფერი არ არის, როგორ გეკადრებათ... ახლა მილში მილიონი კუბ/მეტრი გაივლის თუ ნახევარი მილიონი კუბ/მეტრი, საფრთხეს მე მაგაში ვერ ვხედავ“.
კახა კალაძისა და ალექსეი მილერის ჯერ ბრიუსელში, ხოლო შემდეგ მილანში მოლაპარაკებების ფონზე, სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, შეშფოთებას ვერ მალავს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც ის აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი შეკითხვა იჩენს თავს, როდესაც საქართველოს მთავრობა ოკუპანტ ქვეყანასთან, საოცრად არასანდო რუსეთთან, საერთო ენის გამონახვას ცდლობს:
„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ გავხდეთ დამოკიდებული ენერგომატარებლების კუთხით რუსეთზე. საჭიროა მაქსიმალური დივერსიფიკაცია ამ კუთხით. ფრთხილად უნდა ვიყოთ ქვეყანასთან, რომელიც არათუ მხოლოდ პოლიტიკური მიზნით იყენებს ასეთ ბერკეტებს, არამედ პრაქტიკულად ყოველ კვირას ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს და, მაგალითად, ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს“.
კომერციული გაზის სეგმენტის „გაზპრომისთვის“ გადაცემის მცდელობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მისამართით გამოვლენილ უსამართლობად მიიჩნევს "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას,„სოკარისთვის“ ზარალიანია ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, კომპანია კი მაინც არ ამბობს უარს სოციალურ ვალდებულებებზე და ამ ზარალის კომპენსირებას ის სწორედკომერციული სეგმენტის მეშვეობით ცდილობს. საქართველოს ხელისუფლება კი მას დღეს ამ შესაძლებლობის ჩამორთმევას უპირებს. გია ხუხაშვილი შიშობს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის სახიფათო გეგმები იმალება:
„ის რაოდენობები, რაზეც შესაძლებელია საუბარი იყოს ამ შეხვედრებზე, „გაზპრომისთვის“ საერთოდ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი „გაზპრომის“ მხრიდან ისეთი შემოსავლების მიღებაზე, რომელსაც „გაზპრომის“ ტოპმენეჯმენტი ერთ სადილში ხარჯავს. მაგრამ მათთვის საინტერესოა გარკვეული ინტრიგის შექმნა, გარკვეული გაუგებრობების კასკადის შექმნა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის... თუ რუსეთმა ეს მოახერხა, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის ეს იქნება გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვის ტოლფასი“.
გია ხუხაშვილის განმარტებით, საქართველოს უმთავრეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანზიტო ფუნქცია და, კერძოდ, ენერგომატარებლების ევროპისკენ გატარება წარმოადგენს. საქმე ის არის, რომ ევროკავშირი ბოლო პერიოდში სულ უფრო სერიოზულად განიხილავს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი პროექტის – „ტრანსკასპიური გაზსადენის“ - განხორციელების იდეას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროპას მიიღოს თურქმენული ბუნებრივი აირი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ევროკავშირი ამ გზით თურქმენული გაზის მიღებას უკვე 2019 წლისთვის გეგმავს. ამ პროექტის აქტიურ და მნიშვნელოვან მონაწილედ განიხილება საქართველო, რომელიც, აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად, მნიშვნელოვან სატრანზიტო სარგებელს მიიღებს.