Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მნიშვნელობა საქართველოსთვის


იანეშ კოპაჩი
იანეშ კოპაჩი

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზნები ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრების შექმნა და ევროკავშირის ბაზრებთან შერწყმა, ინვესტიციების მოზიდვა და ენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და გარემოს გაუმჯობესებაა. ეს გაერთიანება 2005 წელს შეიქმნა სამხრეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების გაერთიანების მიზნით. საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2014 წელს იგეგმებოდა, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. გიორგი გოგუა ესაუბრა გაერთიანების სამდივნოს უფროსს იანეშ კოპაჩს იმის შესახებ, თუ რას მოუტანს საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება და რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები.

რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა?

იანეშ კოპაჩი: ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას ბევრი სარგებელი მოაქვს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სარგებელიც არის. ვგულისხმობ ცოდნას, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში.

და, რა თქმა უნდა, ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს.

ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუძლია საქართველოს შესთავაზოს ევროპის გამოცდილება და ცოდნა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ევროპის სამართლებრივი ჩარჩო ჩამოყალიბებული და დაფუძნებულია მრავალწლიან შეცდომებზე. როდესაც ელექტროენერგიის ან გაზის ბაზრის კონცეფციაზე მუშაობ, ძალიან ადვილია შეცდომა დაუშვა. ამიტომაც, ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუძლია საქართველოს შესთავაზოს ევროპის გამოცდილება და ცოდნა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

სწორი გადაწყვეტილებები ხალხისთვისაა - ისინი მომხმარებლები არიან, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ჩარჩო კი მომხმარებელთა უფლებებზეა დაფუძნებული - იმისათვის, რომ სწორად ავირჩიოთ მომწოდებელი, არასწორად არ გამოვიყენოთ ბუნებრივი მონოპოლიები, რაც ჩვეულებრივი რამაა ენერგეტიკის სფეროში (ელექტროენერგიის ორი ხაზი ვერ გექნება, მაგრამ უნდა გქონდეს ძლიერი რეგულატორი, რომელიც გონივრულ ტარიფებს აწესებს), და შევქმნათ ენერგეტიკის სისტემა, რომელიც მიწოდების უსაფრთხოებას და მდგრადობას უზრუნველყოფს.

ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის აღიარებული იყო ერთგვარ „მოსაცდელ ოთახად“ ევროკავშირისათვის, მაგრამ ის ამაზე მეტია. მას მოაქვს ცვლილებები სამართლებრივ სისტემაში და შემოაქვს ევროპული ღირებულებები, სულ მცირე, ენერგეტიკის სფეროში.

რადიო თავისუფლება: რა შეუძლია საქართველოს შესთავაზოს ევროპას ამ კუთხით? ქვეყანა არცთუ მდიდარია ენერგორესურსებით.

იანეშ კოპაჩი: ევროკავშირს საქართველოსთან ფიზიკური კონტაქტი არა აქვს, მაგრამ გვჯერა, საქართველოს, როგორც სტაბილურ და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოებზე დაფუძნებულ ქვეყანას, შეუძლია მომავალშიც სტაბილური იყოს. ეს კი აუცილებელია კავკასიის რეგიონიდან ევროპის ბაზრებზე გაზის უსაფრთხო ტრანზიტისთვის.

მეტიც, ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მისი სამეზობლო სივრცე სტაბილური და ეფექტური იყოს, ამიტომაც გვინდა ასე ძალიან, ამ ოჯახში საქართველოც ჩავრთოთ.

რადიო თავისუფლება: გეგმის მიხედვით, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2014 წელს უნდა გამხდარიყო. რატომ გადაიდო ეს პროცესი და რას უნდა ველოდოთ 2016 წლის ბოლომდე?

იანეშ კოპაჩი: სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ გაჭიანურდა პროცესი. მოლაპარაკების დაწყების დიდი ინტერესი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ყველა საჭირო შეთანხმება შეღავათებისა და გარდამავალი პროცესების შესახებ მიღწეული იყო. ასე რომ, მე ვერ ვნახე შინაარსთან დაკავშირებული რაიმე წინაღობა.

აქ რაღაც სხვა მიზეზი უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი, რა.

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ცოტა ხნის წინ წავიკითხე მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის, განცხადებები, რომ საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წლის სექტემბრამდე შევა. მე მჯერა, რომ ეს არის საქართველოს ნამდვილი სწრაფვა, რადგანაც განცხადება ასეთ მაღალ დონეზე გაკეთდა.

რადიო თავისუფლება: შეუძლია თუ არა რუსეთს გავლენა იქონიოს ამ პროცესზე? როგორც ვიცით, ის დიდ ენერგეტიკულ რესურსს ფლობს. ის ასევე ჩაერია პროცესში, როდესაც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას უკრაინა და მოლდოვა შეუერთდნენ.

ბევრი მოთამაშეა, რომლებიც შეიძლება არცთუ კმაყოფილები არიან ჩვენი რეფორმებით, რომლებსაც ბაზრის ლიბერალიზაციისკენ მივყავართ.

იანეშ კოპაჩი: შესაძლებელია. თავიდან, როდესაც უკრაინა და მოლდავეთი შეუერთდნენ ენერგეტიკულ გაერთიანებას, პროტესტი არავის გამოუთქვამს, მაგრამ მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ოფიციალურად მოსთხოვა უკრაინას და მოლდავეთს დაეტოვებინათ გაერთიანება, იმისათვის რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებულიყვნენ, რადგანაც ეს ორი სამართლებრივი სისტემა ერთმანეთს უპირისპირდება.

მაგრამ აქ, რუსეთის გარდა, სხვა ბევრი მოთამაშეა, რომლებიც შეიძლება არცთუ კმაყოფილები არიან ჩვენი რეფორმებით, რომლებსაც ბაზრის ლიბერალიზაციისკენ მივყავართ.

რადიო თავისუფლება: ვის გულისხმობთ?

იანეშ კოპაჩი: ყველას, ვისაც კი აქვს რამე წილი მონოპოლიაში და უნდა თავისი, ასე ვთქვათ, ეზო ჩაკეტილი ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია.

რადიო თავისუფლება: ბოლო დროს მედიასა და ხელისუფლებაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყების შესხებ. შეიძლება თუ არა „გაზპრომთან“ კავშირმა ხელი შეუშალოს საქართველოს გაერთიანებას ევროპის ენერგეტიკულ კავშირში?

იანეშ კოპაჩი: არა, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. საქართველოს სჭირდება გაზის კონკურენტუნარიანი ბაზარი. ის მხოლოდ ერთ მომწოდებელს ვერ დაეყრდნობა. ეს არასდროსაა კარგი, მაშინაც კი, თუ მეორე მომწოდებელი რუსეთია. ვის ენაღვლება? გაზი გაზია, ეს არ არის იდეოლოგია ან პოლიტიკური სისტემა. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში გაზის ერთადერთი შემომტანია „გაზპრომი“. ისინი კი, რა თქმა უნდა, ცდილობენ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს, რადგან თუ არსებობს კონკურენცია, ფასები მცირდება, მონოპოლიის პირობებში კი, პირიქით. ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

რადიო თავისუფლება: ხომ არ არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გაფართოების მთავარი მიზეზი ის, რომ ევროპა ნაკლებად იყოს რუსულ გაზზე დამოკიდებული?

იანეშ კოპაჩი: ვერ ვიტყოდი. ეს ორი რამ არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ევროკავშირს უნდა, რუსულ გაზზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული, ამიტომაც ორი კვირის წინ მან მიიღო ახალი სტრატეგია თხევადი ბუნებრივი გაზის შესახებ. ევროკავშირი ცდილობს, მეტი გაზი შემოიტანოს ხმელთაშუა ზღვის მიღმა ქვეყნებიდან - ყატარიდან, ნიგერიიდან და სხვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ არსებობს კონკურენცია, ეს ნიშნავს, „გაზპრომი“ ძალიან კონკურენტული და ნეიტრალური მოთამაშე გახდება. ხოლო თუ მონოპოლიაა, რა თქმა უნდა, ისინი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ და ფასებს ასწევენ.

ენერგეტიკულ გაერთიანებას საზღვრები აქვს. ევროკავშირს ამ გაერთიანებით უნდა გააფართოოს სამართლებრივი ჩარჩოები ბელორუსამდე, აზერბაიჯანამდე, საქართველომდე, სომხეთამდე და თურქეთამდე. სწორედ ეს არის ენერგეტიკული გაერთიანების საბოლოო საზღვრები.

XS
SM
MD
LG