Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია


ახალი წლის დადგომასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ქვეყნის გაზმომარაგების დივერსიფიცირების თემა. გასულ წელს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა „გაზპრომთან“ დაწყებულ მოლაპარაკებებს. იყო საუბარი იმაზე, რომ მთავრობა მომწოდებელთა მრავალფეროვნების მიღწევას ცდილობს. ითქვა ირანული გაზის იმპორტის პერსპექტივაზეც.

წელი სწორედ ირანულ გაზზე განცხადებებით დაიწყო: ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისი განმარტებით, "ირანიდან რომ შემოვიდეს გაზი, უნდა გაიაროს სომხეთის ტერიტორია და 700-მილიმეტრიანი მილსადენი. ამ მილსადენს ფლობს "გაზპრომის" შვილობილი კომპანია და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურაც მათია. თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის გადახდა მოგვიწევს "გაზპრომისთვის". საქართველოს საშუალება აქვს, ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც იქნება მიზანშეწონილი, გონივრული ჩვენი ეკონომიკისთვის, რაც არ დააზიანებს ურთიერთობებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებთან, ამ სამეულიდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება, არ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის დამატებითი გაზის შეძენის მოთხოვნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, გარდაბნის თბოელექტროსადგურმა და მოსახლეობაში გაზრდილმა მოთხოვნამ.

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს ხელისუფლება სწორედ ე. წ. კომერციული გაზით, რომელსაც, დიდი ალბათობით, „გაზპრომისგან“ შეიძენს.

პარალელურად, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარი” აცხადებს, რომ საქართველოში გაზზე მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებს და მზად არის სრულად უზრუნველყოს ეს მოთხოვნა. ამის შესახებ ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო ”ტრენდთან” საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება ”სოკარის” მიერ აღებულ ვალდებულებაზე არ აისახება.

"სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შეფასებით, საქართველოში გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს. ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8-10 %-ით იზრდება და ”სოკარი” ამ ზრდას ითვალისწინებს. თუ კომერციულ ბაზარზე გაზის ნაკლებობა შეიქმნება, აზერბაიჯანს ამ მოცულობის მიწოდება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ხელისუფლება ამ შემოთავაზებას არ იღებს, ექსპერტები აბობენ, რომ როგორც არ უნდა გაზარდოს „გაზპრომმა“ კომერციული გაზის მიწოდების მოცულობა, მაინც ვერ შეძლებს "სოკარისთვის" დომინანტი პოზიციების ჩამორთმევას. საუბარია იმ გაზზე, რომელიც საქართველოს ტრანზიტის საფასურად ეკუთვნის. 2018 წელს, როცა 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანას ექნება სატრანზიტო გაზის მნიშვნელოვანი მარაგი - ტრანზიტის 5 % არის 300 მილიონი კუბური მეტრი, რაც უკვე საკმარისია იმ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ჩნდება ქვეყანაშითბოელექტროსადგურების გამო. 2019 წელს კი, როცა უკვე დამატებით 10 მილიარდი გაივლის, 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი დარჩება საქართველოსთვის. აქედან ნაჩუქარი მხოლოდ ტრანზიტისთვის 5 % იქნება (იმ გაზის ნახევარი, რომელსაც დღეს საქართველო მოიხმარს).

XS
SM
MD
LG