Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუვიწყარი ბრძოლის დავიწყებული გმირები


16 მარტს საქართველოში სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების მე-19 წლისთავი გაიხსენეს. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ისე ჩანდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ახსოვს თარიღი და პატივს მიაგებს აფხაზეთის ომის ვეტერანებს, თუმცა ეს ყველაფერი მორიგი "ლამაზი ტყუილია". სინამდვილეში კი 19 წლის წინანდელი სახელოვანი ბრძოლის გმირები სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავს საზოგადოებისაგან გარიყულად მიიჩნევენ.

უცნობი ბატალიონის გმირობა

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია თავის თანამებრძოლებთან ერთად ყოველი წლის 16 მარტს მიდის თბილისის ცენტრში, ვარაზის ხევთან მდებარე მემორიალთან და მაშინ, როცა ტელეკამერებისა და ფოტორეპორტიორების მთელი ყურადღება კეწკეწ პიჯაკებში გამოწყობილი ენამჭევრი ქართველი პოლიტიკოსებისკენაა მიპყრობილი, ვეტერანი ოფიცერი მდუმარედ მიაგებს პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპულ თანამებრძოლებს.

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია 1992-1993 წლებში სოხუმის 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონის მეთაური იყო. 1993 წლის 15 მარტს, შუაღამისას, გუმისთის სანაპიროზე გამავალ თავდაცვით ხაზზე განლაგებულმა თემურ ზარანდიას ბატალიონმა 12 ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ბოლო ტყვიამდე იომა და ძირითადი ძალების მისვლამდე რამდენიმე საათით მოახერხა აფხაზური ფორმირებებისა და მათი მომხრე დაქირავებული მებრძოლების მიერ სოხუმზე განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება.

„მეექვსე ბატალიონს გუმისთის სანაპიროზე ეკავა მიმართულება, რომელიც საავტომობილო გზას და რკინიგზას იცავდა. მოწინააღმდეგემ, რომელმაც თავდაპირველად ორსაათიანი საარტილერიო და საავიაციო მომზადება დაასრულა, შემდეგ გამოუშვა სადაზვერვო ასეული. დაახლოებით ორასი კაცი იქნებოდა, რომელიც გვიტევდა. ამ ორასი კაციდან ადგილზე მოკლულების სახით დარჩა 27 კაცი.“

ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია მხოლოდ 1993 წლის 15 მარტის შუაღამის ბრძოლის ერთ ეპიზოდს იხსენებს. სადაზვერვო ჯგუფის იერიშის გარდა, აფხაზებისა და კონფედერატების ძალები უტევდნენ მეორე მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა ქართული განლაგების გარღვევას და მე-6 ბატალიონის ალყაში მოქცევას. რუსეთის ავიაციის მოქმედების პირობებში, ქართველ არტილერისტებს გაუჭირდათ მოქმედება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად. აგუძერაში მყოფმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ გუმისთის ხაზზე მყოფი 23-ე ბრიგადის დასახმარებლად სამი ბატალიონი გაგზავნა. აფხაზური ქვედანაყოფები, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია იხსენებს, თავგანწირვით უტევდნენ საქართველოს პოზიციებს. მე-6 ბატალიონი ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „შავნაბადას“ დახმარებამ ვითარება განმუხტა.

„მარჯვენა ფლანგზე მეორე ბატალიონმა ვერ შეძლო მტრის შეკავება, აფხაზებმა გაარღვიეს [თავდაცვის ხაზი] და კიდევ კარგი, რომ „შავნაბადას“ ბატალიონმა, კობა კობალაძის მეთაურობით, სულზე მოგვისწრო, თორემ, ალბათ, ალყაში მოექცეოდა მე-6 ბატალიონი.“

აფხაზი მებრძოლების უარი

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიება საბოლოოდ 16 მარტს დასრულდა. საქართველოს არტილერიისა და ეროვნული გვარდიის ნაწილების დახმარების შედეგად, აფხაზურმა და დაქირავებულმა ფორმირებებმა უკან დახევა დაიწყეს. მალე, ვინც ალყის შემორტყმას ცდილობდა, თავად აღმოჩნდა ალყაში. თუმცა, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია იხსენებს, აფხაზებმა სოხუმის დამცველების შეთავაზებაზე უარი თქვეს:

„იყო მეორე გარღვევა, რომლის ლოკალიზება მოვახდინეთ. აფხაზები - თუ მათი დაქირავებულები - ჩვენს სანგრებში ჩასხდნენ. ჩვენ ვუთხარით, გაგიხსნით დერეფანს და გაგიშვებთ, თუ გახვალთო. არა, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ აქ უნდა მოვკვდეთ, ეს ჩვენი მიწა-წყალიაო, - უარი თქვეს. მერე იძულებული გავხდით, რომ გაგვენადგურებინა ისინი.“

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის წინ, 15-16 მარტს, სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი ყველაზე დიდი დანაკარგი 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონს ჰქონდა. ამ ქვედანაყოფის მწყობრში დარჩენილი ჯარისკაცები, თავიანთი მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას ხელმძღვანელობით, ყოველი წლის 16 მარტს მიდიან ხსოვნის მემორიალთან, მერე კი საკუთარ წრეში, მოკრძალებულ სუფრაზე იგონებენ დაღუპულ თანამებრძოლებს.

რას ნიშნავს „შევარდნაძის მეომრები“?

„ჩვენი მხრიდან დანაკარგი ცხრა კაცი იყო, ორი ტანკში დაიწვა - პიტავა და ზარანდია. ერთმანეთი არ მიატოვეს ტანკში და შიგნით, ტანკში ჩაიწვნენ.“
თანამებრძოლები განსაკუთრებული სიამაყით იხსენებენ ბატალიონის კიდევე ერთ წევრს, როინ გირგვლიანს, რომელმაც სნაიპერის ცეცხლს გამოარიდა დაჭრილი თანამებრძოლი, თუმცა თავად დაიღუპა.

„იყო გმირი ბიჭი, გირგვლიანი როინი, რომელმაც ზურგზე მოიკიდა დაჭრილი თანამებრძოლი. სნაიპერმა ისიც მოკლა და ესეც დაჭრა, მაგრამ გირგვლიანმა მოასწრო ამ ცოცხალმკვდარი კაცის გამოყვანა და თქვა, ბიჭებო, მეც დავიჭერიო.“
ცხადია, მე-6 ბატალიონის გარდა, 19 წლის წინანდელ სამხედრო ოპერაციაში სხვა ქართული დანაყოფებიც მონაწილეობდნენ და, ვიცე-პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას მსგავსად, სხვა მეთაურებსაც ბევრი რამე აქვთ გასახსენებელი. მაგრამ რაც დრო გადის, ეს ხსოვნაც ძალაუნებურად დავიწყებას ეძლევა. საქართველოს შემდგომი სამხედრო წარუმატებლობების გამო, ახლა ცოტას თუ სიამოვნებს 1993 წლის 15-16 მარტის წარმატებული საბრძოლო ოპერაციის გახსენება. თავად იმ ბრძოლების მონაწილეთა უდიდესი ნაწილი კი, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა და ახლა საკუთარი უფლებების დასაცავად საკუთარ ქვეყანაში არსებული სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. „გვაქვს მხოლოდ ომის ვეტერანის სტატუსი, მაგრამ არც პენსია გვაქვს და არც ჯანმრთელობის დაზღვევა. გვეუბნებიან, თქვენ შევარდნაძის ჯარისკაცები იყავით და წადით, შევარდნაძემ მოგხედეთო“, - მწარე სიცილით გვეუბნება ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია, მეთაური ერთ-ერთი იმ ქვედანაყოფისა, რომელმაც 19 წლის წინ სოხუმი დაცემას გადაარჩინა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG